ახალი „მუდმივი“ კალენდარი

ახალი „მუდმივი“ კალენდარი

უკრაინელმა ფიზიკის მასწავლებელმა, ალექსანდრე მაკარჩუკმა შექმნა წლის ათვლის სისტემის თავისი ვარიანტი – „მუდმივი კალენდარი“. მან წინადადება წამოაყენა, წელიწადი 13 თვედ დავყოთ, ხოლო ყოველი მათგანი – 28 დღედ. თავისი გამოგონება მაკარჩუკმა უკვე დააპატენტა. გრიგორიანული კალენდრის შეცვლის აუცილებლობას გამომგონებელი ასაბუთებს იმით, რომ ახლა ყოველ წელიწადს „იკარგება“ რამდენიმე წამი, ხოლო თუ ახალ თვეს – გრიბენს შემოვიღებთ, აგვისტოსა და სექტემბერს შორის, პრობლემა შეიძლება გადაწყდეს.

ალექსანდრე მაკარჩუკმა უკვე მიმართა საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს და კალენდრების მსოფლიო ასოციაციას გამოგონების დანერგვის თაობაზე. მაგრამ, იქ წერილებს უბრალო მოქალაქეებისგან არ იღებენ. უკრაინელი ჩინოვნიკები კი არ ფიქრობენ დაეხმარონ მას ამ საქმეში.

ექსპერტებიც, ასევე სკეპტიკურად არიან განწყობილი „მუდმივი კალენდრის“ მომავლის შესახებ. აკადემიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ვასილი ბელიხი მიიჩნევს, რომ მაკარჩუკის იდეა აზრს მოკლებული არ არის, მაგრამ მსოფლიო ასეთი გლობალური ცვლილებებისთვის მზად არ არის. მისი სიტყვებით: „ეს გამოიწვევს კოლაფსს ისტორიულ მეცნიერებაში, ვინაიდან საჭირო გახდება მთელი ისტორია თავიდან გადაიწეროს – ახალი კალენდრის მიხედვით“.

ამ დროს „გაერო“ უკვე განიხილავს წელთაღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობას. ვარიანტთა შორისაა კალენდარი, სადაც წელიწადი იწყება კვირით, ხოლო კვირას დაემატება კიდევ ერთი შაბათი. ამას გარდა გამორიცხული არაა „სიმეტრიული კალენდრის“ ვარიანტი: ყოველი თვე იწყება ორშაბათით, მაგრამ დღეების რიცხვი თებერვალში, მაისში, აგვისტოსა და ნოემბერში 35-მდე გაიზრდება.