„გაზპრომი“ შეეცდება „ტრანსადრიატიკული გაზსადენით” ისარგებლოს

„გაზპრომი“ შეეცდება „ტრანსადრიატიკული გაზსადენით” ისარგებლოს

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ა/წლის 5 მარტს ბრიუსელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „გაზპრომს“ შეუძლია „ტრანსადრიატიკული მილსადენით“ (TAP) თავისი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსული მონოპოლია ააშენებს გაზსადენ „თურქულ ნაკადს“ საბერძნეთ–თურქეთის საზღვრამდე.

თუმცა, ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალ–დირექტორატის მრჩევლის ბრენდან დევლინის (Brendan Devlin) ინფორმაციით, ეს ნაკლებად სავარაუდოა. საქმე ისაა, თქვა მან, რომ ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გვერდით კიდევ ერთი დიდი მილსადენის აგება არარეალურია იმიტომ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში „ძალიან მცირე ბაზარია“. მან ეს განცხადება გააკეთა კონფერენციაზე: „პოსტ-სამხრეთ ნაკადი“, რომელიც ორგანიზებული იყო „მარტენსის“ ევროპულ სწავლებათა ცენტრის მიერ.

ზოგიერთი ევროპელი ექსპერტი „გაზპრომის“ პროექტის „სამხრეთის ნაკადის“ შეჩერებას და “თურქული ნაკადის“ ინიცირებას რფ–ს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბლეფს უწოდებს, რამაც ევროკავშირი უნდა აიძულოს, რომ შეიცვალოს ნეგატიური დამოკიდებულება რუსული მინოპოლიის მიმართ. ამავე დროს, „თურქულ ნაკადზე“ რუსეთის პრეზიდენტისა და „გაზპრომის“ შეფის, ალექსეი მილერის ზეპირი განცხადებების გარდა, არანაირი დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა. ალ. მილერის ცნობით, შეიქმნება რუსული იურიდიული პირი, რომელიც დააფუძნებს ჰოლდინგს. ჯერ–ჯერობით ამით შემოიფარგლა ყველანაირი განმარტებები.

ევროკომისიისსაიდუმლო სერობა

დასავლეთ თურქეთში რუსეთის ინიცირებული ახალი გაზსადენის მშენებლობის და „ჰაბის“ შექმნის პროექტით რუსეთი გააკონტროლებს თურქეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდებას, მაშასადამე – საქართველოზე გამავალ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შემადგენელ „სამხრეთკავკასიურ გაზსადენსაც“ (SCP). ვ. პუტინის პირადი მეგაპროექტის, „სამხრეთის ნაკადის“ შეჩერება, ერთის მხრივ, არის რუსეთის ენერგეტიკული პოლიტიკის მარცხი. ის ითვალისწინებდა უკრაინის გვერდის ავლით ევროკავშირის რუსული გაზით გაზმომარაგების მარშრუტის დივერსიფიკაციას, რაც „გაზპრომს“ ფაქტიურად მონოპოლიურ პოზიციას უნარჩუნებდა. მეორეს მხრივ, ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს ანტირუსული სანქციების მიმართ დიდ უკმაყოფილებას ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც „სამხრეთის ნაკადს“ მხარდაჭერას უცხადებდნენ. ესენია უნგრეთი, ავსტრია და სერბია. ამ ქვეყნებს მოსკოვი მთლიანად ევროკომისიის და კონკრეტულად ბულგარეთის წინააღმდეგ განაწყობს, რაც ნეგატიურად აისახება საქართველო–აზერბაიჯანი–უნგრეთი–ბულგარეთის თხევადი გაზის ტრანსპორტირების „აგრის“ (LNG) პროექტზე და შავი ზღვის ოდესა–ბროდი–პლოცკის ნავთობსადენის რევერსის გეგმაზე.

და რაც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რუსეთმა თურქეთ–საბერძნეთის საზღვარზე ააგო გაზგამანაწილებელი „ჰაბი“, მაშინ ის ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანს“ საბერძნეთში შეუერთდება. ეს კი ანატოლიის ზეგანზე, საქართველოს გავლით, აზერბაიჯან–თურქული TANAP–ის გაზსადენის მშენებლობას, რაც 2015 წელს უნდა დაწყებულიყო, აზრს დაუკარგავს. ამით საქართველოს, როგორც რეგიონალური ტრანზიტორის გეოპოლიტიკური სტატუსი დაზარალდება. ამასთან, საქართველოზე 2019 წლიდან „შაჰ–დენიზი 2“–ის 16 მლრდ კუბმეტრი გაზის ტრანზიტი სრულად არ განხორციელდება და ქვეყანა ვერ მიიღებს სატრანზიტო შემოსავლებს. ახალი „ჰაბი“ რუსეთს შესაძლებლობას მისცემს გააკონტროლოს თურქეთზე გამავალი გაზის ნაკადები და დაბლოკოს ევროპის გაზმომარაგების დივერსიფიკაციის სხვა (ახლო აღმოსავლეთის, ირანის, ცენტრალური აზიის) პროექტები.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროს შეფჩოვიჩმა ჯერ კიდევ ა/წლის 4 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის მილსადენის პროექტი სახელწოდებით „თურქული ნაკადი“ არ არის სიცოცხლისუნარიანი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია მასზე, რომ ა/წლის 9 თებერვალს კომისიამ ჩაატარა საიდუმლო მინისტერიალი ქ. სოფიაში, სადაც განიხილეს რეგიონში რუსული გაზის ალტერნატივები. ამ შეხვედრის შემდეგ მ. შეფჩოვიჩმა გამოყო რუსეთის ახლანდელი ენერგოპოლიტიკის უმთავრესი მიზანი – მიაწოდოს ევროპას გაზი უკრაინის გვერდის ავლით და დასაჯოს ბულგარეთი, რომელიც „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობის ჩაშლის მთავარი „დამნაშავეა“. ევროკომისიის წარმომადგენელმა გაოცება ვერ დამალა იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება ახალ პროექტებს პრესკონფერენციების საშუალებით აჟღერებს. ასევე, მაროს შეფჩოვიჩმა აღნიშნა, რომ არც ერთ ქვეყანას ან კომპანიას, რომლებიც „სამხრეთის ნაკადის“ პროექტში იყვნენ ჩართული (გარდა თვითონ „გაზპრომისა“), ოფიციალურად არ გამოუცხადებია მისი შეჩერების შესახებ. იგივე შიძლება ითქვას „თურქული ნაკადის“ დაწყების მიმართაც.

კერძოდ, მ. შეფჩოვიჩმა ეჭვქვეშ დააყენა „თურქული ნაკადის“ ეკონომიკური მიზანშეწონილობა. თუ თურქეთისათვის ყოველწლიურად დამატებით საჭიროა 15 მლრდ კუბმეტრი აირი, ხოლო რეგიონის სხვა ქვეყნები კიდევ 15 მლრდ კუბმეტრ გაზს იყიდიან, მაშინ გაუგებარია რა საჭიროა იგივე, 63 მლრდ კუბმეტრის წლიური წარმადობის, „სამხრეთის ნაკადის“ სიმძლავრის მქონე, „თურქული ნაკადის“ მშენებლობა საბერძნეთ–თურქეთის საზღვართან. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მზად არიან დაიწყონ უკრაინის გაზსატრანსპორტო ქსელის რეაბილიტაცია. თანაც, ევროკომისიის წარმომადგენელს არარეალურად მიაჩნია უკრაინაზე ყოველწლიურად ტრანზიტად წლიურად გამავალი 100 მლრდ კუბმეტრი მოცულობის რუსული გაზის დაუყოვნებლივ გადამისამართება სამხრეთისაკენ.

ა/წლის 9 თებერვალს ქ. ვარნაში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა განიხილეს სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის „ახალი ენერგეტიკული პეიზაჟის“ შექმნის საკითხები. კერძოდ, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ბულგარეთის პრემიერის, ბოიკო ბორისოვის წინადადებას ქ. ვარნასთან ევროპის გაზის „ჰაბის“ შექმნის შესახებ. იმსჯელეს ასევე რუსული გაზის კონკურენტული, 10 მლრდ კუბმეტრი „შაჰ–დენიზი 2“–ის გაზის გარდა სხვა ალტერნატივების მოძიების საკითხზე. აზერბაიჯანული აირი ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი ნაკადი იქნება, რომელიც იტალიაში საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური“, შემდეგ „ტრანსანატოლიური“ და „ტრანსადრიატიკული“ გაზსადენებით, 2019–2020 წლებში, უნდა მივიდეს.

მყისიერი რეაქცია

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მ. შეფჩოვიჩის ინტერვიუს და ვარნაში შეხვედრას, მოსკოვის მყისიერი რეაქცია მოჰყვა. უკვე მეორე დღეს, ა/წლის 5 თებერვალს გაიმართა სატელეფონო საუბარი რფ–ს პრეზიდენტს ვ. პუტინსა და საბერძნეთის პრემიერს ალექსის ციპრასს შორის.

ამ საუბარზე კომენტარი ევროკავშირში რფ–ს ელჩმა ვლადიმირ ჩიჟოვმა გააკეთა. „თურქული ნაკადის“ სიცოცხლისუნარიანობაზე მ. შეფჩოვიჩის მიერ გამოთქმულ ეჭვებზე მან განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ახალი ინიციატივა გარკვეულ გათვლებს ემყარება. ამასთან, ვ. ჩიჟოვმა მიუთითა, რომ თუ ადრე „გაზპრომი“ მომარაგების მთელ ჯაჭვზე იყო პასუხისმგებელი – მოპოვებიდან მომხმარებლამდე, ახლა, ევროკომისიის „დრაკონული“ ე.წ. „მესამე ენერგოპაკეტის“ გამო, რუსული მონოპოლია უფრო მოქნილ ხედვას ამჟღავნებს და მზად არის მხოლოდ გაზის მოპოვება და საბერძნეთის საზღვრამდე მისი ტრანსპორტირება განახორციელოს. ვ. ჩიჟოვის აზრით, ბულგარეთის მთავრობას რომ წინდახედულობა გამოეჩინა და არ ჩაეშალა „სამხრეთის ნაკადი“, შესაძლოა თურქული ნაკადი“ ბულგარეთის საზღვრამდე მისულიყო. იმ რისკის კომენტირებისას, რაც წლიურად 63 მლრდ კუბმეტრი გაზის რეალიზაციას უკავშირდება, ვ. ჩიჟოვმა განმარტა, რომ გაყიდვა არ წარმოადგენს პრობლემას, ვინაიდან ამ გაზის მესამედს მარტო თურქეთი შეისყიდის.

რუს დიპლომატს მიაჩნია, რომ რუსეთ–თურქეთის 2002 წელს შავი ზღვაში აგებული, 16 მლრდ კუბმეტრი წლიური წარმადობის „ცისფერი ნაკადი“ არ ითვალისწინებს სტამბულისა და ქვეყნის ევროპული ნაწილის მზარდ მოხმარებას. ამიტომ, დასავლეთ თურქეთში არსებობს „თურქული ნაკადის“ აირის გასაღების ფართო ბაზარი. ასევე, ვ. ჩიჟოვი არ გამორიცხავს ამ გაზის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე აგებული გათხევადების ტერმინალის საშუალებით ტანკერებით „მთელ მსოფლიოში“ ტრანსპორტირებას. თუმცა, ვ.ჩიჟოვმა აღიარა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსული გაზისთვისგადამწყვეტია ევროკავშირის მხრივ საწვავზე მაღალი დონის მოთხოვნის არსებობა.

სამიზნე – „ტრანსადრიატიკული გაზსადენი

ახალ რუსულ–თურქულ გაზსადენზე მხოლოდ მემორანდუმია გაფორმებული „გაზპრომსა“ და „ბოტაშს“ შორის, სადაც თითქოსდა ახალი გაზსადენის გაყვანის სანაცვლოდ, თურქულ „ბოტაშს“ რუსული გაზის ფასი 6%–ით შეუმცირდება. ამავე დროს, ზოგი რუსული წყარო სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ვლადიმირ პუტინმა თურქეთთან მიაღწია შეთანხმებას არსებული „ცისფერი ნაკადის“ გაფართოებაზე, ან „ცისფერი ნაკადი 2“–ის მშენებლობაზე, და თურქეთისათვის გაზის მიწოდების 3 მლრდ კუბმეტრით გაზრდაზე (http://topneftegaz.ru/news/view/106530).

აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის გარკვეული პოზიტიური შედეგი ამ განცხადებებმა უკვე მოიტანა – ბულგარეთის პრემიერმა ბოიკო ბორისოვმა გამართა დაუგეგმავი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან–კლოდ იუნკერთან, რომლის შემდეგაც ევროკომისიის შეფმა განაცხადა, რომ „სამხრეთის ნაკადის“ წინაშე მდგარი პრობლემები მოგვარებადია.

ასეა თუ ისე, როგორც ზემოთ აღინიშნა, 2014 წლის 1 დეკემბერს ანკარაში „გაზპრომმა“ და „ბოტაშმა“ გააფორმეს მემორანდუმი 2020 წლისთვის შავი ზღვის ფსკერზე ახალი გაზსადენის მშენებლობაზე. ის დასავლეთ თურქეთში ახალი „ჰაბის“ (გაზის შემკრები პუნქტის) მშენებლობას ითვალისწინებს, საიდანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარი ძალებით ააგებენ გაზსადენებს ცენტრალური ევროპის მიმართულებით.

ევროპელი მომხმარებლების მიმართ დაგეგმილი ამგვარი სტრატეგია, წარმატების შემთხვევაში, რუსეთს საშუალებას მისცემს „სამხრეთის ნაკადის“ ამოცანები მაინც შეასრულოს, მაგრამ წარუმატებლობა „გაზპრომს“ ევროპაში მისი ექსპორტის მეოთხედს დააკარგვინებს. „გაზპრომი“ ევროპაში თურქეთზე გამავალი ახალი გაზსადენით ისე, როგორც „სამხრეთის ნაკადის“ შემთხვევაში, 63 მლრდ კუბმეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს. ამით 2020 წლისთვის, არსებული კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, უკრაინის გავლით ტრანზიტის მთლიანად შეწყვეტა მოხდება.

ახალი გაზსადენი შავ ზღვაში „ცისფერი ნაკადის“ პარალელურად გაივლის. შემდეგ ის დასავლეთ თურქეთში გაგრძელდება საბერძნეთის საზღვრამდე, სადაც გაზის შემკრები ტერმინალი მოეწყობა. ამავდროულად, „გაზპრომი“ დაიწყებს მოლაპარაკებებს იმ ევროპულ კომპანიებთან, რომლებიც უკრაინის გავლით იღებენ რუსულ აირს, რათა შეიცვალოს მათი ტრადიციული გაზის „ჰაბი“ – ავსტრიული ბაუმგარტენი, ახალი თურქული „ჰაბით“. თუმცა, ამ მემორანდუმით, გაზსადენები ევროპელმა მომხმარებლებმა საკუთარი სახსრებით უნდა ააგონ.

გაზის მარშრუტების ასეთი კონსტრუქცია საკმაოდ წამგებიანია საქართველოსთვის. ის მთლიანად ცვლის ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში გაზის ნაკადების კონფიგურაციას და მკვეთრად ზრდის თურქეთის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, გეოპოლიტიკურ წონას. ეს სქემა საქართველოში გამავალ „სამხრეთკავკასიურ გაზსადენს“ (SCP) მხოლოდ 16 მლრდ კუბმეტრი („შაჰ–დენიზი 2“–ის გაზი) ამარა ტოვებს. მაშინ, როცა 2014 წლის 20 სექტემბერს „შაჰ–დენიზი 2“–ის გახსნის ცერემონიალზე გაცხადდა, რომ SCP-ის გაძლიერების შემდეგ მასში 30 მლრდ კუბმეტრმა ბუნებრივმა აირმა უნდა გაიაროს. ამასთან, 1 დეკემბერს ხელმოწერილი რუსულ–თურქული მემორანდუმიდან გაუგებარია როგორ მოხვდება რუსული აირი ახალი „ჰაბიდან“, ანუ თურქეთ–საბერძნეთის საზღვრიდან ცენტრალურ ევროპაში – ამისთვის ხომ საკმაოდ ძვირი „ჩანართი“ გაზსადენის მშენებლობა იქნება საჭირო.

რუსი ექსპერტი ანდრეი კონოპლიანიკი დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის „მესამე ენერგოპაკეტის“ აკრძალვებს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ამ აკრძალვებით მომპოვებელ, ტრანზიტორ და დისტრიბუტორ კომპანიებს სხვადასხვა დამფუძნებელი უნდა ჰყავდეთ. რუსეთს არ გააჩნია წილი „ტრანსადრიატიკულ გაზსადენში“ (TAP). ამ სტრუქტურის პარტნიორებია ბრიტანული „ბი–პი“, ნორვეგიული „სტატოილი“, აზერბაიჯანული „სოკარი“, ბელგიური „ფლაქსისი“, ესპანური „ენაგაზი“ და შვეიცარული „აქსპო“. ამიტომ თუ მისი სიმძლავრე 50%–ით გადიდდა, ანუ სიმძლავრე 10 მლრდ კუბმეტრი აირის წლიური წარმადობიდან 20 მლრდ კუბმეტრამდე გაიზრდება (რაც ტექნიკურად შესაძლებელია), მაშინ TAP-ს აზერბაჯანული გაზის ტრანსპორტირების გარდა, „თურქული ნაკადით“ მიღებული „გაზპრომის“ აირის გადატუმბვაც შეეძლება. ოღონდ მილში დამატებითი, საქართველოზე გამავალი, „შაჰ–დენიზი 2“–ის აზერბაიჯანული გაზისათვის ადგილი აღარ იქნება.

ბრიუსელში მიუთითეს, რომ TAP–ის შემთხვევაში რომელი სტრუქტურაა მომპოვებელი ან გამგზავნი, რუსული, ირანული, თუ ყატარული, არა აქვს მნიშვნელობა. ამიტომ „გაზპრომს“ შეუძლია TAP–ით სარგებლობა. თუმცა, აზერბაიჯანულ გაზთან შედარებით, რომლის მყიდველებიც უკვე შარშან განისაზღვრა, „გაზპრომს“ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება ევროპაში ახალი კლიენტების მოსაძებნად.