შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი ექსპერტები ეწვივნენ

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი ექსპერტები ეწვივნენ

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დონ ბრაუნი, ელიზაბეტ დუფრეინი და მარკ რეძინსკი ეწვივნენ.

სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ქალაქ ბათუმში, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოში, უმასპინძლა. დღესვე ექსპერტებს ქალაქ ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ს/პ I რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი შეხვდება. შეხვედრებზე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად სამომავლო დახმარების მასშტაბები და კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.

ამერიკელმა ექსპერტებმა ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის N1 სამმართველოს მე-2 სასაზღვრო სექტორისა (კირნათი) და N4 სასაზღვრო სექტორის (ქედა) მშენებლობისთვის სოფელ ოქტომბერში, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ წინასწარ შერჩეული მიწის ნაკვეთი დაათვალიერეს. ექსპერტები საქართველოში 2 აპრილის ჩათვლით დარჩებიან.