ირაკლი ღარიბაშვილი შსს-ს და გენერალურ პროკურატურას, მიმართავს, რომ ყველაფერი გააკეთონ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმის უმოკლეს დროში გამოსაძიებლად. თუმცა, ამ დრომდე გამოძიებას საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს. მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, რომ სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი დროულად გამოაქვეყნოს. მალხაზ სალაყაიას განცხადებით, ფოტორობოტი არ უნახავს, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო უწყებას ის უკვე შედგენილი აქვს.
„მართალია გამოძიებას თავისი ტაქტიკა აქვს, თუმცა საგამოძიებო უწყებების ინტერესებში უნდა შედიოდეს სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირების მიზნით, რაიმე სახით მომხდარი, ეცნობოს საზოგადოებას. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულმა პირმა, თუკი იგი არის დაქირავებული მკვლელი, სხვა დანაშაულიც ჩაიდინოს და ჰქონდეს სხვა დავალებებიც მიღებული“, - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
ვინ შეუკვეთა ბიზნესმენის მკვლელობა, ამ საკითხზე პროკურატურაში სპეციალური ჯგუფი მუშაობს. ბიზნესმენის მკვლელობის შემკვეთად მისი ოჯახი მისივე ბიზნეს პარტნიორს გია უდესიანს ასახელებს. გარდა უდესიანისა დასახელდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები: ზვიად ჯანყარაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი. გია უდესიანისა და ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორობის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი კორძაია საუბრობს, რომლის მტკიცებითაც, ბიზნესმენ ბესო ხარძიანისთვის ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ გამოძიებას სწორედ ზვიად ჯანყარაშვილი უშლიდა ხელს.
უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი გია უდესიანთან ბიზნესპარტნიორობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს რამდენიმე დღეში თავად უპასუხებს. მანამდე
ჯანყარაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ირაკლი კორძაიას მოუწოდებს გამოაქვეყნოს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ხარძიანისთვის ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ გამოძიებას სწორედ ზვიად ჯანყარაშვილი უშლიდა ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ჯანყარაშვილმა კორძაიას წინააღმდეგ სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს.
„ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ჯანყარაშვილი ხელს უშლიდა ხარძიანისთვის ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოძიებას, უდესიანთან ბიზნესპარტნიორობის გამო. ჯანყარაშვილს კორძაია ადანაშაულებს, რომ როგორც თანამდებობის პირმა, ხელი შეუშალა საქმის გამოძიებას, ანუ ბოროტად გამოიყენა მისი თანამდებობა. ეს არის სიცრუე და მოვითხოვთ, კორძაიამ წარმოადგინოს დოკუმენტები ამ ინფორმაციის შესახებ, თუმცა არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. ეს არის ცილისწამება“, - აცხადებს დიმიტრი გაბაუნია.
ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ამბობს, რომ სასამართლოს დაელოდება და სწორედ სასამართლოში უპასუხებს ჯანყარაშვილსა და უდესიანს. კორძაია უდესიანს და ჯანყარაშვილს ერთ კონტექსტში განიხილავს და მოკლე რჩევასაც აძლევს - ფულის დაზოგვის მიზნით, ერთი ადვოკატი აიყვანონ.
„ერთადერთი პასუხი მაქვს ჯანყარაშვილისა და უდესიანისთვის, ასევე მათი ადვოკატებისთვის. ველოდი იმას, რომ შეთანხმდებოდნენ, ცალ-ცალკე ჩემზე დასარტყმელად. ერთადერთი რჩევა მაქვს, მათ ძალიან უყვართ ფული, დაზოგონ ფინანსები და ერთი საერთო ადვოკატი აიყვანონ. მოუთმენლად ველოდები, როდის შეიტანენ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ.
მათ მე ვერ ვყოფ. როდესაც ჯანყარაშვილს ვამბობ, ვგულისხმობ უდესიანს და პირიქით. ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან კი მექნებოდა ერთი რჩევა - კომპარტიის დროშასავით ხელიდან ხელში ნუ გადავა. მიჩივლონ და გავცემ პასუხს. შესაძლოა, მათ ნაცვლიშვილიც შეუერთდეს ისევე, როგორ თამაზაშვილი და ზედელაშვილი. ველოდები მოუთმენლად ჩემს წინააღმდეგ სარჩელს“, - ამბობს ირაკლი კორძაია.
„ბესო ხარძიანი დღევანდელი ხელისუფლების ნასროლი ტყვიით არის მოკლული“, - ასეთია იმ ბიზნესმენების შეფასება, რომლებიც დღემდე უშედეგოდ ითხოვენ ყოფილი ხელისუფლების დროს წართმეული ქონების დაბრუნებას. ხარძიანის მეგობარი და ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილის თქმით, ხარძიანის მკვლელობა იმის შედეგია, რომ დღევანდელი ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოაბიტაციურ რეჟიმში იმყოფება. ბიზნესმენი შოშიაშვილი პროკურატურას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.
„ეს მესიჯი ვფირობ, მიმართულია იმისკენ, რომ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ბიზნესმენები გავჩუმდეთ და არაფერი ვთქვათ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიყენებულ ტკივილსა და ზარალზე. პირდაპირ ვამბობ, რომ პროკურატურის საქმიანობით უკმაყოფილოა ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც სამართალს ეძებდა. მოვუწოდებთ გიორგი ბადაშვილს, რომ გაწმინდოს საგამოძიებო უწყება ძველი კადრებისგან და დაიწყონ ჩვენი საქმეების გამოძიება. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა ვალერი შოშიაშვილმა.
ყოფილი პრემიერის, ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი, რომელიც ივანიშვილის მმართველოს დროს დაზარალებულ ბიზნესმენებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, ამბობს, რომ მისი ფუნქცია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დისტანციის უზრუნველყოფა იყო. რაც შეეხება ქონების გადანაწილების პროცესს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს სამართალდამცავების ფუნქცია იყო. ხუხაშვილი ამბობს, რომ მან არ იცის „კუს ტბის“ საკითი და არც იმის სჯერა, რომ გამოძიების პროცესს ლაშა ნაცვლიშვილი აფერხებდა.
„დაუშვათ, რომ ნაცვლიშვილი აფერხებდა ამ საკითხებს, დიდი ხანია ნაცვლიშვილი არ არის პროკურატურაში, მაგრამ ეს ძიება დღესაც არ მიმდინარეობს. არ მგონია, რომ ამ ყველაფრის სათავე ნაცვლიშვილი იყოს, არავინ არაა ანგელოზი, მაგრამ მეჩვენება, რომ რაღაცა განტევების როლში გამოჰყავს ვიღაცას ნაცვლიშვილი. პროკურატურა არაა ის სტრუქტურა, რომ ერთმა ადამიანმა შეძლოს რაღაცეების ბლოკირება. აქ საუბარია იმაზე, რომ ბიზნესინტერესები ჰქონდა ჯანყარაშვილს და მის საპატივცემულოდ აკეთებდა ამას ნაცვლიშვილი“, - აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე განცხადებით, ხარძიანის მკვლელობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში ეკისრება ხელისუფლებას. მისივე თქმით, ხარძიანის მკვლელობა იმით განსხვავდება ყველა სხვა მკვლელობებისგან, რომ იგრძნობა გარკვეული განაცხადი კონკრეტული პირების მიმართ.
„ეს არის მაფიის მოქმედების სტილი. მაფიოზური მოქმედების სტილისტიკა აქამდე საქართველოში არ იყო შემჩნეული. სამწუხაროდ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში გაჩნდა მაფიის ფორმირების სიმპტომები. ბვერი პოლიტიკოსი, რომელიც მიჩვეული იყო ძალაუფლებას, იგივე სპესამსახურები, რომლებიც დარჩნენ საქმის გარეშე, არ გამოვრიცხავ, მათი თანამშრომლობით ჩამოყალიბდეს რაღაცა მაფიოზური სტრუქტურები. მითუმეტეს, რომ ამის ნოყიერი ნიადაგი ნამდვილად არის საქართველოში - მაღალი სოციალური რისკები და საკმაოდ სუსტი პოლიტიკური ელიტა.
ეს იყო არა ერთჯერადი მკვლელობა, ეს იყო რაღაცა გეგმის ნაწილი. ამით ხელისუფლებას უთხრეს, რომ შეგვიძლია ლეგალურად ვიმოქმედოთ და ვიქნებით დაუსჯელები. მკვლელს ჰქონდა გარანტიები, რომ მას იმ ადგილზე ვერ დააკავებდნენ. კაცი მოკლა, მერე წახვიდე, მოტოციკლი მიაგდო და მშვიდად წახვიდე, ასეთი რამ აქამდე საქართველოში არ მომხდარა. სამწუხაროდ, ეს არის პროცესების ძალიან მძიმე განვითარების დასაწყისი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ბიზნესმენის მკვლეობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს საქართველოს საზოგადოებამ და მათ შორის გულისხმობს საკუთარ თავსაც, რადგან 2012 წლიდან დღემდე, შესაბამისი ადგილი არ მიუჩინეს იმ პირებს, რომლებსაც არც მორალური და იურიდიული საფუძველი არ უნდა ჰქონოდათ სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმების.
„უნდა ველოდოთ, რომ ამ ვერაგული მკვლელობის დამკვეთი და შემსრულებლები მალე აღმოჩნდებიან იმ თაგვის როლში, რომელმაც თხარა, თხარა და კატა გამოთხარა. სწორედ, რომ ამნაირი თაგვებისთვის კატა იქნება საქართველოს მოსახლეობა, რომელმაც ყველაფერი უკეთ იცის, ვიდრე პროკურატურამ, შსს-მ და უშიშროების სამსახურმა“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.