მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე ინგლისი მორაგბეთა რიგით მერვე მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლებს. ამ შეჯიბრში ქართველი „ბორჯღალოსნებიც“ მიიღებენ მონაწილეობას. ალბათ დამეთანხმებით რომ თანამემამულე მორაგბეები თითოეული ქართველის დიდ პატივისცემას იმსახურებენ. ამ ბიჭებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს, მსოფლიო რაგბის მარაქაში ერთ-ერთი საპატიო ადგილი მოიპოვეს და საქართველოს სახელი მთელ დუნიაზე გაიტანეს.
დღეს კვირაა და მორიგი სპორტული მოგონებები უნდა შემოგთავაზოთ. რასაკვირველია მიხვდით რომ დღევანდელი წერილის მთავარი გმირები ქართველი მორაგბეები იქნებიან.
რამდენიმე დღის წინ ჩემს კოლეგა ბესო ჯანგავაძეს დავუკავშირდი და სარაგბო მოგონებების გახსენება ვთხოვე. სიმართლე გითხრათ და ბესო თავდაპირველად არ დამეთანხმა. „მორაგბეები „ჯიგარი“ ბიჭები არიან და მეშინია რომელიმე მათგანს გული არ ვატკინოო“ - მიპასუხა. ბოლოს და ბოლოს შევთანხმდით რომ რამდენიმე შემთხვევას კი მომიყვებოდა, მაგრამ ამ ისტორიების მთავარი „გმირების“ ვინაობას არ დაასახელებდა.
2011 წელს, მსოფლიო თასის რიგით მეშვიდე შეჯიბრს ახალმა ზელანდიამ უმასპინძლა. ბესო ამ ტურნირს თავიდან ბოლომდე ესწრებოდა და რასაკვირველია გასახსენებელიც ბევრი გააჩნია.
„როლინგ სტოუნზი“ და „ინვერქარგილი“
2011 წლის მსოფლიო თასს ახალმა ზელანდიამ უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული გუნდი თავდაპირველად ქვეყნის უკიდეგანო სამხრეთში, ქალაქ ინვერქარგილში დაბანაკდა. ეს დასახლებული ადგილი განსაკუთრებული სიცივით შეგვხვდა. საერთოდ, ახალი ზელანდია თავისი ბუნებით გამორჩეულია, მაგრამ არა ინვერქარგილი. ასეთი უსახური ადგილი მსოფლიოში მეეჭვება კიდევ სადმე რომ შემხვდეს. ამ ქალაქში შოტლანდიასთან დაძაბულ ბრძოლაში წავაგეთ.
გამომგზავრების წინ ადგილობრივებმა ერთი საინტერესო ისტორია გაგვაცნეს.
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ინვერქარგილს თურმე ცნობილი ჯგუფი „როლინგ სტოუნზი" სტუმრობდა. კონცერტზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეკრებილიყო. კონცერტის მსვლელობისას ჯგუფის წევრებს ჰკითხეს - ჩვენს ქალაქზე რას იტყვითო. ყველა რაღაც განსკუთრებულის მოლოდინში იყო. გამოვიდა „როლინგ სტოუნზის" ერთ-ერთი გიტარისტი (არ ახსოვდათ რომელი) და თქვა: ეს ქალაქი არის მსოფლიოს უკანალიო...“
„უიღბლო“ ჩაფხუტი
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ინვერქარგილში შოტლანდიას დავუპირისპირდით. ზოგიერთი მორაგბე მინდორზე სპეციალური ჩაფხუტით გამოდის. გეტყვით იმასაც რომ მსოფლიო თასის შეხვედრებში მონაწილე მორაგბეებს სხვადასხვა ფირმების პროდუქციის რეკლამირება სასტიკად აქვთ აკრძალული. რაგბის საერთაშორისო საბჭოს წევრები ამ წესს მკაცრად იცავენ და დამრღვევ სპორტსმენებს დაახლოებით სამი ათასი ევროთი აჯარიმებენ.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წევრს (რასაკვირველია სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ამ ჩაფხუტზე კომპანია „რიბოკის“ წარწერა ჰქონდა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა და ამ დასახელებას ზემოდან ლეიკოპლასტი გადააკრა. დაიწყო თამაში და თავდაპირველად ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. შეხვედრის მეორე ნახევარი ახალი დაწყებული გახლდათ და სტადიონის ტრიბუნიდან დავინახეთ რომ მორიგი შერკინების შემდეგ ამ მორაგბეს ეს „ოხერი“ ლეიკოპლატი მოძვრა. რასაკვირველია სპორტსმენი „საქმის კურსში“ დაუყოვნებლივ ჩავაყენეთ, მოგვიანებით კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ის მოედნიდან გამოიყვანა, მაგრამ „სარეკლამო ჩაფხუტით“ თამაში მაინც რამდენიმე წუთის განმავლობაში მაინც მოუწია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი მორაგბე დიდად დამწუხრებული გახლდათ. „ვიცი რომ საქართველოს რაგბის კავშირს ფინანსურად არ ულხინს. ჯარიმა რომ დაგვაკისრონ ვინ გადაიხდისო?“. ნაკრების მოთამაშეებსაც მეტი არ უნდოდათ, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ადამიანი „ათვალისწინებული“ ჰყავდათ და „გასაქანს“ არ აძლევდნენ. „საწყალი ბიჭი“ ნერვიულობისაგან იმ მდგომარეობამდე მივიდა რომ სასტუმროს ოთახიდან გარეთ მხოლოდ სავარჯიშოდ და რესტორანში სასადილოდ გამოდიოდა. „რა ვქნა, რა გავაკეთო, ეს როგორ დამემართა. მოვიდა ჯარიმის ფურცელი?“, - დილიდან-საღამომდე ამ მორაგბის ჩივილი გვესმოდა. ჩვენდა ბედად სანქციას გადავურჩით, მაგრამ „ბედოვლათს“ ნაკრების სხვა წევრები თავს მაინც არ ანებებდნენ. ბოლოს თვითონაც მიხვდა რომ გუნდი დაჯარიმებას გადაურჩა და უკვე „თავისუფლად“ ამოისუნთქა.
„ტომი და ჯერი“
ინვერქარგილში შოტლანდიას ვეთამაშეთ, მოგვიანებით კი ქალაქ დანიდინში ინგლისს დავუპირისპირდით. მომდევნო თამაშამდე ათდღიანი შუალედი გვქონდა და გუნდი პატარა ქალაქ მასტერტონში დაბინავდა. ეს ადგილი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთში მდებარეობდა.
მასტერტონელებისთვის ჩვენი სტუმრობა დიდი მოვლენა გამოდგა. ამ დასახლებულ ადგილას საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით რამდენიმე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამათგან გამოვყოფდი ქალაქის ქუჩებში მსვლელობას. ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს დროშებით გახლდათ შეიარაღებული, „ბორჯღალოსნები“ კი ჩოხა-ახალუხებში იყვნენ გამოწყობილნი. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ქართული სამზარეულოს „ღია დღე“ მოვაწყეთ. სურსათ-სანოვაგე სამშობლოდან გვქონდა წაღებული და კერძები თავად დელეგაციის წევრებმა მოვამზადეთ.
გუნდი ქალაქიდან მოშორებით მდებარე პატარა, მყუდრო სასტუმროში დაბინავდა. უკაცრიელი ადგილი იყო. სასტუმრო, სავარჯიშო მინდორი და მორჩა, უახლოესი დასახლებული პუნქტი ორი კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.
მოიწყინეს ბიჭებმა. მასტერტონში დაგეგმილმა ღონისძიებებმა უკვე ჩაიარა და ერთფეროვანი ცხოვრება დაუდგათ: ვარჯიში - სასტუმრო, ან პირიქით, სასტუმრო - ვარჯიში. მორაგბეებმა „გახალისება“ თავად გადაწყვიტეს და სასაცილო ამბების მოყოლა დაიწყეს. გაგეცინებათ და ამ „ისტორიების“ მთავარი „გმირები“ ქართველი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ.
ერთმა მორაგბემ შემდეგი ამბავი მოგვიყვა: „ერთ ერთი ქართული საფეხბურთო კლუბი (რასაკვირველია სპორტსმენმა ეს კლუბი არ დაასახელა) საერთაშორისო შეხვედრის ჩასატარებლად ევროპაში გაემგზავრა და ერთ ჩვეულებრივ სასტუმროში დაბინავდა. მოთამაშეები ნომრებში მოეწყვნენ. საღამოს ერთმა ფეხბურთელმა შეამჩნია რომ მის ოთახში წრუწუნამ გაირბინა. ამ „აღმოჩენით“ გაკვირვებულმა მობურთალმა სასტუმროს ადმინისტრატორთან დარეკვა გადაწყვიტა. სამწუხაროდ ინგლისურ ენასთან ცოტა არ იყოს მწყრალად ბრძანდებოდა და სასტუმროს წარმომადგენელს დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერი გააგებინა. უცებ მოთამაშეს თავში „ახალი აზრი“ მოუვიდა და... „თუ გინახავთ მულტფილმი „ტომი და ჯერი“? - ჰკითხა ადმინისტრატორს. ამ უკანასკნელმა თანხმობით უპასუხა. „ჰოდა, ჩემს ოთახში ჯერიმ გაირბინა“ - მიუგო ფეხბურთელმა.
ისტორიაზე მორაგბეებმა მთელი დღე იხალისეს და ამ ამბავს ერთმანეთს არაერთხელ უყვებოდნენ.
ის დღე სიცილ-ხარხარში გავატარეთ. გათენდა მეორე დილა. ამჯერად ანეკდოტების ჯერი დადგა და ერთმა მორაგბემ თანამემამულე ფეხბურთელების შესახებ შემდეგი ანეკდოტი მოყვა:
„საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ერთი თავდამსხმელი ასაკში შევიდა და სამწუხაროდ გარდაიცვალა. მოთამაშე სამოთხის კარს მიადგა და შიგ შეშვება მოითხოვა. ღმერთმა ვინაობა ჰკითხა. პასუხის მიღების შემდეგ კი - „აქ ყოფნას არ იმსახურებო“, სამოთხეში დაბინავება სასტიკად აუკრძალა და ჯოჯოხეთში გაგზავნა. ბევრი იარა თუ ცოტა, ყოფილი თავდამსხმელი ჯოჯოხეთს მიადგა. რასაკვირველია კარზე დააკაკუნა. ხმაზე ეშმაკი გამოვიდა, „ექს-მობურთალი“ კარგად შეათვალიერა და მისი ვინაობით დაინტერესდა. პასუხის მიღების შემდეგ ფეხბურთელს ერთი კითხვით მიმართა: - რასაკვირველია ჯოჯოხეთში შეშვებაზე უარს არ გეტყვი, მაგრამ ერთი ძმურად მიპასუხე, ამ კარს როგორ მოაგენიო?“
რასაკვირველია ამ ანეკდოტმა დიდი „მოწონება“ დაიმსახურა და მასტერტონში ყოფნის ბოლო დღეც ამაღლებულ განწყობაზე გადავაგორეთ.
„კტო სკაზალ ჩტო გრუზინი პლოხიე!!!“
მართალია ახალზელანდიური ამბები გავიხსენე მაგრამ ნება მომეცით კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ მოგიყვეთ.
რამდენიმე წლის წინ თბილისში ე.წ. „ახალგაზრდული ალაფა“ გაიმართა. ამ შეჯიბრების გამარჯვებული მოგვიანებით მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებდა. ასპარეზობაში რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას.
ტურნირის საორგანიზაციო დონე მაღალი გახლდათ და ჩამოსულმა გუნდებმა განთქმული ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ თავზე სრულად „იგემეს“. რასაკვირველია საქართველო აღფრთოვანებულებმა დატოვეს.
რუსეთის გუნდში ერთი კრასნოიარსკელი მორაგბე ასპარეზობდა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა ამ ბიჭმა თავის თანაგუნდელ ქართველ მოთამაშეს თბილისში სტუმრობის შთაბეჭდილებები სრულად მოუყვა, შემდეგ კი დასძინა რომ ქართველებით აღტაცებული გახლდათ. ამ ქართველმა მოგვიანებით თბილისში დარეკა და ახლობლებს ამ რუსის შესახებ შემდეგი განუცხადა: - რა უყავით ამ კაცს, გაგიჟებული ჩამოვიდა და მთელი დღეები მხოლოდ საქართველოზე ლაპარაკობს. უფრო მეტიც. კრასნოიარსკის ქუჩებში დადის და ხმამაღლა აცხადებს: „კტო სკაზალ ჩტო გრუზინი პლოხიე. ნაობოროტ. ანი სლავნიე რებიატა!“.
თბილისური ტურნირის შემდეგ ეს რუსი ჩვენს ქვეყანაზე დღემდე უზომოდ შეყვარებულია.