ორწლიანმა პაუზამ Caravan-ის მუსიკოსებს სხვა - აპარატურულად დაწინაურებელი ჯგუფების მოსმენის საშუალება მისცა და უკვე მეორე სტუდიური ალბომი If I Could Do It All Over Again, I’d Do It All Over You, მომავალში ჯგუფის განუმეორებელი ხელწერის ქვაკუთხედად იქცა.
როკ კრიტიკას არ მოუფიქრებია ასეთი კრიტერიუმი „შემპარავი ფსიქოდელია“, გნებავთ ჯაზ როკის განხრითაც, რადგან Caravan-ის ჯაზ როკის „შემპარავი“ და მომნუსხველია.
ჯგუფი ოთხი მუსიკოსისგან შედგებოდა: ლიდ ვოკალისტი და გიტარისტი პაი ჰასტინგსი Caravan-ის უცვლელ ლიდერად ჩამოყალიბდა დღევანდელ დღემდე, ზემოთხსენებული რიჩარდ კოლანი 2013 წლის ალბომამდე დრამერის ფუნქციას ტვირთულობდა, ხოლო ბიძაშვილები, რიჩარდ და დევიდ სინკლერები, შესაბამისად ბას გიტარისა და ნებისმიერი სახის კლავიშებიან ინსტრუმენტებზე უკრავდნენ.
Soft Machine-ს პარანოიკული ჯაზ-როკისაგან Caravan - ის მკვეთრად განსხვავებული საოცრად მშვიდი და მყუდრო აურა მეორე ალბომის ნებისმიერ კომპოზიციას გასდევს, რაც თითოეულ მათგანს მუსიკალურ შედევრად აქცევს.
ალბომში მეორე სიმღერიდან And I Wish I Were Stoned/Don’t Worry „შევდივართ”. აქ ვხვდებით ნებისმიერ ელემენტს, რითაც მდიდარია Caravan - ის იმპროვიზაციული მხარე - ვოკალურიდან ინსტრუმენტულ მხარეზე ორიგინალური გადასვლები, რაც არამარტო დევიდ სინკლერისა და მოწვეულ ჯიმი ჰასტინგსის სოლოებში აისახება.
პაი ჰასტინგსი რამდენადაც ჯგუფის ლიდერია, იმდენად იგნორირებულია გიტარის სოლოს როლი რეპერტუარში, რაც გასული საუკუნის 70-იანი წლების ბრიტანული როკ ბენდისთვის ერთობ უცნაურია.
ალბომის პირველი გვერდის დამაგვირგვინებელი სამნაწილიანი With An Ear to the Ground You Can Make It/Martinian/Only Cox/Reprise უკვე მომდევნო ალბომის შედევრ Nine Feet Underground-ის წინაპირობად იქცა.
If I Could Do It All Over Again, I’d Do It All Over You -ს მეორე გვერდის პირველივე კომპოზიცია Hello Hello კენტერბერული აურის მატარებელი მახვილგონივრული ფოლკ როკ კომპოზიციაა, რომელიც ფსიქოდელიური სიდინჯით შეაბიჯებს ეპიკურ Can’t Be Long Now/Francoise/For Richard/Warlock- ში გადამყვან Asforteri-ში...
ხოლო რაც Can’t Be Long Now/Francoise/For Richard/Warlock-ში ხდება, რამდენიმე მოსმენის შემდეგ თუ დაამახსოვრდება მსმენელს. დევიდ სინკლერის სხვადასხვა ჟღერადობის ორგან სოლოების კასკადს, ერთვის ჯიმი ჰასტინგსის საქსოფონი და ფლეიტა. მოკლედ სოლო ყველაფერზე, ოღონდაც არა გიტარაზე...
ინსტრუმენტები ულამაზესი ფერებით იჭრებიან მსმენელის გონებაში და ირკვევა, რომ რეპერტუარის სიმშვიდეც საკმაოდ „შემპარავი“ და მოჩვენებითია, რადგან კომპოზიციის შესანიშნავი საკონცერტო ვერსიები მუსიკოსების არამარტო ვრცელ იმპროვიზაციულ არეალში, არამედ მათ ვირტუოზულ ოსტატობაშიც გვარწმუნებს. სულაც არ არიან ისინი Soft Machine-ზე ნაკლები მუსიკოსები!
ალმობი კი ლამაზად სრულდება წუთნახევრიანი Limits-ით, რომელიც თითქოს გვამცნობს საპირისპირო მხარეს ნაწარმოებისას... და გვამზადებს უკვე მომდევნო ალბომის მოსასმენად.
In The Land Of Grey and Pink როკ სამყაროს 1971 წელს მოევლინა. უცქერ და გიკვირს, რომ ასეთი შედევრი ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ გამოსცა ვინილზე ღვაწლმოსილმა ფირმამ - Deram და 18 წლის შემდგომ მისმა თანამეინახე Decca-მ უკვე კომპაქტ დისკზე. 21-ე საუკუნეში პერიოდულად გამოიცემა ხოლმე In The Land of Grey and Pink, მაგრამ უმჯობესია ალბომის მოსმენას შევუდგეთ.
წინამორბედის მსგავსად, აქაც ალბომი ეშხში მეორე სიმღერიდან Winter Wine შედის. ერთი რამაა საგულისხმო - წინა ალბომისგან განსხვავებით, სადაც თითოეული სიმღერის ავტორი მთლიანად ჯგუფია, აქ უმეტესად ბასისტ და ხშირ შემთხვევაში მომღერალ რიჩარდ სინკლერის იდეები დომინირებს.
საერთოდ ჯგუფის რეპერტუარის ვირტუოზული მხარე უფრო ბიძაშვილების დამსახურებაა, რაც შემდგომშიც აისახა სხვადასხვა კენტერბერულ პროექტებზე მათი მონაწილეობით.
რიჩარდ სინკლერის ვოკალით გამშვენებული Winter Wine „შემპარავად“ ვითარდება დევიდ სინკლერის კლასიკური, თითქოს ერთიმეორეზე მიბმული სოლოების ფონზე და საბოლოოდ უნიკალურ ორხმიან ვოკალურ ექსპერიმენტში იჭრება, რასაც მისამღერსაც ვერ ვუწოდებთ მაინცდამაინც. უბრალოდ თემა იმდენად ეფექტურად და მოულოდნელად შემოდის, რომ კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს კენტერბერის სცენის მუსიკოსების ორიგინალობასა და ფანტაზიაზე.
ამ სიმღერის ერთგვარი გამოხმაურებაა თვით In The Land of Grey and Pink, რომლის საფორტეპიანო სოლოსაც ყოველგვარი პაუზის გარეშე ერთვის სინთეზატორული.
ალბომის მშვენება კი ვინილის მეორე გვერდია, სადაც რვა ნაწილისაგან შემდგარი ზემოთხსენებული Nine Feet Underground გვხვდება.
23 წუთიანი კომპოზიცია სრულდება ჯგუფის ნებისმიერ კონცერტზე ნებისმიერი შემადგენლობით დღეინდელ დღემდე და ეს სულაც არაა გასაკვირი კომპოზიციური სიმწიფის, თემათა მრავალფეროვნებიდან და იმპროვიზაციული დიაპაზონიდან გამომდინარე.
ნაწარმოების უმსუბუქესმა ფსიქოდელიურმა ფონმა ნებისმიერი პერიოდის ხმის ინჟინერიისა და აპარატურის გამოცდას გაუძლო თვით 80-იანების ჩათვლით და არასოდეს დაუკარგავს ხიბლი.
ამაში არც არაფერია გასაკვირი, რადგან მრავალი ბუმბერაზი როკ ჯგუფის ვირტუოზი დრამერისაგან განსხვავებით, რიჩარდ კოლანს არასოდეს შეუცვლია დასარტყამი ინსტრუმენტის ბგერა...
Caravan -ში პირველი მნიშვნელოვანი გარდატეხა 1973 წელს მოხდა, როდესაც იგი რიჩარდ სინკლერმა დატოვა კენტერბერულ სუპერჯგუფ Hatfield and the North-ის შექმნის მიზნით სამ დიდებულ მუსიკოსთან ერთად, რომელთა დაკვრის ოსტატობაც მას შესაძლოა მეტად ხიბლავდა.
მას შემდეგ, ჯგუფმა არაერთი ცვლილება განიცადა, მისი ჟღერადობა ვიოლინოთიც გამდიდრდა, მაგრამ ადრინდელი იდეური მწვერვალები Caravan-მა ვეღარ დაიპყრო.
80-იან და 90-იან წლებში ორწლიანი შეკრებების შედეგად ჯგუფმა ჯამში ოთხი ალბომი ჩაწერა. რეპერტუარი სრულიად კენეტერბერულია, მაგრამ უფრო საინტერესო ამ კომპოზიციების საკონცერტო ვერსიებია.
მნიშვნელოვანია, რომ ათწლიანი პაუზის შემდეგ, Caravan 2013 წელს გამოჩნდა ახალი სტუდიური ალბომით Paradise Filter.
ჯგუფის ცოცხალი ჩანაწერებიდან აღსანიშნავია ორკესტრის თანხლებით ჩაწერილი 1974 წლის საკონცერტო ალბომი Caravan and the New Symphonia, რომლის სტანდარტული 43 წუთიანი ვერსია შემდგომში 80 წუთიანმა კომპაქტ დისკმა ჩაანაცვლა.
(გაგრძელება იქნება)