„რიგით პროკურორს, შოთაძეს არავინ არაფერს ეკითხებოდა, მაგრამ დღეს ხომ რეალობაში მთავარი პროკურორი შოთაძეა...“

„რიგით პროკურორს, შოთაძეს არავინ არაფერს ეკითხებოდა, მაგრამ დღეს ხომ რეალობაში მთავარი პროკურორი შოთაძეა...“

კომპანია „თელასის“ მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებული, გია გვიჩიანი 2014 წლის დეკემბერში პროკურატურის გენერალურ ინპექციაში დაიკითხა, სადაც  დეტალურად მოჰყვა მისი დაკავების შესახებ. როგორც გვიჩიანი ამბობს, თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, მათ შეუძლიათ თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავაც დაკითხონ, რადგანაც გიგი უგულავამ მონაწილეობა მიიღო მისი დაკავების ოპერატიულ ღონისძიებაში.

ვის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და რატომ ითხოვს საქმის საჯარო განხილვას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულ, გია გვიჩიანთან.

რატომ ითხოვთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსგან, უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის - პაატა სილაგაძის, მაია ოშხარელის და გიორგი შავლიაშვილის მიმართ, დისციპლინური დევნის დაწყებას?

- პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ რა წერია ამ მოსამართლეების მიერ გამოტანილ განაჩენში. განაჩენის მიხედვით, მართალია, დაკავებულების თითის ანაბეჭდი და დნმ არ ემთხვევა შემთხვევის ადგილიდან აღებულ თითის ანაბეჭთდა დნმ-ს, მაგრამ ამით არ დგინდება პირის უდანაშაულობაო - მაშინ, როდესაც თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში, სწორედ თითის ანაბეჭდით და დნმ-ით დგინდება პირი დამნაშავეა თუ უდანაშაულოა. მეტიც, განაჩენში წერია, რომ მტკიცებულება არის აღიარებითი ჩვენება, სადაც უამრავი წინააღმდეგობაა, მაგრამ ეს წინააღმდეგობები არის უმნიშვნელო.

არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნის კანონმდებლობით ერთი წინააღმდეგობაც რომ იყოს მოწმის ჩვენებაში, ეს დაუშვებელი მტკიცებულებაა. ფაქტობრივად, ჩემს განაჩენში წერია, რომ არ დაემთხვა ნივთიერი მტკიცებულება, აღიარებითი ჩვენება არის ტყუილი და ამის მიუხედავად, მაინც გამასამართლეს და სამუდამო პატიმრობა 15 წლით შემიცვალეს. საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპისკენ კი არ მიისწრაფვის, არამედ ჩარჩენილია სტალინის დროში, როდესაც პროკურორ ვიშინსკის მსგავსად მიაჩნიათ, რომ აღიარება არის მტკიცებულების დედოფალი.

ის მტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ წარადგინა სასამართლოზე, არაა საკმარისი თქვენს გასასამართლებლად?

– არავითარი მტკიცებულება პროკურატურას არ აქვს. საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, გარდა აღიარებითი ჩვენებებისა, რომელიც წინააღმდეგობრივია და რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელი მტკიცებულებაა. გარდა ამისა, თვითონ ამ ადამიანებმა შეცვალეს ჩვენება. იგივე პაპაჩაშვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომ რაც ვთქვი ყველაფერი ტყუილიაო.

ამის მიუხედავად რატომ მოითხოვა პროკურატურამ სასჯელის შემცირება და არა ბრალის გაუქმება?

– ამის მიზეზი არის ის, რომ საქართველოში არ არსებობს არც სასამართლო და არც პროკურატურა. რიგითი პროკურორი და რიგითი მოსამართლე ვერც ერთ საქმეზე ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. პირადაპირ გეტყვით, რომ ზაფხულში სასამართლოს მიმდინარეობისას, პროკურორი ნათია მეზვრიშვილი მოვიდა და გვითხრა, რომ მე არ გებრძვითო. როცა, ასეთ რაღაცას გეუბნება პროკურორი, რაზეა საერთოდ საუბარი? 10 წელია მე და ნიკა ჩემია უდანაშაულოდ ვზივართ ციხეში.

რამდენადაც ვიცი თქვენს საქმეზე გამოძიება ხელახლა დაიწყო პროკურატურამ. ბატონო გია თუ დაგკითხათ პროკურატურამ?

– დაგვკითხა პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, პაპაჩაშვილიც დაიკითხა, ვიღაცა სოდ–ის თანამშრომელიც. პროკურორებმა მშვენივრად იციან, რომ საქმე ტყუილზეა აგებული, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არის ნული. ველოდებით პროკურატურას თუ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ. მოთმინების ყველა ზღვარს გადავცდით უკვე.

გაქვთ იმის მოლოდინი, რომ პროკურატურა ბრალს მოგიხსნით და იტყვის, რომ საქმე იყო გაყალბებული, დაიმალა მტკიცებულებები და ..?

– ერთხელ უკვე აღიარა პროკურატურამ, რომ თავის დროზე დამალა მტკიცებულება, მაგრამ დღეს არ ვიცი რას იზამენ. როგორც გითხრით ველოდები რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა. ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე ვარ დაპატიმრებული. იმ ერთმა ადამიანმაც შეცვალა ჩვენება და ეს იცის პროკურატურამ. პაპაჩაშვილს რომც არ შეეცვალა ჩვენება, თავიდან ბოლომდე აბსურდზეა აგებული ეს საქმე. არ მესმის სამი თვე რაში სჭირდება ამის გადამოწმებას, როდესაც ძალიან მარტივად, ორ დღეშიც შეძლებენ გადამოწმებას.

ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ იმიტომ ჭიანურდება ეს საქმე, რომ ამ საქმეში ფიგურირებს მთავარი პრკურორის პირველი მოადგილე, ირაკლი შოთაძე...

– სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ჭიანურდება საქმე - ჩვენს საქემეზე გამოძიება შოთაძის ინიციატივით დაიწყო გენერალურ ინსპექციაში. როგორც გითხარით, სამი თვე გავიდა, მაშინ როდესაც რეალურად ორი კვირაც არ სჭირდება ამ საქმის გამოძიებას. ბუნებრივია, ეს ეჭვები ჩნდება, რომ მთავარი პროკურატურა ვერ იღებს გადაწყვეტილებას ჩვენი გამართლების შესახებ. თუ ბრალდებას მოგვიხსნიან, მაშინ, უკვე, დგება ბევრი მაღალჩინოსანის პასუხისმგებლობის საკითხი, ამიტომ, ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას.

მეტსაც გეტყვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასული წლის აგვისტოში გავასაჩივრეთ, თვეების განმავლობაში უზენაესი სასამართლო საჩივარს არ იხილავდა. 25 მარტს კიდევ ერთხელ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს აღნიშნული საქმის დიდი პალატის პირობებში განხილვის მოთხოვნით და განცხადებას დავურთეთ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების ხელმოწერები. განცხადების შეტანის მეორე დღეს ჩვენ მივიღეთ კონვერტში ჩადებული გადაწყვეტილება, სადაც მოსამართლეების პაატა სილაგაძის, მაია ოშხარელისა და გიორგი შავლიაშვილის განაჩენით ძალაში რჩება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება 13 მარტით თარიღდება. ჩვენ მივიჩნევთ რომ თარიღი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არის გაყალბებული.

რატომ თვლით, რომ გადაწყვეტილება გაყალბებულია?

- იქიდან გამომდინარე, რომ ფოსტას 13 მარტიდან 26 მარტამდე დრო არ დასჭირდებოდა იმისათვის, რომ კონვერტი ადვოკატამდე მოეტანა. გადაწყვეტილება დასახელებულმა მოსამართლეებმა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც ჩვენ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს და მოვითხოვეთ, რომ საქმე განეხილა დიდ პალატას. მოგეხსენებათ, რომ დიდ პალატაში 9 მოსამართლეა და პროცესს თვითონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ჩემს შემთხვევაში საქმე უნდა განეხილა ნინო გვენეტაძეს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. სასწრაფოდ, ძველი ნიშნით შეადგინეს განაჩენი ამ ბატონებმა - შავლიაშილმა, სილაგაძემ და ქალბატონმა ოშხარელმა.

რა ინტერესი ჰქონდა თქვენს მიერ დასახელებულ მოსამართლეებს, რომ გადაწყვეტილება გაეყალბებინათ?

- ამ სამიდან ერთ-ერთი მოსამართლე, გიორგი შავლიაშვილი იმ დროს, როდესაც უვადო პატიმრობა მომისაჯეს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო და მაშინდელი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა. იმ გადაწყვეტილებით კი, რომელიც ახლა მიიღო, შავლიაშვილს სურს, თავი გადაირჩინოს. სწორედ ამიტომ სასწრაფო წესით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის მისვლამდე მიიღეს ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება. როცა დადგება მოსამართლე ნინო სანდოძეს პასუხისმგებლობის საკითხი, ის აუცილებლად დაასახელებს სწორედ გიორგი შავლიაშვილს, რომელმაც აიძულა სამუდამო პატიმრობა მოესაჯათ ჩემთვის.

რა იძულებაზე საუბრობთ?

- სანდოძემ როდესაც გამოიკვლია ეს საქმე და გაარკვია, რომ უდანაშაულოები ვიყავით, ბოლო ორი დღე, პირდაპირი მნიშვნელობით, გიჟის გამომეტყველება ჰქონდა, სწორედ ბოლო ორი დღის განმავლობაში უთხრა მას შავლიაშვილმა, რომ სამუდამო პატიმრობა მოესაჯა ჩვენთვის. ნინო სანდოძემ იცოდა, რომ უდანაშაულო ადამიანებს სამუდამო პატიმრობას გვისჯიდა. მარტივი არაა უდანაშაულო ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯო. მით უმეტეს, მაშინ ნინო სანდოძე დაახლოებით 27 წლის მოსამართლე იყო, ახალი დაწყებული ჰქონდა სამოსამართლო კარიერა.

დღესაც თვლით, რომ თქვენი დაკავება სანდრო გირგვლიანის საქმის გადასაფარავად მოხდა?

- რასაკვირველია, დამაკავეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არასწორად გამოძიების გადასაფარავად. ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის გადაწყვეტილებით დამაკავა სოდ-მა, დაკავებას ხელმძღვანელობდა ირაკლი კოდუა.

2014 წლის 26-29 დეკემებერს დავიკითხე პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში, დეტალურად მოვყევი ჩემი დაკავების შესახებ და თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, მათ შეუძლიათ თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავაც დაკითხონ, რადგანაც გიგი უგულავამ მონაწილეობა მიიღო ჩემი დაკავების ოპერატიულ ღონისძიებაში.

ერთ მხარეს ხართ თქვენ და ნიკა ჩემია, რომლებიც ამტკიცებთ, რომ ხართ უდანაშაულოები, მაგრამ მეორეს მხარეს არის მოკლული ნიკა ლომინაძის ოჯახი. მოგეხსენებათ, რომ მოკლულის მამა თქვენ გდებთ ბრალს მკვლეობაში. რას იტყვით?

- მზად ვარ დაზარალებულის, პროკურატურის, მოწმეების და ჩემი ადვოკატებს თანდასწრებით, საჯაროდ გავარჩიოთ ეს საქმე. ჩვენ უდანაშაულონი ვართ და დასამალი არაფერი არ გვაქვს. არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომელიც ჩვენს უდანაშაულობას ადასტურებს და როგორც გითხარით, თვითონ პროკურორმა აღიარა, რომ მე არაფერ შუაში არ ვარო.

არ ჰკითხეთ პროკურორს მაშინ ვინ იყო შუაში და ამის მიუხედავად, რატომ ითხოვდა პატიმრობას?

- უკვე გასაგები იყო რაც ხდებოდა. ვერც ერთი რიგითი პროკურორი გადაწყვეტილებას ვერ იღებს. არ იცით, რომ ყველა ზემდგომის დავალებას ასრულებს? სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვერც რიგითი პროკურორი და ვერც რიგითი მოსამართლე გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ასეთ მახინჯ ქვეყანაში ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, სააკაშვილის შექმნილი მახინჯი სახელმწიფო შეინარჩუნა ბიძინა ივანიშვილმა.

ციხიდან დანახული საქართველოც ასე გამოიყურება, რომ სააკაშვილის რეჟიმია შენარჩუნებული?

- დღეს სააკაშვილის რეჟიმი მთლიანად არის შენარჩუნებული. დააკვირდით, რომელი პროკურორი და მოსამართლე შეცვალეს? - არც ერთი, მაშინ, როდესაც გამგეობებში და მერიაში რიგითი თანამშრომლები გაყარეს. როგორ ფიქრობთ რატომ მოხდა ასე?

რატომ?

- იმიტომ, რომ ეს მოსამართლეები და პროკურორები არიან მონები, შემსრულებლები. მათ მაგივრად თავისუფალი ადამიანების მიღება არის სახიფათო, რადგან თავისუფალი ადამიანები დავალებას არ შეასრულებენ ისე, როგორც ამას მონები შეასრულებენ.

ამის მიუხედავად, თქვენ გაქვთ მოლოდი, რომ თქვენს საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება?

- მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, მე ვაგრძელებ ბრძოლას. მეგონა, რომ არჩევნების შემდეგ ერთ თვეში, გარეთ გავიდოდი, ისევ აქ ვარ ციხეში და არც არანაირი პერსპექტივა არაა ჩემი ციხიდან გასვლის და გამართლების. არ გავჩერდები, ეს ბრძოლა გაგრძელდება და აუცილებლად იქნება შედეგები. ვერ მოხდება ქვეყანაში ამ ჯალათური ვერტიკალის შენარჩუნება, ეს გამორიცხულია.

კანონით ერთ წელიწადში უდო გეკუთვნით, როგორ ფიქრობთ, სწორედ უდოს ხომ არ ელოდება პროკურატურა, რომელიც ამ შემთხვევაში დაინტერესებული მხარეა. ძალიან მაღალი თანამდებობის პირზე, პირველ მოადგილეზეა საუბარი...

- რასაც ვუყურებ, სამწუხაროდ არც უდო აძლევენ არავის, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის საქართველოშიც კი ავტომატურად აძლევდნენ ადამიანებს უდოს. ამ შემთხვევაში ჯალათური სისტემაა შენარჩუნეული, როცა გადაწყვეტილებას ვერ იღებს ვერავინ ქვეყანაში, ეს არის მთელი უბედურება. მე არ მაქვს უდოს იმედი, მე მაქვს ბრძოლის იმედი და ამით მივიღებ შედეგს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ პოლიტიპატიმრებზე, უკანონოდ დაპატიმრებულებზე, მაგრამ თქვენს საქმეზე ხელისუფლება არ საუბრობს. როგორ ფიქრობთ, რატომ არ საუბრობენ თქვენს საქმეზე, იმიტომ ხომ არა, რომ თქვენ ძალიან მძიმე მუხლით ხართ გასამართლებული?

- როდესაც ხელისუფლება არაფრის გამკეთებელი არ არის, იმ ხელისუფლებისგან გული არ უნდა დაგწყდეს. არაფერს არ აკეთებენ. ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს ხელისუფლება ქვეყანაში, დამოკიდებული არიან ვიღაცა ერთ ადამიანზე, რომელიც თუ უბრძანებს, მხოლოდ მაშინ მოქმედებენ.

თქვენ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას?

- ბუნებრივია. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ვერც ერთი რიგითი თანამშრომელი ვერ იღებს გადაწყვეტილებას თავის საქმეზე. როდესაც ადამიანი თავის საქმეზე გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში მას არა აქვს სამუშაო.

თუმცა, შეგახსენებთ, რომ თქვენი საქმის გამო, ირაკლი შოთაძე ვერ გახდა მთავარი პროკურორი...

- გასაგებია, მაგრამ... როგორც რიგით პროკურორს, შოთაძეს არავინ არაფერს ეკითხებოდა, მაგრამ დღეს ხომ რეალობაში მთავარი პროკურორი შოთაძეა...