„თურქიზაციას კონტროლი და მექანიზმი უნდა ჰქონდეს, თორემ ეს საშიშ სახეს მიიღებს“

„თურქიზაციას კონტროლი და მექანიზმი უნდა ჰქონდეს, თორემ ეს საშიშ სახეს მიიღებს“

„აჭარაში 50 ათასზე მეტი თურქი ცხოვრობს და ისინი თურქეთიდან იღებენ სუბსიდიებს, რომ გააკოტრონ ქართული ფირმები და ქართული კომპანიები“, - ამის შესახებ კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ გადაცემა „პროვოკატორში“ სტუმრობისას განაცხადა.

For.ge-სთან საუბარში არჩილ ჭყოიძე აცხადებს, რომ სულ მალე აჭარიდან ჩვენს დედაქალაქს ესტუმრებიან პიროვნებები, რომლებიც დაადასტურებენ, როგორ იძირებიან ქართული ფირმები თურქულთან მიმართებით.

ამასთან, არჩილ ჭყოიძე შეეცადა, ჩვენთვის აეხსნა იმ კაბალური შეთანხმებების შესახებ, რაც სააკაშვილის დროს თურქეთთან მიმართებით გაფორმდა და, სხვათა შორის, ეს ხელშეკრულება არც ახალმა ხელისუფლებამ გადასინჯა.

კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით თურქეთის ხელისუფლებასთან სააკაშვილის მიერ დადებული ხელშეკრულების თანახმად, თურქული ნომრების მქონე თურქულ სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ, გადასახადის გარეშე შემოვიდნენ საქართველოში. ამ დროს კი, ქართული სანომრე ნიშნით გადაადგილებულ ავტობუსს, მინიმუმ, რვაასი ევროს გადახდა მოუწევს, ხოლო ჩვენს ტრაილერს - 1500 ევროს გადახდა. პრაქტიკულად, მხოლოდ თურქული ფირმები იღებენ შემოსავალს და ეს არ ეხება მარტო ბათუმს. არჩილ ჭყოიძის თქმით, ასეთივე ვითარებაა თბილისშიც და ავტოვაგზლის სატრანსპორტო ბიზნესი მხოლოდ და მხოლოდ თურქების ხელშია ჩავარდნილი.

გარდა ამისა, „ევრაზიული არჩევანის“ ლიდერი ქართველების მხრიდან დათბობის პოლიტიკად აღიქვამს, რომ საქართველოში, აჭარისკენ მიმავალ გზაზე, ქართულ ენასთან ერთად, თურქულ ენაზეა გაკეთებული მარშრუტების მინიშნებები. არადა, საერთაშორისო ენა ინგლისურია და გაუგებარია, რა უნდა თურქულ წარწერებს ჩვენს ტრასებზე?

„კილომეტრების აღსანიშნავად თურქეთში ნახავთ მსგავსი ტიპის წარწერებს ქართულ ენაზე?“, - აინტერესებს არჩილ ჭყოიძეს.

იგი აცხადებს, რომ ბათუმში კაზინოების, რესტორნების 90% თურქების საკუთრებაა და ქართველები იქ უბრალო მუშებად და დამლაგებლებადაც ვერ ეწყობიან. უფრო მეტიც, 2005 წლის შემდეგ თურქული ქუჩები გაჩნდა აჭარაში და ყველამ კარგად იცის ის ფაქტი, ქართველი მღვდელი რომ არ შეუშვეს ე.წ. თურქულ ქუჩაზე.

„სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს მოქალაქეობა 35 ათას თურქს მიენიჭა, რომლებიც დღეს ძირითადად ქობულეთში, ბათუმში ცხოვრობენ. ბათუმის მოსახლეობის 20-30%-ს შეადგენენ თურქები. მანამდეც ძალიან ბევრ თურქს მიენიჭა ორმაგი მოქალაქეობა. ბათუმელები და, ზოგადად, აჭარელი ქართველები ამით ძალზე შეშფოთებულნი არიან. 2005 წლის შემდეგ უცებ მივიღეთ ასე გაზრდილი თურქი მოსახლეობა. პრაქტიკულად, ეს 50-60 ათასიანი ექსპანსიაა თურქეთის მხრიდან და ჩვენ ათ წელიწადში უმცირესობაში აღმოვჩნდებით. თითქმის ყველა სოფელში ააშენეს მედრესე. ჩვენი ქვეყანა იცლება ახალგაზრდობისგან, ამ დროს თურქეთი ყოველწლიურად 600 ათასი ადამიანით მატულობს. სულ რაღაც ორი-სამი წელიწადი ეყოფათ, რომ საქართველოში გადმოისროლონ საკუთარი მოსახლეობის ნაწილი და ტყვიის გარეშე მოახდინონ აჭარის პრაქტიკული ასიმილირება. საუბარი მქონდა რამდენიმე ქართველ მეწარმესთან, რომლებიც ახლა დოკუმენტებს ამზადებენ და ყველას გააცნობენ. საქმე ისაა, რომ თურქეთის მოქალაქეებს თურქები აჭარაში ახსნევინებენ მაღაზიებს, აძლევენ სუბსიდიას და საქართველოში დასამკვიდრებლად ყველანაირად ხელს უწყობენ. თურქული დიდი საწარმოები, რომლებიც თურქეთში აწარმოებენ პროდუქციას, ქართველებს გაცილებით დიდ ფასში აძლევს პროდუქტს, განსხვავებით, თურქებისგან. მათ მითითება აქვთ საკუთარი სახელმწიფოსგან, რომ აჭარაში მოვაჭრე თურქულ ფირმებს მნიშვნელოვანი შეღავათი დაუწესონ. სასტარტო პირობები ქართველებსა და თურქებს ერთნაირი არ აქვთ. ქართული ფირმები სულს ღაფავენ. თუნდაც ტანსაცმლის ფირმების 80% თურქი მეწილეებისაა და ქართველებთან მათი შეფარდება 80-20%-ზეა. საქართველოს აეროფლოტშიც ყველაზე მეტი ფრენა აქვს „თურქიშ ეარლაინს“, არადა, ბევრ ქართულ ავიაკომპანიას ჰქონდა ფრენის სურვილი, მაგრამ სააკაშვილის დროს ეს დაბლოკილი იყო“, - გვითხრა არჩილ ჭყოიძემ.

მისი თქმით, დღესდღეობით აშშ-ს დიდად არ აინტერესებს საქართველოს დაცვა ისლამური ექსპანსიისგან. მეტიც, საქართველოს ფარგლებთან სულ რაღაც 400-500 კილომეტრში საშინელი სისხლისღვრა მიმდინარეობს, ყოველდღე კლავენ ქრისტიანებს, თავს აჭრიან და ისლამური რესპუბლიკის წინაშე ჩვენ დაუცველები ვართ.

„ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე რომან კვიციანი For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ საკუთარი ხელისუფლების მიწურულს სააკაშვილმა თურქეთში მცხოვრები ეროვნებით ქართველებისთვის გაამარტივა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესი. ეს არა მარტო ქართველებს შეეხებოდა, არამედ თურქეთის მოქალაქესაც რომ ეთქვა, რომ ის იყო ჩრდილო კავკასიის რომელიმე ერის წარმომადგენელი, ან საქართველოდან ემიგრირებული ძველი ქართველი, საქართველოს მოქალაქეობას პირდაპირ მიიღებდა, ყოველგვარი კომისიისა და შემოწმების გარეშე. თანაც, რაოდენობა შეზღუდული არ ყოფილა.

რაც შეეხება ქართული კომპანიების მიზანმიმართულ გაკოტრებას და თურქების დასახმარებლად გამოყოფილ თურქულ სუბსიდიებს, რომან კვიციანს ამის დამადასტურებელი საბუთი არ აქვს, მაგრამ აცხადებს, რომ არა მარტო აჭარის რეგიონში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბითაც თურქული კომპანიები ძალზე ბევრია და, საქართველოში კრიზისის მიუხედავად, კარგად მუშაობენ.

„შესაძლოა, სუბსიდირება თურქეთის დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან ფარულად ხორციელდებოდეს და აქ თურქეთის სახელმწიფო აშკარად არც იყოს ჩართული. მაგალითად, არსებობს ე.წ. ჰიზმეთის მოძრაობა, რომელსაც პირადი ინტერესი გააჩნია, დააფინანსოს აღნიშნული კომპანიები. ის ბიზნესმენები, რომლებიც ჰიზმეთში არიან გაწევრიანებულნი, პერიოდულად ვალდებულნი არიან, შემოსავლის ნაწილი მიაწოდონ ან გადაურიცხონ თავის ხელმძღვანელებს და ისინი საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტენ, თანხები სად გაგზავნონ. გარდა ამისა, თურქეთის სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დარეგისტრირებული სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ საქართველოში. კერძო სექტორის ნაცვლად, მათ სხვა მიმართულებები, სოციალური პროექტები აინტერესებთ და ამ კუთხით ქართული არასამთავრობოებიც დაჩრდილეს. შეძლებული თურქი სასულიერო პირები კი საქართველოში მედრესეების მშენებლობას აფინანსებენ. მათ თავიანთი იდეოლოგიის გავრცელება სურთ. ამ დროს საქართველოში ბევრი ადამიანი გრანტებზეა დამოკიდებული და არ უყურებს, ეს გრანტები რა მიზნით შემოდის. ასე რომ, თურქიზაციას კონტროლი და მექანიზმი უნდა ჰქონდეს, თორემ ეს საშიშ სახეს მიიღებს“, - აცხადებს რომან კვიციანი.