პარლამენტის წევრი ლუკა კურტანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ე.წ. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც კომუნისტური პარტია, უნდა აიკრძალოს. დეპუტატის მოსაზრებით, ნაცმოძრაობას საშუალება ჰქონდა, რომ ადაპტირება მოეხდინა და კონსტრუციული ოპონირება გაეწია, მაგრამ ისინი ორიენტირებული ისევ რევანშზე არიან.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ნაციონალების გეგმებზე, for.ge ლუკა კურტანიძეს ესაუბრა:
IRI-ს კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია. მმართველი ძალის რეიტინგის კლებას რით ახსნით?
- თქვენ კვირაში ერთხელ, ჰოროსკოპებს არ გადახედავთ ხოლმე? გასართობად მეც ვკითხულობ. როგორც ჰოროსკოპის ვარაუდებია გამოთქმული, ასეა ამ კვლევების შედეგებიც. მთავარია ის, ეს კვლევები ვინ შეუკვეთა?! წლების წინ ამ კვლევების შედეგები როგორი არარეალური იყო, ეს გვახსოვს. ამ კვლევების შედეგები იმ დონით უნდა გაითვალისწინოთ, როგორც ჰოროსკოპს ვითვალისწინებთ ხოლმე. ზოგადი სტანდარტია, რომ ოპოზიციური ძალა ხელისუფლებაში მაღალი პროცენტით მოდის, მოგვიანებით კი, მისი რეიტინგი მცირდება. „ქართულმა ოცნებამ“ ის მარჟა, რაც ასწია, ბუნებრივია, შემცირდება და ეს ჩვეულებრივი პროცესია. ამერიკაში ბარაკ ობამა მაღალი პროცენტით აირჩის, თუმცა, ამჟამად მისი რეინტინგი შემცირებულია.
ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ შეიცვალა და ბევრი რამ ახალი რეალობაა. დღეს, არ შეგვიძლია იმ მანკიერ რაღაცეებზე ვისაუბროთ, რაც წლების მანძილზე მთელ საზოგადოებას აწუხებდა. ქვეყანა ეტაპობრივად ლაგდება და საკითხებზე საუბარი ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია და ამის უკურეაქცია ის არის, რომ პრემიერს, მინისტრს თუ სხვა თანამდებობის პირს პასუხებს თამამად ვთხოვთ.
საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას გარე ფაქტორებიც გასათვალიწინებელია. ნავთობპროდუქტებზე ფასები დაეცა, უკრაინის ომი უფრო გამწვავდა და ა.შ. ჩვენი ერთ-ერთი დონარი ქვეყანა საბერძნეთია, სადაც ჩვენი ემიგრანტები არიან და ის შემოსავლები რაც იქედან მოდიოდა, ვეღარ მოდის, რადგან საბერძნეთში ფინანსური კოლაფსია.
ანუ, თქვენ მთავრობის მუშაობით კმაყოფილი ხართ?
- კმაყოფილი ვერ ვიქნები. პრემიერმაც აღნიშნა, რომ მთავრობა დატვირთვით მუშაობს, თუმცა, არიან მინისტრები, რომლებიც კარგად მუშობენ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, კარგი მენეჯერი ვინ არის. ირაკლი ღარიბაშვილმაც თქვა, რომ არის სფეროები, რომლის კმაყოფილიც არ არის.
სპორტის კომიტეტმა ლევან ყიფიანის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და თქვენ სპორტის მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი ხართ?
- მინისტრის მიმართ ბევრი შენიშვნა გვქონდა და მისგან მივიღეთ პასუხები. მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს ახლა ვსწავლობთ და გარწმუნებთ, რომ ჩვენი მხრიდან მოჩვენებითი შეფასება არ იქნება. მინისტრს შენიშვნას მივცემთ, მასთან კომუნიკაცია იქნება და თუ ის შეცდომას ისევ დაუშვებს, საკითხს სხვანაირად დავაყენებთ.
ლევან ყიფიანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დააყენებთ?
- ისეთ რადიკალურ განცხადებას გავაკეთებთ, რომელიც შენიშვნა არ იქნება და მას ჩიხიდან არ გამოიყვანს. ეს იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება. ისეთი დეპუტატი არასოდეს ვიქნები, რომელიც უსაქმურ მინისტრზე დადებითად ვისაუბრებ. სპორტი ის სფერო არ არის, რომელიც საქართველოში პროცესებს განსაზღვრავს, მაგრამ ბევრი ნიუანსია, რომელიც გამოსასწორებელია. როდესაც, ხელისუფლებაში ახალი გუნდი მოდის, პირველი ორი წელი გარდამავალია - გვინდა თუ არა, ეს ასეა. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ პრობლემებიც არის დანახაული, რომელიც გადასაჭრელია. გარე ფაქტორებმა ლარის კურსის ვარდნაზე იმოქმედა, ახლა დასტაბილურდა და იმ ნიშნულამდე მივიდა, რაც ნორმალურია. როდესაც, უმცირესობის მხრიდან ევროპარლამენტში ხელისუფლების დისკრედიტაცია მიდის, უცხოეთიდან საქართველოში ინვესტიციები როგორ შემოვა? ერთი წელი ავადმყოფი პრეზიდენტი ე.წ. სააკაშვილი გვყავდა, რომელიც მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკობდა, რომ საქართველოში უბედურება ტრიალებს. ამ განცხადებების ფონზე, როგორც ბიზნესმენი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისგან თავს შევიკავებდი. იმ დაჯგუფებას ოპოზიციას ვერ ვუწოდებ, რომელსაც ე.წ. „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ისინი ხელისუფლების წინააღმდგ კი არ გამოდიან, არამედ სახელმწიფოს ძირს უთხრიან.
თქვენ სააკაშვილს აკრიტიკებთ, თუმცა, დავოსის ფორუმზე ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ საქართველოს რეიტინგები სიცრუე იყო. სახელმწიფოს ამ პათოსმა ზიანი არ მოუტანა?
- ეს კონტექსტიდან ამოგდებული იყო. ივანიშვილმა ქვეყანას შეუფასებელი საქმე გაუკეთა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხელისუფლებიდან სისასტიკით გამორჩეული რეჟიმი გაუშვა, არამედ იმიტომ, რომ მან თავისი ქველმოქმედებით ქვეყანას ბევრი სიკეთე გაუკეთა და ამ საქმეების 90 პროცენტი არავინ იცოდა. დიახ, ცრუ იყო, რომ თითქოს საქართველოში არანორმალური რაოდენობის ინვესტიციები შემოდიოდა. ქვეყანაში რა ხდებოდა, ძალიან კარგად ვიცით. დანაშაულებრივი რეჟიმი მოქმედებდა და ვისაც კი ნორმალური ფინანსები ჰქონდა, ტერორის ქვეშ ჰყავდათ. ზოგი ქონებას ღამის სამ საათზე ასაჩუქრებდა და ზოგი ტელევიზიებს უცხოეთიდან თმობდა. ძალადობაზე აგებული სიკეთე არავის უნდა და არც მე. თუ ერზე იძალადე და ერი დაჩაგრე, მაშინ ქვეყანაში აშენებული ასსართულიანი კოშკები არ მინდა.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სწორედ სამართლიანობის აღდგენის პირობით მოვიდა, მაგრამ 2,5 წელია მმართველ გუნდს წარმოადგენთ და მერაბიშვილს, უგულავასა და ახალაიას ბრალს ვერ უმტკიცებთ...
- ამერიკაში მაფიის მამა ალ კაპონე იყო, რომელსაც ბრალს ვერ უმტკიცებდნენ. ნაციონალები ერზე ძალადობდნენ და იმ სისაძაგლეს მაფიური დაჯგუფება არ იკადრებდა, რაც სამეგრელოს სამალავებში აღმოვაჩინეთ. მიმაჩნია, რომ ფაილების განადგურება სწორი არ იყო.
რატომ?
- ეს კადრები საზოგადოებას არ უნდა ენახა, რადგან ერი სტრესს მიიღებდა, მაგრამ როდესაც, ეს ადამიანები ისევ რევანშისტურ განცხადებებს აკეთებენ, მათთვის ეს ფირები იძულების წესით უნდა გვეჩვენებინა. მათმა ძალადობამ რა მოიტანა, მათ თავისი თვალით უნდა ენახათ. გადაწყვეტილების მიმღები რომ ვიყო, ამ კადრებს შევინახავდი, ყველა ნაციონალს ერთად შევყრიდი და მათ იმ უბედურებას ვაჩვენებდი, რაც მათ ჩაიდინეს. ამით მათაც გადავარჩენდით და ერსაც, რომლის გახლეჩვაც რევანშისტური მოწოდებებით სურთ. ხელისუფლების მიზანი იყო, რომ თაობათა ბრძოლა დასრულებულიყო. ეს გათვლილი მომავალ თაობაზე იყო, ვინაიდან მათაც შვილები ჰყავთ.
თქვენ ადრე თქვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია უნდა აიკრძალოს. ისევ ამ აზრზე ხართ?
- ე.წ. ნაცმოძრაობას საშუალება ჰქონდა, რომ ადაპტირება მოეხდინა და კონსტრუციული ოპონირება გაემართა, მაგრამ ისინი ორიენტირებული ისევ რევანშზე არიან. თუკი 21 მარტს გამართულ აქციაზე 100 ათასი ადამიანი გამოვიდოდა, ისინი სხვა მოქმედებებს აპირებდნენ.
რას აპირებდნენ?
- არ გვინდა, ახლა ვთქვათ, ის გეგმები, რაც მათ ჰქონდათ. თავდაცვის კომიტეტის წევრი ვარ და ვალდებულება მაქვს, ის არ ვთქვა, რაც არ შეიძლება.
ანუ, თქვენ ინფორმაცია გქონდათ, რომ ნაციონალები რაღაცას აპირებდნენ?
- ჩვენ ინფორმაცია გქონდა თარგამაძეების, მინაშვილებისა და ბოკერიების შეხვედრების თაობაზე და იმაზე, ფინანსები საიდან მოდის და ა.შ.
არ აკონკრეტებთ, ნაციონალები რას აპირებდნენ, მაგრამ ეჭვებს რის საფუძველზე გამოთქვამთ? გამოდის, რომ მიყურადებას თქვენც ახდენთ?
- ასე რატომ ფიქრობთ? მიყურადება არ ხდება. როდესაც, ათი ადამიანი ლაპარაკობს, სახელმწიფოს ხარშავს ინფორმაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო სახელმწიფო არ არის.
თუკი ნაციონალებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები დაგეგმეს, მათ რატომ არ სჯით?
- სტრუქტურები არის, რომლებიც კანონის ჩარჩოებში, პრევენციის მიზნით მოქმედებენ. ყველა სახელმწიფოში ასე ხდება. პარლამენტში ნაციონალებთან ყოფნა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, ჩვენ ის რეალობა დავნერგეთ, რომ ოპოზიციას არ ვებძოდეთ. აკაკი ბობოხიძემ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა და მას ბოდიშის მოხდა მოვთხოვე არა კურტანიძის მიმართ, არამედ ქვეყნის წინაშე. როგორც არ უნდა რადიკალურად მიცნობდნენ, ვცდილობ, რომ ჩვენს ხალხს პატივი ვცე და მათ ტრიბუნიდან ჩემი გამოსვლით შეურაცხყოფა არ მივაყენო.
საქართველოში ე.წ. ნაციონალური მოძრაობა როგორც კომუნისტური პარტია უნდა აიკრძალოს. ეს დაჯგუფება საზოგადოებას საშუალებას არ აძლევს, რომ პაექრობა სწორად წარიმართოს. არ ვამბობ, რომ ყველამ „ქართული ოცნების“ აზრზე უნდა იაროს, მაგრამ როცა ოპოზიციისგან კრიტიკის ნაცვლად, შეურაცხყოფას ვიღებ, ეს ოპოზიციონერობა კი არა - რევანშისტობაა.
თუმცა, ნაციონალების რეიტინგი გაიზარდა. ამას რითი ხსნით?
- თუ ჰოროსკოპებით ვილაპარაკებთ, მაშინ მითებიც არის, რომ მიშა შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ ის ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ციხეში მოხვდება. თუ ჰოროსკოპებზე ვსაუბრობთ, ნათელმხილველი ვიქნები და გეტყვით, რომ მიშა ციხეში მოხვდება.
სააკაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ხელისუფლება მისი პასპორტის ფურცლების გავსებას ელოდება, რის შემდეგაც ის იძულებული იქნება ქვეყანაში დაბრუნდეს, მაგრამ ამ დღეს „ქართული ოცნება“ ტყუილად ელოდება და მანამდე, მათ ხელისუფლებიდან წასვლა მოუწევთ...
- მას ჰქონდა უნარი, რომ საკუთარი თავი ძალით წარმოეჩინა. ის სკოლაში რომ სწავლობდა, ყველაზე უუნარო ბიჭი იყო, რომელსაც ცხირ-პირს უნგრევდნენ. მან ბავშობაში ბოღმა დაიგროვა, რაც მოგვიანებით ქვეყნის მმართველობის დროს გამოხატა. მას კომპლექსები ჰქონდა და ეს მისი ახლო ნათესავებიდან ვიცი. ის უნარიანი იყო, როცა ხალხს იჭერდა, აუპატიურებდა, ქონებას ართმევდა! ეს ყველაფერი ტელევიზიებით ვნახეთ და მერვე საპყრობილე მხოლოდ ლუკა კურტანიძის დასამორჩილებლად კი არ იყო, არამედ მიშას კომპრომატები საკუთარი მინისტრების მიმართ ჰქონდა. ამ ფირებით და სისაძაგლით ის ქვეყანას მართავდა. ეს თუ მისი უნარიანობაა, ბოდიშს ვიხდი და ასეთი უნარიანები ნამდვილად არ ვიქნებით. მას შეიძლება ვინმემ რეიტინგი ჰოროსკოპით აუწიოს-დაუწიოს, მაგრამ მას ვუწინასწამეტყველეთ, რომ ის ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნება.
დავით ბაქრაძემ განცხადება გააკეთა, რომ ისინი გაუტანლობას დაასრულებენ და ა.შ. მაგრამ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თითქოს მამა აბრამიის ბატკნები არიან. როდესაც ურჩხული დაიბადება, ის მთელი ცხოვრება ურჩხული იქნება და ფერია ვერასდროს გახდება.
პარლამენტის ტრიბუნა კარგად აითვისეთ და ხშირად, ნაციონალებს იქედან აკრიტიკებთ. ვინაიდან, ამ მოწვევის პარლამენტში ჩხუბი ბევრჯერ გვინახავს, მათი რომელიმე გამოსვლისას ნერვები ხომ არ გიმტყუნებთ?
- ჩემს სფეროში 30 წელი ლიდერი ვიყავი და ვიცი, რომ თუკი მებრძოლი ადამიანი გაბრაზდა, ის დამარცხებულია. მთელი ცხოვრება ადამიანის ფსიქოლოგიას მის ნაკლოვანებებს, მის სიძლიერეს ვსწავლობდი და მასზე სტრატეგიას ვაგებდი. ტიტანური შრომის ფასად მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და ჩემი ქვეყნის სადიდებლად გამარჯვება მოვიპოვე. ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს და ვცდილობ, რომ ეკლესია-მონასტრებთან ახლოს ვიყო. ერისა და ქვეყნის მიმართ მოთმინების უნარიც და მოჭარბებული სიყვარულიც იქედან მაქვს. მიუხედავად იმისა, რა აგრესიითაც არ უნდა ვლაპარაკობდე, დამერწმუნეთ, ე.წ. სააკაშვილი და ბოკერია წაქცეული რომ დავინახო, პირველი ვიქნები ვინც მათ წამოვაყენებ. ეს ჩემი გულწრფელი აღიარება. მათ ჯერ ფეხზე დავაყენებ და თუკი თავის ქმედებებს ისევ გააგრძელებენ, მათ ისევ დავაგდებ და ისევ ფეხზე დავაყენებ.