პრემიერის სიტყვებმა ხაიშელები კვლავაც საბრძოლველად განაწყო. ისინი ამბობენ, რომ ამჟამად მარხვაა, თუმცა მოგვიანებით, თუკი მათ სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება, ისინი კვლავაც საკუთარ სოფელს დაიცავენ გარდაუვალი ჩაძირვისგან.
ამის პარალელურად, პრემიერი აცხადებს, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, „თუ არ ავაშენეთ პატარა, საშუალო და დიდი ჰესები, 1 მლნ ლარის ღირებულების ელექტროენერგიის უცხოეთიდან შესყიდვა მოგვიწევს“. ამის შესახებ პრემიერმა ხუდონჰესთან და ხაიშელების აყრასთან მიმართებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ენერგომატარებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე ქვეყნები ომებს იწყებენ. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ღმერთისგან ბოძებული რესურსები და უნდა გამოვიყენოთ. ამ ეტაპზე კი ჩვენ რესურსების მხოლოდ 18%-ს ვიყენებთ.
„ეს იქნება დანაშუალი, რომ საქართველომ, რომელიც არის უმდიდრესი მთელ მსოფლიოში და მეორე ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე ჰიდრორესურსების მიხედვით, ვერ მოახერხოს ადგილზე მწვანე ენერგიის გამომუშავება... გარემოს დაცვის სამინისტრო არის ჩასაფრებული ყველა ჰესის მშენებლობის დროს. ჩვენ დაუფიქრებლად და გაუაზრებლად არ გავაკეთებთ არაფერს, რომ ერთი სიკეთის შემოტანით მეორე სიკეთე დავაზიანოთ. ჩვენ ვცდილობთ, სიკეთე შევქმნათ, შეიძლება, რაღაც დაზიანდეს, მაგრამ ყველაფერი შეფარდებითია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა და განმარტა, რომ „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით მუშაობა გრძელდება და ის მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, თავად შეხვდეს ხაიშელებს.
უფრო მეტიც, დიდი ჰესების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებს პრემიერმა „გაუგებარი პოლიტიკოსების გაუაზრებელი აქციები“ უწოდა, რომლითაც ისინი ინვესტორებს ებრძვიან.
ენერგეტიკოსი ოლეგ ბაშარული თვლის, რომ გაუთვალისწინებლობით აშენებული ჰესები დროთა განმავლობაში სახიფათო ობიექტებად გვევლინებიან. For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ წყლის საგუბარები ქმნის დანესტიანების კერებს და ადგილობრივი კლიმატის შეცვლას განაპირობებს, რაც მოქმედებს მცენარეულ საფარზე, ცხოველებზე, ფრინველებსა და ადამიანებზე. ამის შემდეგ ყოველი ცოცხალი ორგანიზმი ცვლილებას განიცდის და, რა თქმა უნდა, ეს სიცოცხლისუნარიანობისთვის საზიანოა.
„ამდენად, როცა რაღაცას აშენებ, უნდა იცოდე, საბოლოოდ ეს მშენებლობა რას გამოიწვევს. ასეთ პირობებში ჰესი ააშენო და დენი გაყიდო, მიუღებელია. დღეს საქართველოს გამომუშავებული ენერგია ჰყოფნის, მაგრამ იმიტომ ჰყოფნის, რომ არ გვაქვს არავითარი მრეწველობა. პრემიერს რომ ეთქვა, ჩვენ სახალხო მეურნეობის განვითარებისთვის გვჭირდება დამატებითი ენერგია და ამისთვის ეს ჰესი უნდა ავაშენოთი ამის განხილვა სხვა შედეგით დამთავრდებოდა. რაც საჭიროა, იმას არავინ აკეთებს და რაც არ არის საჭირო, იმას აკეთებენ, თანაც - ძალზე ცუდად. 1 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიის უცხოეთიდან შეძენაზე როცა საუბრობენ, შევახსენებ, რომ, დღევანდელი სიტუაციით, ჩვენ ვყიდით და არ ვყიდულობთ. ჩვენი ბედნიერი მთავრობის ხელმძღვანელებმა -პრემიერმა თუ ვიცე-პრემიერმა იმდენი არ იციან, რომ სულ მალე, ჩვენი ობიექტების ამოქმედების შემდეგ, ორჯერ მეტ ენერგიას გამოვიმუშავებთ, ვიდრე დღეს გვჭირდება. რატომღაც არავინ ფიქრობს, ეს ენერგია პირდაპირ კი არ გაიყიდოს, არამედ გადავიდეს სხვა საქონელში და საქონლის მონაცვლედ გაიყიდოს უფრო მეტი ფულადი შემოსავლის მისაღებად. ასეთი არასწორი მიდგომით საქართველოში არასდროს მოევლება უმუშევრობას. პირიქით, უმუშევრობა გაიზრდება, რადგან დასაქმების ობიექტები არ არის. ჩვენ ყველაფერს ვყიდით, თუ რამე გაიყიდება. დღეს გამოდის კვირიკაშვილი და, ნაცმოძრაობის ლიდერების მსგავსად, იძახის, ინვესტიცია-ინვესტიციაო. საკუთარი მიწა-წყლიდან გაყიდული ფულით შემოსული ინვესტირება შეიძლება გამართლებული იყოს?“ - აცხადებს ოლეგ ბაშარული.
ხაიშის მკვიდრი გოჩა თორია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ საქართველოს მთავრობას სვანეთის სანაცვლოდ ელექტროენერგიის მიღება სურს, ეს სვანეთის ხარჯზე ვერ მოხერხდება. უფრო მეტიც, რა აზრიც იყო სვანეთში, ეს აზრი უცვლელია და პრემიერის ბოლოდროინდელ ნათქვამს (1 მლნ ლარის ღირებულების ელექტროენერგიის უცხოეთიდან შესყიდვის თაობაზე) სვანებზე არავითარი რეაქცია არ მოუხდენია.
„სვანეთი არის და იქნება, დამთავრებულია მანდ ყველაფერი. ეს კანონია ჩვენთვის. ელექტროენერგიის სანაცვლოდ სვანეთი არ დაიკარგება. ის, რომ ზოგიერთი სვანი აყრაზე თანახმაა, ეს ისეთი კატეგორიაა, დღეს რომ გაყიდის აქაურობას და ფულს აიღებს, ხვალ სადაც წაიყვან, იქაურობასაც გაყიდის, მერე მთლიანად, საქართველოსაც გაყიდის და თურქეთში წავა. თუ იქაც ფული შემოაკლდება, კიდევ წავა და მოივლის სხვა უცხო ქვეყანას. სულ ასე ივლის ფულის ავადმყოფობით შეპყრობილი. სვანები არც აქციებზე არ ვამბობთ უარს, ეს ნათქვამია ფიცის დონეზე. ჩვენი ნათქვამი არ შეიცვლება, გარდა იმისა, რომ იქ უნდა ვიდგეთ, სადაც ვდგავართ“, - გვითხრა გოჩა თორიამ.
როგორც ცნობილია, ხუდონჰესის წინააღმდეგ განწყობილი მოსახლეობის სულისკვეთებას მარგვეთისა და უბისის ეპარქიის წარმომადგენლებიც იზიარებენ. სასულიერო პირები წუხილს გამოთქვამენ, რომ ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეკლესია და მის მიმდებარედ არსებული სასაფლაო წყალქვეშ მოექცევა. ამიტომაც ითხოვენ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების, ანუ კონკორდატის მე-7 მუხლის ამოქმედებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ჯერ კიდევ 2002 წელს სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, რომ დაეცვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებული სიწმინდეები თუ ეკლესია-მონასტრები.
ამასთან, სვანები აცხადებენ, რომ ჰესის ასაშენებელ ადგილზე სერიოზული მიწისძვრის ნაკვალევია და საბჭოთა კავშირის მაშინდელმა მეცნიერებათა აკადემიამ, ანტიქართული განწყობის მიუხედავად, ეს უარყოფითი დასკვნა მაინც დაწერა, სადაც ითქვა, რომ მიწისქვეშა ფილების რღვევის ხაზის გამო მაღლივი კაშხლების აშენება კატეგორიულად დაუშვებელი იყო.
ხაიშელების კიდევ ერთი არგუმენტია, რომ სწორედ სვანი მოსახლეობა იცავს რუსეთთან საზღვარს. ამიტომ ხუდონჰესის აშენება ამ ტერიტორიას სვანებისგან დაცლას უქადის და ეს მიწები ჩვენი მეზობლების ხელში გადავა.