როგორ ადამიანებს უვითარდებათ ნევროზი

როგორ ადამიანებს უვითარდებათ ნევროზი

ნევროზი ის დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად ნერვული სისტემის ფუნქციური აშლილობა უდევს და რომლის სრული გამოსწორებაც შესაძლებელია მხოლოდ სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ. არსებობს რამდენიმე ტიპის ნევროზი, კერძოდ: ნევრასთენია, ისტერია და აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზებიც.

ნევრასთენიის გამომწვევია ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლა, გადაქანცვა, უსიამოვნო განცდები, შინაგანი ორგანოების ინფექციური და სხვა სომატური დაავადებები. მისი ნიშნებია მომატებული აღგზნებადობა, ემოციურობა, სწრაფი გადაღლა, გაფანტული ყურადღება, შრომის უნარის დაქვეითება, უძილობა, დღისით მოთენთვა, უმადობა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, გულის ცემის გახშირება ან პირიქით, შენელება, არტერიული წნევის მერყეობა და ოფლიანობა.

ისტერიული ნევროზი კი, ვითარდება თავისებური ხასიათის მქონე ადამიანებში. ის შეიძლება, გამოვლინდეს თითქმის ყველა დაავადების მსგავსი ნიშნებით.

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის დროს, ზოგად ნევროზის ნიშნებთან ერთად, აღინიშნება სხვადასხვა სახის აკვიატება, კერძოდ, აკვიატებული აზრები, მოქმედებები და შიშები. აკვიატებული იდეების დროს აღინიშნება ყოყმანი, შიში, სხვადასხვა დაავადების აკვიატებული შიში. ზოგს ეშინია ღია ან დახურული სივრცის და ასე შემდეგ.

დეპრესიულ, იპოქონდრიულ და სექსუალურ ნევროზებს ნევრასთენიის ფარგლებში განიხილავენ.

ნევროზი აბსოლუტურად მოსარჩენი დაავადებაა. მისი მკურნალობა აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობისა და მისივე დანიშნული მკურნალობის კურსის ჩატარებით. წამყვან მეთოდად ითვლება ფსიქოთერაპია, ასევე, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რაციონალურ ფსიქოთერაპიას და ავტოტრენინგს, ისტერიის დროს – შთაგონებას და ჰიპნოზურ ზემოქმედებას.

ნევროზული აშლილობა ბავშვებში მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება. ხშირია ამ დროს ენაბლუობა, ღამის შიშები, შარდის შეუკავებლობა, კრუნჩხვები, უმადობა, ჭირვეულობა, უაზრო მოქმედებები, ყვირილი და ასე შემდეგ.

ბავშვთა ნევროზების სამკურნალოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოტრავმული მიზეზების აღმოფხვრას. ბავშვი ადვილად ემორჩილება შთაგონებას. ამიტომ, მის გვერდით, უფროსი ადამიანი მეტად დაკვირვებულად უნდა მოქმედებდეს, შეუქმნას მას საერთო ფსიქოთერაპიული გარემო და არ აჰყვეს მისი თანდასწრებით შიშსა და შფოთვას.