„ბატონი ჯანელიძის უახლოესი მიზნები შორს არის რაიმე ტიპის საჰაერო მიზნებისგან“

„ბატონი ჯანელიძის უახლოესი მიზნები შორს არის რაიმე ტიპის საჰაერო მიზნებისგან“

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ მისი წინამორბედის მიერ, საჰაერო თავდაცვის შეიარაღებასთან დაკავშირებით არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, არაფერს ვადა არ ეწურება. მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ბევრი გამოწვევაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მითუმეტეს - საიდუმლო თემებზე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია.

საჰაერო თავდაცვის შეთანხმებასთან დაკავშირებით ყოფილ და მოქმედ მინისტრებს შორის დაპირისპრება ბოლო ერთი კვირაა რაც გამწვავდა - ირაკლი ალასანია ირწმუნება, რომ ხელშეკრულების ვადა 31 მარტს იწურება, ხოლო მინდია ჯანელიძე საპასუხოდ აცხადებს, რომ არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს.

რეალურად რასთან გვაქვს საქმე, არსსებობს თუ არა ავბედითი ხელშეკრულება, რა მისიით იმყოფებოდა საფრანგეთში მინდია ჯანელიძე და მართალია თუ არა, რომ ქვეყანამ უარი თქვა საჰაერო თავდაცვაზე? for.ge-ს ამ კითხვებზე პასუხი პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშილმა გასცა.

საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, დავა ამ დრომდე გრძელდება, ბატონო სოსო რა საიდუმლო ხელმოწერასთან გვაქვს საქმე?

- ფაქტი ერთია, თემა რაზეც მოხდა დაპირისპირება პრემიერ-მინისტრსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრის შორის, იყო არის და მომავალშიც უაღრესად აქტუალური იქნება ამ ქვეყნის თავდაცვისთვის. რამდენადაც ვიცით, ბატონი ჯანელიძე გასულ კვირას პარიზში იმყოფებოდა. ვერც ერთ საინფორმაციო წყაროში ვერ მოვიძიე ინფორმაცია იმის შესახებ, რა შეხვედრები ჰქონდა მინისტრ ჯანელიძეს პარიზში - იყო ეს რაიმე წინგადადგმული ნაბიჯი, თუ პირიქით - უკუსვლა მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში, ცხადია, იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. ამჟამად, შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რა როლი ჰქონდა ჩვენი პრემიერ მინისტრებისთვის სერგეი ლავროვის განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში.

ლავროვის განცხადებას დაუკავშირა ირაკლი ალასანიამ ის სატელეფონო ზარი, რომელიც მასთან განხორციელდა პარიზში და ამ ზარის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა მინიდია ჯანელიძემ. რა კავშირშია ლავროვის განცხადებასთან ჯანელიძის ზარი?

- ლავროვის ძალიან მიამიტ შეკითხვაზე - ვის წინააღმდეგ აპირებს საქართველო საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებას? - პასუხი საქართველოდან არ ყოფილა. ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ უვერტიურა ლავროვის თემის, რადგან, ვერავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ რაიმე დამატებითი კომუნიკაცია ამ თემაზე არ ყოფილა ლავროვსა და რომელიმე მისთვის სანდო პირს შორის საქართველოში. სწორედ ვარაუდის დონეზე და არა რამე მტკიცებულების სახით შემიძლია ვიფიქრო, რომ მარტო ამ სატელევიზიო გამოსვლით არ დასრულებულა რუსეთის ინტერესი, რომ არამც და არამც, საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.

რუსეთისთვის საქართველოს მიუწვდომლობა ცაში არის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა მომავალი სამხედრო პროვოკაციის მზადებისას. ამიტომაც არის საინტერესო რითი არის დაკავებული ბატონი ჯანელიძე, თუ არსებობს სურვილი გაგრძელდეს თანამშრომლობა იმ თემაზე, რომელმაც იმსხვერპლა მისი წინამორბედის პოლიტიკური თანამდებობა.

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ ჯანელიძემ პირველი კომენტარი გააკეთა აეროპორტში და თქვა, რომ სისულელეა რაიმე ხელშეკრულებაზე საუბარი, თუმცა იმავე დღეს გააკეთა განცხადება, რომ მან დაურეკა ალასანიას და საუბარი შეეხებოდა განზრახულობის წერილზე ხელმოწერას. რას ნიშნავს განზრახულობის წერილი?

- რაც შეეხება განზრახულობის დოკუმენტს, ნებისმიერ კონტრაქტს წინ უძღვის მოლაპარაკების პროცესი და რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი დოკუმენტაცია. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ განზრახულობათა ოქმი, ანუ სურვილის გამოთქმის დოკუმენტი, რის შემდეგაც უკვე დეტალებზე იწყება საუბარი, როგორიც არის შეღავათები, ვადები და ა.შ.

ამხანაგი ჯანელიძე იყო მხოლოდ შემსრულებელი იმ დავალებისა, რომ ალასანიას მიერ ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი ძალაში არ შესულიყო. რადგან ეს დოკუმნეტი ხელმოწერილია, რასაკვირველია, მას გააჩნია შემდგომი ნაბიჯების აუცილებლობა.

გადის თვეები და ასეთ საკითხებში სრულიად სხვა კუთხით მონაწილე, ახალი მინისტრი ჩადის პარიზში და ჩამოდის პირში წყალდაგუბებული, სხვადასხვა ურთიერთგამომრციხავ თემებზე საუბრობს ისე, რომ არ გაურბის რაიმე სიცრუის გაჟღერებას. მე მგონია, თავად ბატონი ჯანელიძის უახლოესი მიზნები შორს არის რაიმე ტიპის საჰაერო მიზნებისგან, მას ჯერ პირნათლად აქვს სოლო შესასრულებელი იმ სასამართლო საქმეში, რომელზედაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები უნდა წარმოჩნდნენ როგორც ქვეყნის დამაქცევარნი. ამიტომ, მას მძიმე დღეები აქვს.

ალბათ, პირველ აპრილს გაჟღერდება უკანასკნელი კვირეების განმავლობაში შექმნილი ბრალდების ვარიანტი, რომელიც დიდი ალბათობით იწერებოდა თავად შსს-ს ძალებით, რადგან როგორც ვაკვირდებით, პროკურატურას საკუთარი თავის არ სჯერა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გამოძიებიდან 6 თვის შემდეგ .. კაბელების საქმე ორ ნაწილად გაიყო, საქმეში გამოჩნდნენ გამოძიებისთვის დაუდგენელი პირები, რომლებიც პროკურატურის მტკიცებით კავშირში არიან ფულის გაფლანგვასთან. როგორ ფიქრობთ, ალასანიას ჯერი ხომ არ დადგა?

- ჩემის აზრით, ამ კითხვაზე ყველაზე დამაჯერებელი პასუხი ექნება ამხანაგ ზუმბაძეს, რომლის თავდაცვის სისტემაში გამოჩენის შემდეგ აღმოჩნდა შესაძლებელი ამ საქმის ორად გაყოფა და ვირტუალური პირების აღმოჩენა, რომელთაც ასევე შემდგომში წარედგინებათ ბრალი. მაგრამ, თავად ზუმბაძესაც, ადრე თუ გვიან, მოუწევს პასუხის გაცემა არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ მთლიანად მის საქმიანობაზე, რომელსაც ფლობენ მისგან დაზარალებული პირები და რაზეც თავს იყრუებს ჩვენი წარმატებული პრემიერ-მინისტრების დუეტი.