უნდა მივიყვანოთ თუ არა ბავშვი სკოლაში 5 წლის ასაკში? კვლევები აჩვენებს და სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ ამ კითხვის ერთადერთი პასუხია - არა! თუმცა, ამ კითხვას უახლოეს მომავალში საბოლოოდ პარლამენტმა უნდა უპასუხოს, სადაც კანონმდებლებმა, პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი ნაციონალი კობა სუბელიანის ინიციატივას, რომლის თანახმად, მშობელს, ბავშვის სკოლაში შეყვანა 5 წლის ასაკში შეეძლება.
სპეციალისტების აზრით, 5 წლის ასაკის ბავშვი, არც ფიზიკურადაა მზად სკოლაში ისწავლოს, არც ემოციურად და არც ფსიქოლოგიურად. რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ჩვენ შვილებს სკოლაში 5 წლის ასაკში მიყვანის შემთხვევაში და როდის იჩენს ეს პრობლემები თავს? „ვფიქრობთ ამ კითხვებზე პასუხი, ბევრ მშობელს დააფიქრებს და ალბათ, გადააფიქრებინებს კიდეც შვილი „ადრეული სწავლისთვის“ გაწიროს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. იმედია, დააფიქრებს დეპუტატებსაც, მათ ვის ხელშიც, ჩვენი შვილების მომავალია და როგორც ირკვევა, პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესიც.
„15-20 წუთში ისინი იწყებენ წრიალს, წუხან, წვებიან მერხებზე, უფლება რომ მისცე, იატაკზეც გაწვებიან, ამთქნარებენ, კონცენტრაციას ვეღარ ახდენენ, ეძინებათ... პერიოდულად მოფერების, ჩახუტების, კალთაში ჩაჯდომის, ზღაპრების წაკითხვის სურვილი უჩნდებათ. ამბობენ, რომ დაიღალნენ და თამაში უნდათ... როცა ამას ვერ აღწევენ, პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ... ხდებიან ნერვიულები, იწყებენ ტირილს, კალმების ღრღნას...“, - ასე აფასებენ თავად მასწავლებლები 5 წლის პირველკლასელთა ქცევებს. ამბობენ, რომ მათთან მუშაობა, საკმაოდ რთულია. სწავლის პროცესში შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ მშობლებიც. მათი თქმით, შვილების მეცადინეობა, მათაც და ბავშვებსაც, ნერვების ფასად უჯდებათ. და მაინც, მიუხედავად ამისა, მშობლებს ხშირად აქვთ სხვადასხვა მოტივაცია იმისთვის, შვილი 5 წლის ასაკში სკოლაში შეიყვანონ. მაგალითად: ბავშვი ტანად დიდი იყო; ბევრი ლექსი იცოდა; იმ პედაგოგს, რომელიც მომწონდა, იმ წელს აჰყავდა კლასი; ბაღში არ დადიოდა და არ ვიცოდი სად დამეტოვებინა; ბავშვი თვითონ ითხოვდა სკოლაში წასვლას; თანატოლებთან შედარებით, განვითარებული იყო; ძალიან ცელქობდა და ვიფიქრე, სკოლაში ენერგიას დახარჯავდა“... ყველა ეს მოტივაცია, ერთი შეხედვით, გასაგებია, მაგრამ ყველაზე მთავარი, ცხადია ისაა, რა არის უკეთესი თავად ბავშვისთვის. მრავალი საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ ბავშვის სასკოლო მზაობა, სკოლაში შესვლის მომენტისათვის, მომავალში მისი აკადემიური წარმატების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია. და თუ ასევე მრავალი კვლევა იმას ადასტურებს, რომ 5 წლის ბავშვების უმრავლესობა არ არის მზად სასწავლო პროცესში ჩასართავად, დასკვნა მარტივია - არ არის სასურველი, 5 წლის ბავშვი სკოლაში მივიყვანოთ.
გაცილებით მკვეთრ განცხადებას აკეთებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ფსიქოლოგი ლევან ზარდალაშვილი - მისი თქმით, 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა, დანაშაულია! „ხუთი წლის ბავშვისთვის რთულია ჩაერთოს იმ პროცესში, რასაც სწავლა ჰქვია. ამ ასაკში ბავშვს თამაში სჭირდება და არა სწავლა. ეს მომავალში თავს იჩენს ბევრი ფსიქოლოგიური თუ ფიზიოლოგიური პრობლემების სახით. ეს გაუმართლებელია!“,- აცხადებს ლევან ზარდალაშვილი და იმასაც გვიხსნის, რა პრობლემები შეიძლება წარმოქმნას ბავშვის 5 წლის ასაკში სკოლაში შეყვანამ. მისი თქმით, 5 წლის ბავშვი, ფიზიოლოგიურადაც არ არის მზად იჯდეს გაკვეთილზე 35 წუთი, იმიტომ, რომ მისი ხერხემალი არ არის ჯერ ბოლომდე ფორმირებული. ანუ, ამ ასაკში სასწავლო პროცესში ჩართვა, მისთვის ფიზიოლოგიურადაც მავნეა. ხშირად, მათ მოტორიკაც კი არ აქვთ განვითარებული ისე, რომ შეძლოს კალმის ჭერა, წერა, მაკრატლის გამოყენება... „ანუ, ის ფიზიოლოგიურადაც არ არის მზად სკოლაში შესასვლელად. გარდა ამისა, არსებობს ემოციური მზაობაც - ამ ასაკში ბავშვი ემოციურად მზად ნამდვილად არ არის, სასკოლო პროცესში ჩასართველად. მისთვის 6 წლამდე მთავარია „მე“ და „მინდა“. მხოლოდ 6 წლის შემდეგ იწყება ამ მიდგომის შეცვლა. მანამდე კი, ბავშვისთვის გაუგებარია „უნდა“, რადგან იგი ორიენტირებულია „მინდაზე“ და „უნდა“ მისთვის ძალდატანებაა. ბავშვი ამ ასაკში არც სოციალიზაციისთვისაა მზად. ვერ ხვდება, რომ უნდა დაემორჩილოს მასწავლებელს, უნდა მოამზადოს გაკვეთილი, კლასელებს ანგარიში გაუწიოს“ - აცხადებს ლევან ზარდალაშვილი და იმასაც გვიმხელს, რომ იმის მომხრეც კია, ბავშვი სკოლაში 7 წლის ასაკში შევიდეს. მისივე თქმით, პრობლემები, რომელსაც სკოლაში ბავშვის ადრე შეყვანა იწვევს, თავს დაახლოებით მე-5-მე-9 კლასებიდან იჩენს. პრობლემები კი, საგანგაშოც კია: „სწავლაზე გულისაცრუება, შფოთვა, უძილობა, გარკვეული დეპრესიული ფონი... ბევრი ნეგატივი შეიძლება მივიღოთ იმის გამო, რომ ბავშვს დავურღვიეთ ბავშვობა, იძულებული გავხადეთ ესწავლა მაშინ, როცა უნდა ეთამაშა. ამ ფონზე, არ ვიცი, რა საჭიროა ძალდატანება. ან ის რატომ გვეჩქარება, სკოლა ადრე დაამთავროს? „ჯიპაში“ ლექციებს ვკითხულობ და პირველი კურსზე, ბავშვები, რომლებიც სკოლაში ადრე შევიდნენ და შესაბამისად, ადრე დაამთავრეს, საერთოდ არ არიან მზად იმისთვის, უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდნენ. ისინი ლექციებზე ისე იქცევიან, როგორც ჩვენ ვიქცეოდით მე-10 კლასში გაკვეთილებზე. მხოლოდ მესამე კურსიდან გაქვს განცდა, რომ სტუდენტები არიან“.
თითქმის იდენტურ აზრს იზიარებს ბავშვთა ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი. მისი აზრით, ზოგადად, სასურველი არ არის, 5 წლის ბავშვი წავიდეს სკოლაში. ეს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როცა კონკრეტული ბავშვის სასკოლო მზაობას სპეციალისტები შეაფასებენ: „სკოლისთვის მზაობა კი, საკმაოდ რთული ფენომენია. ბავშვი მზად უნდა იყოს როგორც ფიზიკურად, ანუ მისი ძვლოვანი სისტემა უნდა იყოს ისე ჩამოყალიბებული, რომ გაუძლოს დატვირთვას, რომელიც მას სკოლაში ელოდება, ასევე - ფსიქოლოგიურად. 6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ფსიქიკური ფორმა არის მეხსიერება. შესაბამისად, მას ინფორმაცია (ანგარიში, წერა-კითხვა...) მეხსიერების და არა აზროვნების დონეზე აქვს ათვისებული. ბავშვი სკოლაში წასვლისას ასევე უნდა იყოს მზად პიროვნულად და სოციალურად. სოციალური მზაობა ნიშნავს, შეძლოს ურთიერთობის დამყარება კლასელებთან, პედაგოგთან, იცოდეს დათმობა... ბავშვი ამ ასაკში ბევრ რამეს თამაშით სწავლობს, სასკოლო პროცესი კი მისგან სულ სხვა რამეს მოითხოვს. მას არ შეუძლია დიდხანს ჯდომა მერხთან, არ სურს ინსტრუქციებს დაემორჩილოს, მისთვის არასაინტერესო საქმიანობა აწარმოოს... ეს ზეწოლას ახდენს მის ფსიქიკაზე, რაც იწვევს შფოთვის მომატებას. პარალელურად, მისთვის სტრესულია სკოლასთან ადაპტაცია. 5 კი არა, 6 წლის ბავშვებსაც კი, ზოგჯერ, მთელი წელი სჭირდებათ ამისთვის“.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანის შემთხვევაში, ზიანი მიადგება მის თვითშეფასების უნარს. არ აქვს მნიშვნელობა, უჭირს თუ არა მას თანაკლასელ 6 წლის მოსწავლესთან შედარებით სასწავლო პროგრამის დაძლევა. რომც დაძლიოს, თვითშეფასების მაჩვენებელი მაინც იკლებს, რადგან მას სკოლაში ბევრი უფროსი ჰყავს და ძალაუნებურადაა მოქცეული გარემოცვაში, სადაც მის ბედ-იღბალს სხვები განაგებენ. ეს უკვე აზიანებს თვითშეფასებას. ამიტომ, 6 წლამდე რაც მეტად იქნება გარემოში, სადაც არავინ არაფერს უშლის, მით უკეთესია. ამ ფონზე, მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, პარლამენტმა მხარი დაუჭიროს ინიციატივას სასკოლო ასაკის დაწევასთან დაკავშირებით. მეტიც, გერმანიის მაგალითსაც იხსენებს, სადაც სკოლაში სწავლა 7 წლის ასაკიდან იწყება.
რამაზ საყვარელიძე: „მათ, ვინც ემხრობა 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანას, არგუმენტად მოჰყავთ, რომ ბავშვს შეუძლია აითვისოს პროგრამა. ბავშვს კიდევ მეტის ათვისების უნარი აქვს. ის არის არსება, რომელიც დაიბადა ისე, არაფერი იცოდა და თვითონ გაშიფრა სივრცე, საგნები, მნიშვნელობა ჩადო მათში, ენა გაშიფრა... ამ ინტელექტის პატრონს რამე დაუდგება წინ? რა თქმა უნდა, არა. 6 წლამდე ყალიბდება მისი პიროვნება, ანუ ემოციური, მოტივაციური სამყარო, მისი „მე“. ამ პროცესს კი, ხელს უშლის მისი რეგლამენტირება. ამიტომ ემხრობიან ფსიქოლოგები ხან ინდურ, ხან ჩინურ სიბრძნედ წოდებულ პოზიციას, რომ ბავშვი 6 წლამდე უნდა გყავდეს, როგორც მეფე, 11 წლამდე - როგორც მოსამსახურე და მერე, როგორც მეგობარი. 6 წლამდე მისი პიროვნება უნდა ჩამოყალიბდეს და ამ პერიოდში, რაც მეტად იქნება საკუთარ თავში დარწმუნებული, მით უკეთესია. მხოლოდ ამის შემდეგ ეხალისება მას შრომა, შემეცნება... მანამდე ყოფნა სკოლაში, სადაც რეალურად შრომის რეჟიმია, სადაც მოქმედება და სიტყვა-პასუხი რეგლამენტირებულია, პიროვნების ჩამოყალიბებაზე დატოვებს დიდ კვალს - მას შეექმნება განცდა, რომ რაღაცის უფლებები არ აქვს. ეს გახდება უკვე პიროვნების ნიშანი. პიროვნების შინაარსში ჩაიდება ეს ფორმულა და მომავალში, მისი პიროვნების კონცეფცია და მსოფლმხედველობა გახდება ის, რომ სხვებთან შედარებით უუფლებოა. ეს კი, ნევროზების წყაროა“.
როგორც რესპოდენტები აცხადებენ, რიგ ქვეყნებში, 5 წლის ბავშვებს სკოლაში განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა და სწავლების მეთოდი ხვდებათ. იქ ფაქტობრივად ბაღის სიტუაციაა შექმნილი და რეგლამენტაცია მინიმალურია. „სწავლებაც“ თამაშ-თამაშში მიმდინარეობს. ამ მაგალითის ქართულ რეალობაში გადმოტანა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვს - სკოლებში შესაბამისი საკლასო ოთახები უნდა მოეწყოს, შესაბამისი ინვენტარით, მასწავლებლები სათანადოდ უნდა გადამზადდნენ, სათანადო პროგრამა შემუშავდეს და სახელმძღვანელობიც დაიბეჭდოს. ეს ყველაფერი დიდ ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. სხვათაშორის, სუბელიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, ცვლილების აუცილობლობა იმითაა ახსნილი, რომ საქართველოში არ არის სათანადო დონეზე წინასასკოლო სწავლება. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბაღები აღარ მიიღებენ ბავშვებს, რომლებსაც 5 წელი შეუსრულდათ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი მშობლებს ამშვიდებს, რომ ბავშვები ქუჩაში არ დარჩებიან, რადგან განათლების სამინისტრომ, არაერთ ქართულ თუ უცხოურ კვლევაზე დაყრდნობით, უკვე მოამზადა წინასასკოლო სწავლების გეგმა, რომელსაც პარლამენტი, ალბათ მალე განიხილავს: „ვფიქრობ, მოქმედი კანონი, რომლის მიხედვითაც ბავშვი სკოლაში 6 წლის ასაკში შედის, გარკვეული შეღავათია იმ კვლევების საფუძველზე, რომელიც ცალკეულმა ორგანიზაციებმა და ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდმა დადო და რომელთა მიხედვით, ბავშვის ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის, განვითარების გათვალისწინებით, პირველ კლასელთა ასაკი უნდა იყოს 6 წელი და 8, 9 თვე. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე, განათლების სამინისტრომ დაგეგმა მწყობრი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემის ორგანიზება. საუბარია იმაზე, რომ თბილისში, 50-მდე სკოლაში, 5 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის შეიქმნება საკლასო ოთახები შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ავეჯით, რბილი იატაკით... მასწავლებლები გადამზადდებიან და შემუშავდება შესაბამისი სასწავლო პროგრამა, სადაც შეტანილი იქნება სასკოლო პროგრამის ელემენტები. სოფლებში, სადაც ბაღები არ არის სრულყოფილად დატვირთული, ასეთი საკლასო ოთახები საბავშვო ბაღებში მოეწყობა. გარდა ამისა, სოფლად, გადამზადებული პედაგოგები, დამატებით ხელფასსაც მიიღებენ. გაწერილია საბიუჯეტო ხარჯებიც. ასე რომ, კობა სუბელიანის მიერ შემოტანილი კანონპროექტით, ნაციონალური მოძრაობა, ფაქტობრივად ცდილობს, ერთი მხრივ იმ მშობლების გული მოიგოს, რომლებიც ფიქრობენ, რომ 5 წლის ასაკში შეუძლიათ სკოლაში შეიყვანონ შვილები, რაც ფაქრობრივად ბავშვის უფლებას არღვევს და მეორე მხრივ - დისონანსი შეიტანოს განათლების სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებულ გეგმაში. მშობლებმა, უნდა იცოდნენ, რომ ბევრი უარყოფითი მაგალითი არსებობს იმისა, რომ 5 წლის პირველკლასელები განიცდიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დისკომფორტს. ეს კი, ნეგატიური შედეგებითაც შეიძლება დამთავრდეს. კარგად აღნიშნა რესპუბლიკელმა ფრიდონ საყვარელიძემ - მშობლების ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, რაც წინასასკოლო სისტემის ორგანიზებაში აუცილებლად მოხდება, ოღონდ არ უნდა იყოს იგნორირებული თავად ბავშვის მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ასე რომ, ხელისუფლების თვითმიზანი არ არის, აწყენინოს მშობლებს და არ მიიღოს მათი შვილები სკოლაში. ასეთი სურათის დახატვა სურთ ამ კანონპროექტის შემომტანებს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის“.
ასეთ ფონზე, ცოტა გაუგებარია, რატომ მიიღო „სუბელიანის კანონპროექტმა“ პირველი მოსმენისას ხმათა უმრავლესობა. გიორგი ვოლსკი ამას კომუნიკაციის ნაკლებობით ხსნის. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, დეპუტატებმა დეტალურად განიხილეს ამ საკითხის ყველა დეტალი, უარყოფითი თუ დადებითი მხარე, რაც მისი აზრით, იმის საფუძველი გახდება, რომ საბოლოოდ, უმრავლესობა, სწორედ იმ პოზიციაზე იქნება, რომელიც თავად აქვს. ასე რომ, თუ ვოლსკის პროგნოზი გამართლდა, პარლამენტი „სუბელიანის კანონპროექტს“ მხარს არ დაუჭერს.