„უკვე იმედიც დავკარგე, სამართალი ვერ ვიპოვე, ამ ქვეყნიდან უნდა წავიდე“

„უკვე იმედიც დავკარგე, სამართალი ვერ ვიპოვე, ამ ქვეყნიდან უნდა წავიდე“

2015 წლის 2 მარტს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც საჯარო მოხელის დანაშაულებს გამოიძიებს. როგორც მაშინ ქვეყნის მთავარი პროკურორი ირწმუნებოდა, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები.

გიორგი ბადაშვილის განცხადებით, ამ განცხადებებიდან  პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას როგორიცაა ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული დეპარტამენტი დაკომპლექტდა დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, 4 პროკურორის, 10 გამომძიებლის და 4 კოორდინატორის შტატით. მიუხედავად იმისა, რომ დეპარტამენტი ერთ თვეზე მეტია შეიქმნა, ამ დრომდე ოფიციალურად არ არის ცნობილი ვინ არიან ის 4 პროკურორი, 10 გამომძიებელი და 4 კოორდინატორი.

შეგახსენებთ, მთავარ პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ დეპარტამენტში გამომძიებლებად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ, მთავარ პროკურატურაში შემოსულ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება.

მიუხედავად ოფიციოზის განცხადებებისა, რამდენადაც for.ge-სთვის პროკურატურიდან გახდა ცნობილი, გარდა ირაკლი ნადარეიშვილისა, რომელიც სათავეში ჩაუდგა ახალ დეპარტამენტს, სხვა სიახლე ამ მიმართულებით არ არის. მეტიც, არც ერთი პროკურორი და გამომძიებელი ჯერჯერობით დანიშნული არ არის. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, დეპარტამენტის დაკომპლექტება არც უახლოეს მომავალში იგეგმება.

სამართლიანობის აღდგენა არის ამ ხელისუფლების უმთავრესი წინასაარჩევნო ლოზუნგი, რომელმაც ძალიან დიდად განაპირობა ელექტორატის მხარადაჭერა მისდამი და სწორედ, ამიტომ მისცა ამომრჩეველმა ამ დაპირების ავტორს მანდატი. რა არის სამართლიანობის აღდგენა ქართული საზოგადოებისთვის? - ნაწილისთვის, ვისი შრომითი უფლებები დაირღვა - სამსახურში აღდგენა, მეორე ნაწილისთვის ქონების დაბრუნება, სხვისთვის კიდევ - სახელის რეაბილიტაცია. თუმცა, არც ერთი ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმული.

იმისათვის, რომ სამართლიანობის პროცესი დაიწყოს, ამისთვის აუცილებელია საკანონდმებლო ცვლილება. როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, საკანონმდებლო ცვლილების გარეშე სამართლიანობის აღდგენა ვერც დაიწყებოდა და ვერც ახლა დაიწყება.

„კბილაშვილის პრკურატურა ამ ხალხს ეუბნებოდა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებებია საჭირო, რომლის შემდეგ განვიხილავთ ამ საქმესო. ეს წერილები შენახული აქვთ ამ ადამიანებს. ახლა იტყვიან, რომ ის პროკურატურა და ეს პროკურატურა ერთი არ არის, თუ რა ხდება? ჯერ კიდევ სანამ დროა, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება. მთავრობის სტრატეგია შეიძლება იყოს შემდეგი - დავიწყე სამართლიანობის აღდგენა და მოდი, კიდევ ერთხელ მომეცი მანდატი, რომ გავაგრძელო ეს პროცესიო, მაგრამ უკვე, კონკრეტული შედეგის გარეშე ამომრჩეველი ამ მანდატს არ მისცემს ხელისუფლებას.

მესმის, რომ ნამდვილად არ არის ადვილი პროცესი, მაგრამ როცა ვსაუბრობთ ახალი დეპარტამენტის შექმნაზე, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. სხვა საკითხია, რომ მთავრობამ ასე წარმოაჩინა პიარის კუთხით, თუმცა, რეალურად, პროკურატურაში შეიქმნა ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული და სხვა არაფერი. სამართლიანობის აღდგენას გააზრებული სტრატეგია და რაც მთავარია, გამჭვირვალეობა სჭირდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

ახალი დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ არაფერი იციან თავად დაზარალებულებმა. თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით გასამართლებული ბიზნესმენი ლევან ცხოვრებაშვილი აცხადებს, რომ მისი შევიწროვება და გაკოტრების პროცესი ახალი ხელისუფლების პირობეშიც გრძელდება.

„ზოგი ვის არის ამოფარებული და ზოგი ვის. თითქმის სამი წელი გავიდა, რაც არ ვმუშაობ და იცით რატომ? - იმიტომ, რომ რაღაც გაუგებარ რეგულაციებს მიწესებენ. ალბათ, იფიქრეს, რომ ამან სამართალს ვერ მიღწია და მოდი, ბოლომდე შევავიწროვოთო. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი გაირკვევა. რაც ბესო ხარძიანს შეემთხვა, ეს არის კატასტროფა ჩვენთვის, ისეთ ჩიხში შევედით, რომ იქიდან გამოსვლა გაგვიჭირდება.

ასეთი რამ არსად არ ხდება. 2012 წელს შევიტანე განცხადება, რაზეც მომივიდა წერილობითი პასუხი, რომ ხარვეზების კომისია არ შექმნილა და მერე გადავხედავთო. შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, მაგრამ არც იქიდან დამკავშირებიან. თუ რამე მეშლება, დამიბარონ და მითხრან, რომ შენ რაღაცა გეშლება და გავჩერდები საერთოდ, იქით მოვუხდი ბოდიშს, მაგრამ არაფერიც არ მეშლება. ჩემი სიმართლე უნდა დავამტკიცო და პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩემი პატიოსანი სახელი დავიბრუნო. თაღლითის იარლიყით არ ვივლი, ეს გამორიცხულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ცხოვრებაშვილი.

პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე, რომელიც სამართალს სასამართლოს გზით ეძებს და რამდენიმე პროცესი უკვე მოიგო.

„არც ველოდები, რომ პროკურატურა უახლოეს დღეებში გააქტიურდება და შედეგებს დადებს. ვერ გეტყვით, რომ სახარბიელო მდგომარეობაში ვარ საქმის გამოძიებისა და სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. იმ დროს, როდესაც ბატონები 5-6 მილიონს იხდიდნენ იმისათვის, რომ ოღონდ გამომიშვით იმ ჯოჯოხეთიდანო, მე ციხეში ვიყავი და არავითარი გარიგება არ მქონდა. ის ბატონები, რომლებიც ფულს უხდიდნენ მაშინ ადეიშვილს, დღეს უნდათ, რომ რიგითობაში მე გამისწრონ, მაგრამ ვერ გამისწრებენ.

რაც მთავარია, ნუ ვიტყვით, რომ დღეს ძალიან კარგად არის საქმე სამართლიანობის აღდგენის მხრივ. თუმცა ჩემთან მიმართებაში არც ცუდად არ არის - დღეს ერთი პროცესი მოვიგე, გუშინ კიდევ ერთი და ვარ ასეთ მდგომარეობაში. ასე რომ, ველოდები სამართლიანობას, სამართლებრივი გზით და არა პროკურატურისგან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ჯემალ ლეონიძემ.

პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბიზნესმენის, თემურ ყორშიას მეუღლე ლალი ჯინჭარაძე, რომელიც ქონების უკანონო მითვისებაში სამეგრელოს ყოფილ პროკურორს, როლანდ ახალაიას ადანაშაულებს. მისივე თქმით, მთელი მათი ბიზნესი და ქონება ახალაიამ მის დისშვილზე, ბესო ცხადაიაზე გადააფორმა და დღესაც ახალაია განკარგავს მისთვის წართემულ ბიზნესს.

„როგორც კი მოვიდა ახალი მთავრობა, განცხადება შევიტანე პროკურატურაში, ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენი საქმე გადაეგზავნათ ისევ ზუგდიდის სამხარეო პროკურატურაში. სანამ ხმაური არ ავტეხე, მანამდე საქმე არ წაიღეს ცენტრალურში. დღემდე ატრიალებენ ამ საქმეს და როგორც მითხრეს, იმ დიდ საქმესთან ერთად არის ჩვენი საქმე. მითხრეს, რომ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ ბევრი სარჩელია შეტანილი და ერთ-ერთი პირველი თუ არა, მეორე საქმე თქვენიაო.

მას შემდეგ არავის დავუბარებივარ. ვურეკავ, ვკითხულობ რა სტადიაშია ჩვენი საქმე, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებ. დაიბარეს ახალიას დიშვილი და სამხილი ვერ ვიპოვეთო. ალბათ, როლანად ახალაიასგან ელოდებიან აღიარებით ჩვენებას. მეტი რა სამხილია საჭირო, კაცი გაიქცა აქედან, დააჭერინეს, ციხეში დაქირავებული მკვლელი შეუგზავენს და მოკლეს“, - აცხადებს ლალი ჯინჭარაძე და დასძენს, რომ ქვეყანაში სამართალი ვერ იპოვა და ქვეყნიდა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„უკვე იმედიც დავკარგე. სამართალი ვერ ვიპოვე ამ ქვეყანაში, ამიტომაც ამ ქვეყნიდან უნდა წავიდე, დიახაც იმიტომ, რომ შიში მაქვს, იმიტომ, რომ დაუსჯელობის სინდრომია. რა გარანტია მაქვს, რომ არ მომკლავენ ესენი? როლანდ ახალაია თვითონ დაიჭერს იარაღს და ისე მომიშორებს? ვიღაცას დაიქირავებენ და მორჩა. მითხარით, ვინ არის დაცული დღეს საქართველოში? დანახვა არ მინდა ამ ქვეყნის, რომელსაც მთელი ჩემი ქველმოქმედება შევწირე, მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ აღარ მინდა აქ ცხოვრება. ასეთ განუკითხაობაში ცხოვრებას, ჯუნგლებში ცხოვრება მირჩევნია. ხალხი მორალურად არის განადგურებული და რომელ სამართალზეა საუბარი?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლალი ჯინჭარაძე.