რამდენი საათის ძილია საჭირო ადამიანისთვის დღე-ღამეში

რამდენი საათის ძილია საჭირო ადამიანისთვის დღე-ღამეში

ზოგს მიაჩნია, რომ, რაც მეტხანს სძინავს, მით კარგად გამოიყურება და ენერგიულია მთელი დღის განმავლობაში; ბევრიც ამტკიცებს, რომ შუადღით წაძინება ძალებს ჰმატებს ადამიანს. რეალურად კი ეს ასე სულაც არ არის, ანუ, რაც უფრო მეტხანს გძინავს, მით უკეთ გამოიყურები – ტყუილია. ორგანიზმმა იმდენ ხანს უნდა დაისვენოს, რამდენიც მას სჭირდება. საწოლში გატარებული ზედმეტი საათები გვართმევს არა მარტო ძვირფას დროს, არამედ, ცუდად აისახება ჩვენს გარეგნობაზეც. ამ დროს სახე უსიცოცხლო ელფერს იძენს, ქუთუთოები შეშუპებულია, კანი – გაუფერულებული.

გგონიათ, რომ შუადღისას ერთი საათი წაძინება შემდგომში ენერგიით აგავსებთ?! სინამდვილეში ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ ბიორიტმზე. ბევრი ჩივის, რომ, რაც უნდა ადრე დაწვეს დასაძინებლად, დილით მაინც უჭირს ადგომა. თუ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, უმჯობესია, გვიან დაწვეთ და, სულაც არ არის აუცილებელი, შუადღემდე იძინოთ ან შუადღით „წაუძინოთ“.

ვინც ადრე დგება, ყოჩაღია – ეს არ არის მართალი. ალიონზე წამოხტომა მავნებელია, რადგან, ეს არღვევს ფიზიოლოგიურ რიტმს. მხნედ რომ იგრძნოთ თავი, დილის 8 საათზე ადრე არ უნდა ადგეთ.

ერთი უძილო ღამეც კი მავნებელია ჯანმრთელობისთვის – სინამდვილეში, უძილო ღამე აბსოლუტურად უვნებელია. არც ერთმა მეცნიერულმა გამოკვლევამ არ უჩვენა რაიმე გადახრა იმ ადამიანის ორგანიზმში, რომელმაც უძილო ღამე გაატარა. მთავარია, ქრონიკული გამოუძინებლობა არ დაგჩემდეთ.