კრიმინალი მამედას ქუთაისური „თავგადასავალი“

კრიმინალი მამედას ქუთაისური „თავგადასავალი“

საკვირაო სახალისო მოგონებების წინა „სერიალებში“ ჩვენი გმირები ქართველი პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ხელოვანები და „მილიცაი-პოლიციელები“ იყვნენ. დღეს გადავწყვიტე რომ სიტყვა კვლავ თანამემამულე სამართალდამცავებს მივცე, ანუ მათ, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

დღევანდელი „კრიმინალური ქრონიკის“ პირველი სტუმარი მილიციის პოლკოვნიკი მიხეილ სირაძე ბრძანდება, რომელიც ორ საინტერესო შემთხვევას გაიხსენებს.

„ქუთაისის მილიციის სამმართველოში ვმუშაობდი, როდესაც ციხიდან ცნობილი რეციდივისტი შირლი ჰასანოვი, მეტსახელად „მამედა“ გაიქცა. ის წარმოშობით ბაქოელი იყო და ქუთაისის ციხიდან ეტაპით ბაქოში უნდა გადაგვეგზავნა. მოკლედ, გაქცევა გამთენიისას მოხდა და მთელი პირადი შემადგენლობა ფახზე წამოგვყარეს. სამძებრო სამუშაოებს ქალაქში ვაწარმოებდით, რადგან, ყველა გასასვლელი ოპერატიულად იყო გადაკეტილი და ზუსტად ვიცოდით, რომ „მამედა“ ქუთაისში იმყოფებოდა.

მთელი დღე არ გავჩერებულვართ, „მამედას“ გამწარებული ვეძებდით და რომ შებინდდა, გადავწყვიტეთ, ცოტა მაინც შეგვესვენა, ორიოდე ლუკმა გვეჭამა და საფიჩხიაზე ერთ-ერთ რესტორანში შევედით. თუმცა, მსუბუქი ვახშამი ქეიფად გადაიქცა, რადგან ნაცნობები შეგვხვდნენ, არ გამოგვიშვეს და ქუთაისურად მოვილხინეთ. როცა დავიშალეთ, უკვე შუაღამე იყო. გარეთ გამოვედი და ბუჩქებში მივდექი, შარდის ბუშტმა შემაწუხა... გადასხმა რომ დავიწყე, ბუჩქებიდან კვნესა შემომესმა. ქვევით დავიხედე და „მამედა“ არ დავინახე... რა თქმა უნდა, „მამედა“ შევიპყარით და ციხეში დავაბრუნეთ, ის კი 3 თვე „რეზბალნიცაზე“ იწვა და პროქტოლოგთან მკურნალობდა, რადგან უკანალში „სტეკლოვატა“ (შუშანარევი ბამბა, რომლითაც მილებს ფუთავენ) ამოუსვია, როდესაც ციხიდან იყო გაქცეული და ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილა...“

ბატონი მიხეილი კიდევ ერთ „ქუთაისურ შემთხვევას“ მოგვიყვება.

„მილიციაში გადასვლამდე ერთი წელი ციხეში ვიმუშავე და ქუთაისის საპყრობილის ზედამხედველი ვიყავი. ჩემს მოვალეობაში შედიოდა შემემოწმებინა პატიმრებთან მოსული მნახველები პირადად და მათი ბარგიც. სულ რაღაც 2 კვირის დაწყებული მაქვს მუშაობა და მეწყვილესთან ერთად შემოწმებას ვახორციელებ. თითქმის 100 კაცი მყავდა შემოწმებული და ძალიან დავიღალე. ამ დროს ერთი მსუქანი კაცის ჯერი დადგა, რომელსაც ორი უზარმაზარი ჩანთა ჰქონდა თან. ჩანთები შევამოწმე, შემდეგ თვითონ ის კაციც შევამოწმე და საეჭვო რომ ვერაფერი ვუნახე, წასვლის უფლება მივეცი. ჩემმა მეწყვილემ კი, რომელსაც ციხეში მუშაობაში ჰქონდა მოჭრილი ჭიპი, იმ კაცს ალმაცერად შეხედა. შემდეგ მომიხმო და მითხრა:

– მიშაია, ბიჯო, მაგი მსუქანი „ტორპედოზე“ შეამოწმე, მასეთები „ტორპედოთი“ შედიან ხოლმე ციხეში და მაგასაც არ ჰქონდესო.

ჯერ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა „ტორპედო“ და ვკითხე, რას ნიშნავს-მეთქი. მას კი გაეცინა და განმიმარტა:

– „ტორპედო“, ჩემო მიშაია, უკანალში შეტენილი აკრძალული ნივთებია და იცი, როგორ უნდა შეამოწმო? რომ გააშიშვლებ, უნდა ჩაიკუზოს და რამე თუ აქვს, გამოვარდებაო.

რას ვიზამდი, ის მსუქანი კაცი გავაშიშვლე და ვუთხარი, ჩამჯდარიყო, თან მე და მეწყვილე ყურადღებით ვაკვირდებოდით მის უკანალს... უცებ, მსუქანას უკანალიდან ცეცხლი გამოვარდა, გასროლის ხმა გაისმა და რადგან მეც ჩაკუზული ვიყავი, ტყვიამ მარცხენა საფეთქელთან ჩამიარა. ჩემს მეწყვილეს კი, რომელიც ფეხზე იდგა, ტყვია მარჯვენა წვივში მოხვდა და დაჭრა... მსუქანს ციხეში პატარა პისტოლეტი შეჰქონდა ერთ-ერთ პატიმართან, რომელიც გაქცევას გეგმავდა და მოულოდნელმა გასროლამ ეს განზრახვა აღკვეთა“.

მილიციის პოლკოვნიკი ნოდარ ხვადაგიანი ერთ უჩვეულო ამბავს გაიხსენებს.

„შიშს რომ დიდი თვალები აქვს და ზოგჯერ პატარა შიში უფრო დიდ შიშს აძლევინებს ადამიანს, ერთი ცნობილი სპეცოპერაციის დროს ვნახე საკუთარი თვალით. თბილისელი ბანდიტი სიმონ დავიდოვი ინკასატორებისა და შემნახველი სალაროების ძარცვით იყო ცნობილი მთელ საბჭოთა კავშირში. სიმონი იმდენად ეშმაკი და მოუხელთებელი იყო, რომ ექვსი წლის განმავლობაში დაუსჯელად ითარეშა, მრავალი დანაშაული ჩაიდინა და სახელმწიფოს ოთხი მილიონის ზარალი მიაყენა. დავიდოვი ფანტომივით იყო – ხან ერთ ქალაქში ჩაიდენდა დანაშაულს, ხან – მეორეში. მასზე თითქმის არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა, რომ რაიმე ნიშნით მაინც ამოგვეცნო. მაგალითად, მრავალი ძებნილი დაგვიპატიმრებია მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მიდრეკილებები, ჰობი, ქცევა და სხვა თვისებები გვცოდნია. მიუხედავად იმისა, რომ დავიდოვის ფოტოსურათი გვქონდა, ის ოსტატურად ინიღბებოდა და ვერ ვიჭერდით. ერთხელ ერთ-ერთმა მისმა ყოფილმა საყვარელმა გვაცნობა, რომ თურმე, სიმონს სიკვდილივით ეშინოდა ძაღლების და ნებისმიერი ჯიშისა თუ ზომის ძაღლს ერიდებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ცნობად მივიღეთ, მაგრამ მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა ამისთვის არ მიგვინიჭებია.

ერთ მშვენიერ დღეს ლენინგრადის მილიციის სამმართველოში მიმავლინეს, რათა ჩვენს კოლეგებს დავხმარებოდი დავიდოვის დაპატიმრებაში. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სიმონი ლენინგრადში იმყოფებოდა და ძარცვას გეგმავდა. ჩვენმა აგენტმა გვაცნობა, რომ დავიდოვი საქმის მიმცემს უნდა შეხვედროდა ზოოპარკში, მაგრამ კონკრეტულად რა ადგილზე და რა დროს, არ იცოდა. ლენინგრადის ზოოპარკი უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ცხოველები გალიებში არ ჰყავდათ გამომწყვდეული და თავისუფლად დადიოდნენ. გაქცევა რომ ვერ მოეხერხებინათ, 8 მეტრის სიმაღლის ღობეები იყო აშენებული. დავიდოვი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომ მის დასაჭერად მთელი პირადი შემადგელობის მობილიზება გამოცხადდა და თვალთვალს ასამდე ოპერმუშაკი ახორციელებდა. მათ შორის ვიყავი მეც და ჩემი პოსტიც სწორედ იმ რვამეტრიან ღობესთან იყო, რომლის მიღმაც ვეფხვები და ლომები თავისუფლად დასეირნობდნენ.

მე გამვლელ-გამომვლელებს ყურადღებით ვაკვირდებოდი, მაგრამ ამაოდ. ოთხი საათია პოსტზე ვდგავარ და ფეხები ამტკივდა, თან ძალიან მშია. ამ დროს გვერდით ორმა ახალგაზრდა ქალიშვილმა ჩამიარა, რომლებიც მშვიდად საუბრობდნენ ერთმანეთში. გოგონების შესახვედრად ვიღაც შუახნის ქალი მოდიოდა, რომელსაც „იაპონკა“ ძაღლი ეჭირა ხელში. როდესაც გოგონები იმ ქალს გაუსწორდნენ, „იაპონკამ“ დაიყეფა, პატრონს ხელიდან გაუსხლტა და ერთ-ერთ გოგონას მიახტა. ის კი ისე შეშინდა, რომ თვალის დახამხამებაში რვამეტრიანი ღობის გისოსებს თავზე მოექცა, მტაცებლების სამფლობელოში გადახტა და ერთ-ერთ ხელოვნურ გამოქვაბულში შეძვრა. ამის შემხედვარე დავიძაბე და კინაღამ გული წამივიდა, როდესაც დავინახე, რომ გამოქვაბულიდან სამი ვეფხვი გამოვარდა და გაიქცა... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ის შეშინებული გოგონა სწორედ სიმონ დავიდოვი აღმოჩნდა, რომელიც ოსტატურად იყო შენიღბული. ის ისე დააფრთხო და შეაშინა „იაპონკამ“, რომ თვითონაც ასეთ დღეში ჩააგდო ვეფხვები და გააქცია... ცნობილი მძარცველი, რა თქმა უნდა, ოპერატიულად დავაკავეთ და შეშინებული მტაცებლების ცხვირწინ, ჩავსვით საპატიმრო მანქანაში“.

დღევანდელ „კრიმინალურ მოგონებებს“ პოლკოვნიკი გენო ლაღიძე დაასრულებს.

„ემგეუში“ კრიმინალისტიკას პროფესორი იოსებ ფელდმანი გვიკითხავდა. ახალგაზრდა კაცი იყო, მაგრამ მასზე ამბობდნენ, კრიმინალისტიკის მეფეაო და მართლაც, მის ლექციებზე არ მოიწყენდი. თუმცა, იმ კაცს ერთი უცნაურობა სჭირდა, ნებისმიერ ლექციას ასე იწყებდა:

– ახალგაზრდებო! ყაზანში ერთი მანიაკი ცხოვრობდა, რომელსაც ოცდაათსანტიმეტრიანი სასქესო ორგანო ჰქონდა – და შემდეგ გადადიოდა იმ ძირითად თემაზე, რაც პროგრამით იყო გათვალისწინებული. თუმცა, ის მანიაკი, თავისი სასქესო ორგანოთი, ლექციის განმავლობაში 6-7-ჯერ მაინც რომ არ ეხსენებინა, არ შეეძლო.

19-20 წლის ახალგაზრდები ვიყავით და პროფესორს სიტყვის შებრუნებას ვერ ვუბედავდით. ამიტომ, გოგონებმა მოილაპარაკეს, რომ როგორც კი ფელდმანი მანიაკის სასქესო ორგანოს ახსენებდა, ამდგარიყვნენ და დემონსტრაციულად დაეტოვებინათ აუდიტორია. ჩვენც უნდა ავყოლოდით და ასე ვაპირებდით ფელდმანის მოთვინიერებას.

მეორე დღეს ფელდმანმა ჩვეული ფრაზით დაიწყო ლექცია. გოგონები წამოდგნენ და კარისკენ გაემართნენ. ფელდმანმა საათს დახედა და მშვიდად თქვა:

– ნუ ჩქარობთ, გოგონებო, ჯერ ადრეა, ყაზანისკენ მიმავალი მატარებელი საღამოს გადის.

გოგონები გამწარდნენ და გარეთ გავიდნენ, ჩვენ კი ისე გავოგნდით პროფესორის საქციელით, რომ აუდიტორიაში დავრჩით და ბოლომდე მოვუსმინეთ ფელდმანს.

ლექციების შემდეგ მთელი ჯგუფი შევიკრიბეთ და მოვითათბირეთ, რომ ფელდმანი ჩუმად გვეცემა და ასე გვესწავლებინა ჭკუა. გადაწყდა, მე, ჟენია პოღოსოვი, კოლია დიბენკო და ანა როგოვა პროფესორს მისი სახლის სადარბაზოში დავხვედროდით. ტომარას ჩამოვაცვამდით თავზე და მივბეგვავდით. როგოვა გოგონებმა იმიტომ გამოგვაყოლეს, რომ მათი სახელით ეძია შური.

ერთ საღამოს ფელდმანის სადარბაზოში ნათურა ჩავამტვრიეთ და პროფესორს დავუდარაჯდით.

ფელდმანი სადარბაზოში შემოვიდა. მე ტომარა ჩამოვაფხატე და ოთხივე შევდექით. გამეტებით არ ვურტყამდით, მაგრამ საკმაოდ მოხვდა. როცა საქმეს მოვრჩით, კოლია დიბენკომ შეცვლილი ხმითა და ინტონაციით უთხრა:

ჩვენ ყაზანელი მანიაკები ვართ და თუ კიდევ გიხსენებია ჩვენი სახელი, თავს მოგაჭრითო.

ამით მივანიშნეთ, რომ სტუდენტები ვიყავით, მაგრამ ფელდმანი ყველა ჯგუფში ერთნაირად იწყებდა ლექციებს და აბა, რას მიხვდებოდა, ვინ სცემა.

ამ ინციდენტიდან მეორე დღეს პირველი ლექცია ფელდმანის გვქონდა და გვაინტერესებდა მოვიდოდა თუ არა პროფესორი.

ზუსტად 9 საათზე ფელდმანი აუდიტორიაში შემოვიდა და თქვა:

– ყაზანელო მანიაკებო, სირაძე, პოღოსოვო, დიბენკო და როგოვა, დაფასთან გამობრძანდით!

ჩვენ ისე შევცბით, რომ ადგილებზე გავქვავდით და ენა მუცელში ჩაგვივარდა.

ფელდმანს კი გაეცინა და თქვა:

– კარგი, კარგი, ამჯერად გაპატიებთ ცელქობას, მაგრამ სხვა დროს ეს არ გაიმეოროთ. რაც მთავარია, თუკი საქმეზე წასვლას დააპირებთ, იცოდეთ, რომ „ტრაინოი“ ოდეკოლონი, „კრასნაია მოსკვა“ და „არამისი“ აღარ დაისხათ. შენ კი, პოღოსოვო, ისეთი მყრალი პუდრი გეყარა სახეზე, კინაღამ გული წამივიდა.

პროფესორის ამ სიტყვების მერე ნამდვილად დავრწმუნდით მის გენიალობაში. მე „არამისი“ მესხა, დიბენკოს – „ტრაინოი“, როგოვას – „კრასნაია მოსკვა“, პოღოსოვს კი პუდრი ჰქონდა წასმული და მან ეს ყველაფერი ყნოსვით გამოიცნო.

ჩვენ თავჩაღუნულები ვისხედით მერხებზე, ხოლო ფელდმანმა აუდიტორიას გადახედა და თქვა:

– ყაზანში ერთი მანიაკი ცხოვრობდა, რომელსაც ოცდაათსანტიმეტრიანი სასქესო ორგანო ჰქონდა...“