ინტერპოლით ძებნილი ბიზნესმენის, ნუგზარ ბოჭორიშვილის ახლობლები პროკურატურისგან საქმეზე დროულ რეაგირებას ითხოვენ და უკვე მერვე დღეა, პროკურატურის წინ შიმშილობენ. მათი მტკიცებით, ბოჭორიშვილი წინა ხელისუფლების დროს „რესპუბლიკურ პარტიას“ აფინანსებდა და მის წინააღმდეგ ნაციონალებმა სწორედ ამიტომ შეთხზეს ნარკოდანაშაულის საქმე. თუმცა, რესპუბლიკელებს ბოჭორიშვილი აღარ ახსოვთ.
შიმშილობს, ასევე, საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ მას ბოჭორიშვილის წინააღმდეგ ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს. უფლებადამცველები კი ხელისუფლებას რამდენიმედღიან ვადას აძლევენ, რათა ნუგზარ ბოჭორიშვილის საქმესთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებით იმუქრებიან.
აღსანიშნავია, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს და მას ინტერპოლი ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი საქართველოში ჩამოსვლასაც აპირებს.
ჯერ კიდევ 2010 წლის 2 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი საერთაშორისო ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავა. ამას წინ უსწრებდა საჩვენებელი „სპეცოპერაცია“, თითქოს ქართველმა სამართალდამცველებმა სოფელ ტყაჩირში სათბურიდან ერთი მილიონ შვიდასი ათასი ევრო ამოიღეს. რეიდს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა და ხელისუფლების კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია უწოდეს და თავისი მოსაზრება იმით გაამყარეს, თითქოს, ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ნარკოდანაშაული გახსნეს. თუმცა ამ საქმეს რეზონანსი ნამდვილად ექნებოდა, სამართალდამცავებს ფულთან ერთად 220 კილო კოკაინი მართლაც რომ აღმოეჩინათ.
ნუგზარ ბოჭორიშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ის პატიმრებიც აპირებენ შიმშილობის დაწყებას, ვინც ბოჭორიშვილის საქმეში არიან მხილებულნი. კობაიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოჭორიშვილს ნაციონალები „რესპუბლიკური პარტიის“ დაფინანსების გამო დევნიდნენ, „რესპუბლიკური პარტია“ კომფორტულად გრძნობს თავს და ამ ადამიანს ყურადღებას არ აქცევს.
„ვითხოვთ ექსპერტიზის ჩატარებას იმ ფირებისთვის, რომლის მეშვეობითაც ბოჭორიშვილისთვის ბრალის წარდგენა მოხდა. ფირები დღემდე არ გადაგზავნილა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ექსპერტიზის შედეგად დადგინდებოდა, რომ ეს ფირები გაყალბებულია, რაც ახლად აღმოჩენილი გარემოება იქნებოდა საქმეში. მოვუწოდებთ პროკურატურას, ამ საქმით დაინტერესდეს, თორემ არ არის გამორიცხული, მსხვერპლით დამთავრდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობაიძემ.
თავის დროზე საერთაშორისო ნარკოკარტელის საქმეში მსჯავრდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილს ადვოკატი მანანა კობახიძე იცავდა. 2012 წელს მანანა კობახიძე აცხადებდა, რომ ათენში ბოჭორიშვილს ლიკვიდაციის მიზნით თავს დაესხნენ, თუმცა სასწაულებრივად გადარჩენილი ბოჭორიშვილი ამ საქმეში დათა ახალაიას ადანაშაულებდა. კობახიძის თქმით, თავდასხმამდე ბოჭორიშვილს დაუკავშირდა უცნობი პირი, რომელიც დათა ახალაიას სახელით დაემუქრა და მისგან ევროსასამართლოსთვის თავის დანებება მოითხოვა. თავდასხმასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიციამ მაშინვე დაკითხა ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელმაც დეტალური ჩვენება მისცა დათა ახალაიას წინააღმდეგ. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ბერძნულ პრესაშიც და საქმე ევროსასამართლოშიც გაიგზავნა.
ამ თემასთან დაკავშირებით For.ge-ს „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნიკა მემანიშვილი ესაუბრა.
ნაციონალების დროს ნუგზარ ბოჭორიშვილის მთელი საქმე აგებული იყო იმაზე, თითქოს იგი 2008 წელს კოლუმბიაში ჩავიდა, გამოძიებით დაუდგენელ ნარკოდილერებს დაუკავშირდა, რის შედეგადაც, ნარკოტრანზიტი დაგეგმა. თუმცა, კოლუმბიის საემიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, ბოჭორიშვილი ქვეყანაში არც ერთხელ არ არის ნამყოფი. როგორ გგონიათ, რატომ ბრკოლდება ამ საქმის გამოძიება საქართველოს პროკურატურაში?
- იმის გამო, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი ოპოზიციურ პარტიას აფინანსებდა, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი გაკულაკება გადაწყვიტეს. ამ საქმეში ურევია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის, დათა ახალაიას, ვანო მერაბიშვილის ხელი. ისე მოაწყვეს, თითქოს 220 კილოგრამ კოკაინს ედავებოდნენ. ამ დროს სახელმწიფო დეპარტამენტს გადაუგზავნეს მასალები, რომ 2010 წელს მხოლოდ და მხოლოდ 98 გრამი კოკაინი იყო საქართველოში აღმოჩენილი. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად შეუთითხნეს ბრალდება და ადამიანი უსამართლოდ გაასამართლეს. მას დაუჭირეს ყველა, თუკი ვინმეს დაჭერა შეიძლებოდა, ადამიანები, რომელებიც არანაირ შეხებაში არ იყვნენ ამ საქმესთან. ორი მოწმე აწამეს და მათ გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ამ წამებაში პირდაპირ დათა ახალაია მონაწილეობდა, მოწმე გაიტაცეს და ტყეში სცემდნენ, ეუბნებოდნენ, ეღიარებინა „დანაშაული“.
წამების ფაქტს ადასტურებს მოწმეც და აღიარებს, რომ ძალადობის გამო მისცა ჩვენება ნუგზარ ბოჭორიშვილის წინააღმდეგ. თავის დროზე მანანა კობახიძეც ხელს ადებდა დათა ახალაიას. რატომ არ ხდება ამ საქმეში კონკრეტული დამნაშავის გამოკვეთა?
- ეს მოწმე, რომელიც ზეწოლის, წამების, შანტაჟისა და გაუპატიურების შიშით ადებდა ხელს ბოჭორიშვილს, უკვე მერვე დღეა, შიმშილობს პროკურატურასთან და ითხოვს სამართლიანობის აღდგენას. ის დეტალურად ყვება, როგორ ემუქრებოდნენ და აწამებდნენ. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გაიხსნას ეს საქმე. სამწუხაროდ, ჩნდება ეჭვი, რომ კონკრეტულ პირებს არ აწყობთ ამ საქმის გამოძიება, თორემ, თუ რეალურად გამოიძიებენ, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გავლენ, კონკრეტულად, გავლენ სააკაშვილზე, მერაბიშვილზე, დათა ახალაიაზე, რომელმაც აწამა „მოწმე“ გიორგი ჩეჩელაშვილი და ის საკუთარ კაბინეტში რკინის ხელჯოხით სცემა.
სხვათა შორის, მილიონ 700 ათასი ევრო ამოიღეს მისი სახლიდან, ეს თანხა საერთოდ გაქრა ორი წლის განმავლობაში და გამოჩნდა მხოლოდ 2012 წელს, როცა არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა და ეს თანხა - მილიონ ასი ათასი ბიუჯეტში შეიტანეს. აქ სისხლის სამართლის დანაშაულზეა საუბარი, მაგრამ რეალური ქმედებები არ მიმდინარეობს. ამიტომ 3 აპრილს გავმართავთ აქციას და მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. სანამ მორიგი მსხვერპლი არ მიუღია საზოგადოებას, მანამდე უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება და ათასობით გამოუძიებელ საქმეს ხელი მოჰკიდოს.
ნარკორეალიზაციის ბრალდება, რის გამოც ნუგზარ ბოჭორიშვილი 2010 წელს დააკავეს, უსაფუძვლოა. ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად შეთითხნილი ბრალდება და ეს იცის ყველამ, მათ შორის, საბერძნეთის ხელისუფლებამ და თითოეულმა მოქალაქემ საქართველოში. ეს არ აინტერესებს ნაცმოძრაობას და „ქართულ ოცნებას“.
იმ პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ბოჭორიშვილი საერთაშორისო ბაზრებზე ანაწილებდა ნარკოტიკებს-პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან ჯართს აგზავნიდა, რომელშიც კოკაინის დიდი პარტიები იყო გადამალული. რით შეიძლება გაბათილდეს ეს ბრალდება, გარდა იმისა, რომ თქვენ ამბობთ, ეს არის პოლიტიკური დევნა? ინტერპოლმა რის საფუძველზე შეიძლება შეაჩეროს მისი ძიება?
- ეს არის შეთითხნილი ზღაპარი. სტრასბურგში ვდავობთ ამასთან დაკავშირებით და, თუ ეს ხელისუფლება არ გამოიძიებს ამ საქმეს, სხვაგან მაინც ვიპოვით სამართალს. ეს გარდაუვალია. იურიდიული მექანიზმების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მე იურისტი არ ვარ, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ვარ. პოლიტიკურ შეფასებას რაც შეეხება, საბერძნეთის ხელისუფლებამაც კარგად იცის, რომ ეს იყო მიზანმიმართული შურისძიება ნაცმოძრაობის მხრიდან და ინტერპოლს თავის დროზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ეს არის ფაქტი, თორემ ასობით ადამიანი, პოლიტიკურად დევნილი პირი, იძებნებოდა ინტერპოლით „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.
ნუგზარ ბოჭორიშვილი ამჟამად ათენში ცხოვრობს. თავის დროზე მანანა კობახიძე იყო მისი ადვოკატი. ამჟამად მანანა კობახიძე თუ ცდილობს, სამართლიანობის აღდგენაში დაეხმაროს ყოფილი დაცვის ქვეშ მყოფ ბოჭორიშვილს?
- ეს მას შეიძლება ჰკითხოთ. ჩვენი ინფორმაციით, ფაქტია, მანანა კობახიძე არაფერს აკეთებს, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილს დაეხმაროს, უფრო სწორად, სამართლიანობის აღდგენას დაეხმაროს. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა დაივიწყეს სამართლიანობა, დაივიწყეს ნუგზარ ბოჭორიშვილიც და შეთითხნილი ბრალდებაც. თორემ ამ ადამიანებს ეს საქმე ორი წლის განმავლობაში პირზე ეკერათ, სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა. ნუგზარ ბოჭორიშვილს მოლოდინი აქვს, რომ მის საქმესთან დაკავშირებით მაინც აღდგება სამართლიანობა, რადგან ხუთი ადამიანი აბსოლუტურად უკანონოდ ზის ამ საქმეზე ციხეში. ცხადია, იგი ღელავს, რომ ეს ადამიანები მისი ნათესაობისა და მეგობრობის გამო უკანონოდ სხედან ციხეში.
ნუგზარ ბოჭორიშვილის საქმესთან დაკავშირებით For.ge-მ მანანა კობახიძესთანაც სცადა დაკავშირება, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.