„ჩვენ, ბიზნესმენები ყველაზე სუსტები ვართ, დამიჯერეთ ასეა“

„ჩვენ, ბიზნესმენები ყველაზე სუსტები ვართ, დამიჯერეთ ასეა“

ბიზნესმენი ჯონი გიგანი აცხადებს, რომ ბიზნესმენებს საფრთხე ემუქრებათ არა მხოლოდ ყოფილი, არამედ მოქმედი ხელისუფლებისგანაც. მისივე თქმით, კლავენ იმათ, ვის საქმეშიც დღეს მოქმედი სახელმწიფო მოხელის დანაშაული გამოიკვეთება. ბიზნსემენი თვლის, რომ სანამ ის პირები იქნებიან ხელისუფლებაში, რომლებიც გია უდესიანს მფარველობენ, დაკითხვებით არაფერი შეიცვლება, რადგან უდესიანი ისევ დაუსჯელი დარჩება.

ჯონი გიგანი ერთ-ერთია, რომელიც უდესიანს მისი მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, გია უდესიანმა წლების წინ ესროლა, მაგრამ კბილაშვილის პროკურატურამ საქმეს მსვლელობა არ მისცა. ბიზნესმენი ამბობს, რომ უდესიანმა მას 3 მეტრის სიშორიდან ესროლა და ტყვიამ შუბლთან გაუარა. უკვე ცნობილია, რომ გიგანი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს და მას კითხვებს გია უდესიანთან დაკავშირებით დაუსვამენ.

რაში ადანაშაულებს ყოფილ გენერალურ პროკურორს და მის მოადგილეს, რატომ ურჩევს პრემიერს გადადგომას და რატომ დაიწყო ბიზნესმენების მკვლელობა ქვეყანაში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ბიზნესმენ ჯონი გიგანს ესაუბრა.

ბატონო ჯონი, რატომ დაიწყო ასეთი პროცესები ქვეყანაში, ვინ დგას ამის უკან?

- ძალიან ცუდი მდგომარეობაა ქვეყანაში შექმნილი. საკუთარ სადარბაზოში მოკლეს ბიზნესმენი. ნაციონალების დროს ბესო ხარძიანი საკუთარმა ბიზნეს პარტნიორმა დაამწყვდია, დღე და ღამე ცემდა და ამ გზით აძულებდა საკუთარი ქონების გადაფორმებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ვენდეტაზე ლარაპარი არ ყოფილა. ვედენატზე რომ ეფიქრა, ვენდეტის წესიდან გამომდინარე, ციხიდან გამოსვლის პირველივე დღიდან უნდა ეზრუნა, რომ უდესიანი თავის ადგილზე ჩაერეცხა, მაგრამ, ეს არ უნდოდა და სამართლებრივი გზით წავიდა. ერთი რამეს უნდა მივხვდეთ, საქართველოში ვისაც ბიზნესი აქვს, ის ძალიან უსუსურია.

რატომ?

-იმიტომ, რომ სამწუხაროდ შემდგარი ქვეყანა არ ვართ. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ ეს უნდა გავიგოთ, რომ ბიზნესმენს არავისი ყაჩაღობა და მითუმეტეს არც ვენდეტა არ აწყობს.

რაც შეეხება რა მოხდა, მოხდა ის, რომ ნაციონალების დროს გაჩინოვნიკებულმა უდესიანმა, ხოლო ახლა, უკვე, ნარკომანმა ჩინოვნიკმა ნაცვლიშვილმა გაანადგურეს ოჯახი.

„ოცნების“ მხარდამჭერებმა მოვიყვანეთ და დავსვით პროკურორად ადვოკატი კბილაშვილი, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული მოვალეობა შეესრულებინა. არც ერთი კანონი არ შეასრულა ამ მოთრეულმა კაცმა. მაპატიეთ ასეთი გამოთქმისთვის, მაგრამ მოთრეულია ის, რომელიც კანონს არღვევს. დღეს რა ვითარებაც არის, სწორედ, რომ გამოიწვია მისმა უმოქმედობამ. დღეს ბიზნესმენები იცით როგორ მდგომარეობაში ვართ? - აი, როგორც კრავები ისე ვართ. ნაციონალებს აწყობთ, რომ მოკვდნენ ბიზნესმენები, იმიტომ, რომ უნიათო უწოდონ „ოცნებას“. „ოცნებას“ აწყობს იმიტომ, „ოცნების“ ჩინოვნიკებმა, რომ ფულები აკეთეს, ეს ფაქტი დამალონ ბიზნესმენებმა. ახლა მითხარით, ჩვენ რა ვქნათ ბიზნესმენებმა?! როგორც ბესო იძახდა, თუ ნაცვლიშვილმა აიღო ფული, კბილაშვილს და ამ ჩინოვნიკებს არ აწყობთ მოკვდნენ ეს ბიზნესმენები, რომ არ ჩაუშვან? - აწყობთ. ჩიხშია ქვეყანა შესული. ამიტომ დროზე გამოვცვალოთ ეს ჩვენივე მოყვანილი ხელისუფლება. მიწებებული ხომ არ არიან სკამებზე, სასწრაფოდ წავიდნენ, ეს რა უბედურება ხდება ქვეყანაში.

ნაცვლიშვილის თემას, რომ დავუბრუნდეთ, ნაცვლიშვილი იმდენად გავლენიანი ფიგურა იყო, რომ ფული აეღო და ამის სანაცვლოდ შეეჩერებინა საქმის გამოძიება? რომ არა ხელისუფლების ნება, დამოუკიდებლად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას? მაშინ პრემერ-მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილი...

- ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა იმიტომ, რაც გააკეთა - თქვა, მოვდივარ იმიტომ, რომ ეშველოს იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში ტრილაებს და ორ წელიწადში წავალო. წავიდა კიდეც, მაგრამ აი, თვითონ ივანიშვილმა ვინც დატოვა, მათ როგორც თხა, ისე გაყიდეს.

საზოგადოების ნაწილი ყველაფერ იმაზე, რაც ხდება პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს...

- მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ივანიშვილზე, მაგრამ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგაა მიმართული. მინდა მივმართო ბატონ ბიძინას, ჩემი თხოვნაა:  იქნებ, სასწრაფოდ გაუშვათ ესენი და მოიყვანოთ გუნდი, რომელიც გყავთ.

საბოტაჟი ხომ არის და არის, მაგრამ უფრო უარეს დღეში ჩავარდება ბატონი ბიძინა, თუ ახლა ამ სიტუაციას არ მიეხედა.

ერთი მოკლეს, მეორე მოკლეს, მესამესაც მოკლავენ და კლავენ საქართველოს დამაქცევრები და კორუფციონერები. ვისაც ბიზნესის ნიჭი არ აქვს და ფული უყვარს, აი, ეს ხალხი ღუპავს ახლა საქართველოს. იცით, რატომ უნდათ ასე ძალიან მთავრობაში მოსვლა? - იმიტომ, რომ ბიზნესში არაფერი არ გამოუვიდათ და მოდიან მთავრობაში იმისთვის, რომ მოკლეზე მოიპარონ ფული.

ბატონო ჯონი, როგორც ცნობილია წლების წინ თქვენც გესროლათ უდესიანმა, თქვენ მიმართეთ პროკურატურას საქმის გამოძიების მიზნით. აღიძრა საქმე თქვენი განცხადების საფუძველზე?

- უდესიანი მაშინ რომ დაეჭირათ, ეს კაცი დღეს ცოცხალი იქნებოდა. მე ხელს არ ვადებ უდესიანს, ვამბობ იმას რასაც ამბობს ბესოს ოჯახი და ვეთანხმები მათ. რა თქმა უნდა, უდესიანს ჭკუა არ აქვს, შეიძლება ვიღაცა იყენებს და მერე ჩვეულებრივად უდესიანიც გაქრება, მერე ნაცები ყველაფერს დააბრალებენ ამათ და ასეთ სიბინძურეში უნდა ვიყოთ მთელი ცხოვრება.

რაც შეეხება ჩემს ფაქტს, ვიღაცა რომ მკლავს, მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს რატომ მკლავს? ეს ამათმა არ გამოიძიეს. შევიტანე განცხადება პროკურატურაში, მაგრამ გარეწარმა ნაცვლიშვილმა და კბილაშვილმა დაკითხვაზე არ დამიძახეს. არ დამიძახეს იმიტომ, რომ დიდი ფული აიღეს. ნაცვლიშვილს რომ ვერ ვიჭერთ, ყაჩაღს, რომ ვერ ვიჭერთ, ამიტომაც გვაქვს კარგად საქმე. უკუღმა ვცხოვრობთ.

თქვენ იზიარებთ ხარძიანის დის განცხადებას, რომ ეს მკვლელობა უდესიანმა შეუკვეთა?

- ვიზიარებ. ბესოს მკვლელობა აწყობდათ ნაციონალებს და იმ ჩინოვნიკებს, რომლებმაც უდესიანისგან აიღეს ფული და დღეს მთავრობაში არიან. ყველანი დამნაშავეები არიან, მაგრამ საერთო პასუხისმგებლობა მთავრობას აქვს. ამიტომ, ვთხოვ ივანიშვილს, სანამ მეორე, მესამე და მეოთხე ბიზნესმენს არ მოკლავენ, მიხედოს ამ საქმეს. რომელი ბიზნესმენი ვართ უკვე რიგში არავინ იცის. იცით როგორ არის? - აი, რომელი ბიზნესმენისაც ეშინია მთავრობას თუ ნაცონალებს, მათ მოკვლას დაიწყებენ.

რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას, ასეთი დაუცველები არიან ბიზნესმენები დღეს ქვეყანაში?

- ბიზნესმენი და ნებისმიერი მოქალაქე დაცული მაშინ არის, როდესაც კანონი კანონობს, პროკურატურა და პოლიცია თავის მოვალეობას ასრულებს. რომელიმე საქმე გამოიძიეს? ვინც დასაჭერი იყო, დაიჭირეს? ბიზნესმენებმა ბანდები შევქმნათ? ვერ შევქმნით ჩვენ ამას იმიტომ, რომ პერსპექტივა არ აქვს. ძალა ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ მარტო ფულს ვიხდით ბიუჯეტში, მერე იმ ფულს ხალხი და დაქირავებული ჩინოვნიკები მოიხმარენ. ჩვენ, ბიზნესმენები ყველაზე სუსტები ვართ, დამიჯერეთ ასეა. ასეთ დღეში იყო ბესო და როგორც კრავი ისე მოკლეს. ამას ჰქვია ჩიხი. ერთი გამოსავალი არის, რომ დროზე შეიცვალოს მთავრობა.

ბატონო ჯონი, თქვენ ახსენთ ლაშა ნაცვლიშვილი, მაგრამ ბესო ხარძიანის მეგობრებმა დაასახელეს ზვიად ჯანყარაშვილის გვარიც. ხარძიანი ახსენებდა ჯანყარაშვილს?

- არავის არ ვადებ ხელს, არც ჯანყარაშვილს, არც თამაზაშვილს და არც ვინმეს. მაგრამ ნაცვლიშვილი და კბილაშვილი იმდენად გამოძერწილი თახსირები არიან, რომ ყველას ჩათრევა შეუძლიათ. ჯანყარაშვილს სულ ორჯერ შევხვდი, არა მგონია, რომ ასეთ რამეებში იყოს გარეული, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხალხის განცხადებას რაღაცა საფუძველი ყოველთვის აქვს. ზუსტად, რომ ჯანყარაშვილმა, თამაზაშვილმა და პრემიერის ოჯახმა ეს ტრაგედია თავის თავზე არ აიკიდონ, უნდა მიხვდნენ, რომ გაეცალონ ამ სიტუაციას, ელემენტარულად, ამის შეგნება ხომ უნდა ჰქონდეთ?! გადადგნენ და ხალხიც დაწყნარდება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის პრემიერის და მთავრობის გადადგომა?

- ვეკითხები პრემიერ-მინისტრს, მისი პრემიერობის დროს რატომ ხდება ასეთი საქმეები? საერთოდ, ან რანაირად უნდა გადადგეს, გგონიათ, რომ ახლა პრემიერად ზის? - არაფერს არ აკეთებს და გადასადგომი რა აქვს ამ კაცს?! რამე გაუკეთებია, ან მიკეთებს ეს კაცი? - არაფერს არ აკეთებს! გავგიჟდი, ასე როგორ შეიძლება, წავიკითხე, რომ სახელს უფუჭებთ პრემიერ-მინისტრს და მის ოჯახსო, სახელს კი არ ვუფუჭებთ, პირიქით, ვეხვეწები სახელი არ გაიტეხო, მიხედე ამ საქმეს, დაგვანახე ვინ არის ცუდი და ვინ კარგი. უკვე არის ეჭვი, რომ ეს ხალხი გარეულია ამ უბედურებაში. თუ ვაჟკაცია, აიღოს თავის თავზე და კაცურად გაიტანოს ბოლომდე, რისი ეშინია, მაგას ჰგონია, რომ მაგას არ მიადგებიან? ლაპარაკია კერძო საკუთრებაზე, რომელიც ირღვევა, ადამიანის უფლებები ირღვევა და რომელ გადადგომაზეა ლაპარაკი?! ლაპარაკია მოქმედებაზე, უნდა იმოქმედოს, მაგრამ არ მოქმედებს. თუ არ იმოქმედა ჩვეულებრივად, მინიმუმ, მონაწილე გამოდის. იმოქმედოს თორემ, ხალხი როგორც ნახირი ისე გადარეკავს მაგათ, ნაცები მიმიქარავს, ისე გადარეკავენ.

შესაძლებელია თუ არა, რომ დაიწყოს უმართავი პროცესები და მაფიოზურ გარჩევებს დაემსგავსოს პროცესები?

- არავინ იფიქროს, რომ ხარძიანის ოჯახი შურს იძიებს, არა ბატონო. მას ჰყავს ძმა, რომელიც, ბესოს დაჭერის შემდეგ გია უდესიანმა თავის კაბინეტში მიიყვანა და სასტიკად სცემა, ოჯახი დაატერორა. ციხეში ბესოს სცემდნენ და გარეთ მის ძმას. ჩემთან იყო მოსული და ფანჯრიდან იყურებოდა, შევეკითხე რა გჭირს-თქო და მეშინია, ვინმე ხომ არ მომყვაო, ასეთ დღეშია. 8 ტერაქტი მაქვს გადატანილი და არც ერთი გამოძიებული არაა. დამიჯერეთ, რომ ბიზნესმენის გარეშე სახელმწიფო წინ ვერ წავა. ყველა ვერ აკეთებს ბიზნესს, ამ ხალხს უნდა გაუფრთხილდენ!