ქრონიკული გასტრიტი და დიზბაქტერიოზი - რა მოხდა მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში

ქრონიკული გასტრიტი და დიზბაქტერიოზი - რა მოხდა მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში 80-მდე ჯარისკაცი მოიწამლა, თუმცა თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სამხედროების მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტს. მინდია ჯანელიძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაზარეთს მხოლოდ სამმა სამხედრო მოსამსახურემ მიმართა, რომელთაც ქრონიკული გასტრიტისა და დიზბაქტერიოზის მცირე პრობლემა დაუდგინდათ.

შემთხვევა 2 აპრილს მოხდა, თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აღნიშნული ფაქტის შესახებ მედიისთვის გახდა ცნობილი.

„2 აპრილს, საველე სწავლების შემდეგ, სამმა სამხედრო მოსამსახურემ, მიმართა ლაზარეთს, სადაც დადგინდა, რომ მათ მცირედი პრობლემა ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული გასტრიტი და დიზბაქტერიოზი) ფონზე შეექმნათ. სამხედრო მოსამსახურეებს აღმოუჩინეს ერთჯერადი სამედიცინო დახმარება. ისინი იმ საღამოსვე დაუბრუნდნენ ქვედანაყოფს და გააგრძელეს დაკისრებული მოვალეობის შესრულება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში, სამხედროების მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტის შესახებ ინფორმაცია for.ge-ს დღეს დილით კონფედენციალურმა წყარომ მიაწოდა. მისივე ინფორმაციით, საკვებით 80-მდე ჯარისკაცი მოიწამლა. რამ გამოწვია ფაღარათი და მოწამვლა, ამ საკითხზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შესაბამისი ექსპერტიზა უკვე მიმდინარეობს. 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ადმინისტარციული დეპარტამენტის უფროსი, თათია მელაშვილი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია ექსერტიზა. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ რამდენს სამხედრო მოსამსახურეზეა საუბარი, კონფიდენციალურია.

„გიდასტურებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მომართვის შედეგად დაინიშნა ექსპერტიზა. დამკვეთის მიერ ექსპერტიზის დანიშვნის დეტალები კონფიდენციალურია. ამ კვლევის შედეგებზე პასუხი ეკუთვნის დამკვეთს. შესაბამისად, ამ კონკრეტულ ინფორმაციაზე უნდა მიმართოთ დამკვეთს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თათია მელაშვილი.

დაიწყება თუ არა ამ საქმეზე გამოძიება, ეს უკვე თავდაცვის სამინისტროზეა დამოკიდებული. როგორც ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ დამკვეთი და ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო თავად გადაწყვეტს, გადასცემს თუ არა საქმეს საგამოძიებო ორგანოს.

კვლევის პასუხებისთვის კანონი 30 დღიან ვადას  ითვალისწინებს, თუმცა დაჩქარებული წესით პასუხის მირება შესაძლებელია 5-დან 10 დღემდე. for.ge დაინტერესდა რა ვადებში მოითხოვა თავდაცვის უწყებამ ექსპერტიზისგან კვლევის პასუხები, თუმცა როგორც თავდაცვის სამინისტოში გვითხრეს, ექსპერტიზის ბიუროსთვის გაგზავნილ წერილში, არანაირი ვადა არ ყოფილა მითითებული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტრო თვეში ორჯერ ახორციელებს სასმელი წყლისა და საკვების ლაბორატორიულ შემოწმებას. ამჯერადაც, შესაბამისი წერილი  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მორიგი შემოწმებისთვის იქნა გადაგზავნილი.