აინშტაინის ტვინი „პატარა“ აღმოჩნდა

აინშტაინის ტვინი „პატარა“ აღმოჩნდა

ლონდონში საქველმოქმედო ფონდ “Wellcome Collection”-ის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა უჩვეულო „ანატომიური გამოფენა“, რომელიც მთლიანად ეძღვნება ადამიანის ტვინს. „ტვინი: აზრი, როგორც მატერია“ – ასეთი დევიზით, ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ აჩვენებენ 150-ზე მეტ ექსპონატს – ანატომიურ მოდელებს, ფოტო და ვიდეომასალას, ჩანახატებს, სამეცნიერო ტექსტებს, სამედიცინო ხელსაწყოებს ტვინზე ოპერაციისთვის.

მაგრამ გამოფენის მთავარი ექსპონატია ადამიანის ნამდვილი ტვინი, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენელს ეკუთვნის – ეს არის ალბერტ აინშტაინის ტვინი ფორმალინში. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ იგი არასრულადაა წარმოდგენილი – სახეზეა მხოლოდ ორი ნაჭერი ტვინის 240 ნაწილიდან, რომლებიც საიდუმლოდ „მომზადდა“ პათოლოგანატომების მიერ 1955 წელს, დიდი სწავლულის სხეულის კრემაციის წინ.

გამოფენაზე აინშტაინის ტვინი არაა ერთადერთი „ცნობილი“ – გარდა სხვა ნიმუშებისა წარმოდგენილია, აგრეთვე, მეცხრამეტე საუკუნის მრისხანე მკვლელის, ედვარდ რულოფის ტვინის ნაწილი. რულოფი, რომელსაც თანამედროვენი ბრწყინვალე ფილოლოგად მიიჩნევდნენ, სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, თავისი ოჯახის განადგურებითაც იყო დაკავებული: მან მოკლა ცოლი, ბავშვი და ბიძაშვილი, თუმცა მისი მსხვერპლი მარტო ნათესავები არ იყვნენ.

აღსანიშნავია საინტერესო ფაქტი: რულოფის ტვინი, რომელიც 1871 წელს ამოიღეს, მსოფლიოში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომისაა. „მისი ტვინი აღმოჩნდა გაცილებით დიდი, ვიდრე აინშტაინის ტვინი. ამით იმსხვრევა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ გენიალობა ტვინის მასის ოდენობაზეა დამოკიდებული. თურმე, სრულიადაც არა“, – ამტკიცებენ მეცნიერები.