თბილისში ჯიხურები ბრუნდება

თბილისში ჯიხურები ბრუნდება

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ჯიხურები ბრუნდება. მერიამ უკვე შეარჩია ადგილები, სადაც დაინტერესებულ პირებს ჯიხურის განთავსება შეეძლებათ.

ერთი პერიოდი, თბილისში „ბუტკების“ ბუმი იყო, ყველა წერტილში სავაჭრო ჯიხური იდგა და ირონიით ამის გამო თბილისს „ბუტკისიც“ შეარქვეს. ნაციონალების დროს ერთი-მეორის მიყოლებით არაერთი ჯიხური ქრებოდა და ეს ხდებოდა ღამით, ამწე მოწყობილობის მეშვეობით, დილით კი ჯიხურის მესაკუთრეებს ცარიელი ადგილი ხვდებოდათ.

იმ პერიოდში ძველ ჯიხურებთან ბრძოლა „უსახურობის“ მოტივით აიხსნებოდა, რეალურად კი, ცალკეული შემთხვევები დავით კეზერაშვილს უკავშირდებოდა. მაგალითად, პრესის ჯიხურების განთავსების ნებართვას თბილისის მერია მხოლოდ პრივილეგირებულ კომპანიებს აძლევდა, მათ შორის, „აუთდორ ჯის“, „ლატარიის კომპანიასა“ და „ვაით დისტრიბუშენს“. სამივე კომპანიის მფლობელი კი თავდაცვის ექსმინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი იყო.

რაც შეეხება სურსათის ჯიხურებს, მათი მეპატრონეები ჩიოდნენ, რომ ისინი ნაციონალებთან „კონკურენციის“ გამო დასაჯეს. ასე მაგალითად, მერვე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჯიხურის დაჯარიმებული მეპატრონე ირწმუნებოდა, რომ მისი ჯიხური, სადაც მხოლოდ სიგარეტი და გამაგრილებელი სასმელები იყიდებოდა, „ნუგეშის“ ჯიხურის კონკურენტად ჩათვალეს და მოაცილეს, მაშინ, როცა ის ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევდა „ნუგეშის“ ჯიხურს.

რისთვის აიღეს ნაციონალებმა ჯიხურები, ან რატომ დადგა მათი დაბრუნების საჭიროება დღის წესრიგში?

ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიის ყოფილი პრესსპიკერი ბაჩო დოლიძე ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი მიზნად ისახავდა იმ ბარიერების მოსპობას, რომელიც დედაქალაქში ჯიხურების ჩადგმის პროცესს ხელს უშლიდა.

„კერძოდ, ჩვენი გათვლა იყო ის, რომ მაქსიმალურად მოგვესპო ბიუროკრატია და ნაცნობობის პრინციპი. ასე ხდებოდა ადრე ამ ჯიხურების ლეგალიზება. იყო უამრავი პრობლემა, ნაცნობი უნდა გყოლოდა მერიაში, რომ ჯიხური სადმე ჩაგედგა. 1000 ჯიხურის პროექტის ფარგლებში ამ სფეროში ქაოსი დასრულდა“.

დღეს კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე For.ge-სთან საუბარში იხსენებს, რომ ნაციონალები ჯიხურებთან დაკავშირებით მუდმივად კრიტიკის ქვეშ იყვნენ, ახლა კი უცნაურია, ყველაფერი, რაც ნაციონალებს უკავშირდებოდა და იყო ცუდი, რატომ გახდა კარგი?!

სევდია უგრეხელიძეს ისიც აინტერესებს, დღეს, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა უმძიმესია და ხალხი მაღაზიებში რამის საყიდლად ვერ შედის, როგორ განვითარდება ჯიხურების ბიზნესი?!

„ეკონომიკური დაცემის დროს ეს ბიზნესი ძალზე სახიფათოა. შეიძლება, ადამიანები ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნენ, ხარჯი გასწიონ და არათუ მოგება არ ნახონ, არამედ უბედურების ახალი წყარო მიიღონ, რადგან იჯარის ფასს ვერ გადაიხდიან და ამას მერე მოჰყვება ახალი სასამართლო დავები. მით უმეტეს, ეს ადამიანები არ გამოირჩევიან დიდი ბიზნესგამოცდილებით და ნიჭით. გარდა ამისა, ძალიან დიდი ნეპოტიზმი და კორუფციაა მერიაში და ვშიშობთ, ამ ჯიხურების განთავსება ახალი ნეპოტიზმის წყარო გახდება. თორემ, თავისთავად, საშუალო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით ჯიხურებისთვის დროებითი ადგილების იჯარით გაცემა ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. ეს ჩვენი დროიდან მოდის და ჯიხურების იდეას თუნდაც იმიტომაც ვემხრობით, რომ თითქმის შეწყვიტა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ მუშაობა, არც არაფერს ყიდიან და აუქციონებიც ამდენ ხანს შეჩერებული იყო. ამიტომ იჯარები აუცილებელია, შემოსავალი ხომ უნდა მიიღოს ქალაქმა? მთავარია, ეს პროექტი ცალმხრივი არ იყოს და იმუშაოს“, - აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.

თუ რატომ გამოუცხადეს თავის დროზე ნაციონალებმა ბრძოლა ჯიხურებს, სევდია უგრეხელიძე ამის შესახებ აცხადებს, რომ თავის დროზე ეს გაკეთდა გარე ვაჭრობის მოსპობის მიზნით, გარდა ამისა, მაშინდელი ჯიხურების დიზაინი არ შეეფერებოდა, ამახინჯებდა ქალაქის განვითარებულ იერსახეს და ეს იყო ადამიანების მიერ გაჭირვებით შეკოწიწებული, სრულიად განსხვავებული „დიზაინი“. მით უმეტეს, ჯიხური ისეთი რამაა, ვერასოდეს დაამშვენებს დედაქალაქს. ჯიხური დროებითი ნაგებობაა და ესაა გარკვეულ დათმობაზე წასვლა ეკონომიკური განვითარების მიზნით. ამდენად, თუ ჯიხურებს საზღვარი არ დაუდეს, თუ ადგილების შერჩევისას ხელი შეუშალა მოძრაობას და დაამახინჯა ქალაქის ნორმალური გარემო, მაშინ კონკრეტულ ადგილებში მათი დადგმა გაუმართლებელია.

რაც შეეხება საგაზეთო ჯიხურებს და მასთან დაკავშირებით კეზერაშვილის ცოლისძმის ინტერესს, ჩვენ დავინტერესდით, აპროტესტებდა თუ არა სევდია უგრეხელიძე ე.წ. პრივილეგირებული ჯიხურების არსებობას ჩვენს ქალაქში?!

„კითხვები, რომლებიც ჩნდებოდა საზოგადოებაში, ჩვენზეც აისახებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვიყავით თუ არა ხელისუფლებაში. მაშინაც ვამბობდი, თუკი რაიმე უკანონოდ მოხდა, უნდა გასაჩივრებულიყო და გარკვეულიყო, მონოპოლია რამ შექმნა, დაირღვა თუ არა კანონი. პრესის ჯიხურს არ ახლავს ჭუჭყი, პროდუქტის ნარჩენი და სიბინძურე, განსხვავებით სასურსათო ჯიხურისგან. უცხოეთშიც დგას ასეთი ჯიხურები, ავსტრიაში, გერმანიაში და იქ ეროვნული საკვები იყიდება-  სოსისი, ჰოთ-დოგი და სხვა“.

***

ცნობისთვის, ჯიხურების განსათავსებლად პირველი ინტერნეტაუქციონი 6 აპრილს გაიმართება, რომელზეც საწყის ეტაპზე 57 ლოტი გავა. აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია, სარგებლობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა. თბილისის მერია მომხმარებელს სთავაზობს 12 ესკიზს. ჯიხურების იჯარით სარგებლობის ვადა 5 წელია. წლიური საწყისი საიჯარო ქირა თითოეულ ლოტზე აუდიტის მიერ დადგენილი ფასის მიხედვით განისაზღვრება. ჯიხურისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი 6 კვადრატული მეტრია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის წინა ხელმძღვანელობამ ანალოგიური, ე.წ. „1000 ჯიხურის“ პროექტის განხორციელება 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო. გამოცხადებული აუქციონის ფარგლებში პირველი ვაჭრობა 7 ნოემბერს შედგა, სადაც ვაჭრობის ფასი 1000-დან 36 ათას ლარამდე დაფიქსირდა. აუქციონში, რომელიც პრესის გავრცელების ძველი ჯიხურების ნაცვლად ახალი სავაჭრო ჯიხურების დადგმას ითვალისწინებდა, მსხვილმა კომპანიებმა - “ნუგეში”, “კოდა”, “კუმისი”გაიმარჯვეს.