„უკრაინის შემდეგ პუტინმა შეიძლება ბალტიისპირეთის, პოლონეთისა და საქართველოს წინააღმდეგ გაილაშქროს“, - აცხადებს ამერიკელი ექსპერტი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ყოფილი მრჩეველი ზბიგნევ ბჟეზინსკი. პარალელურად, ბჟეზინსკი უკრაინის იარაღით მომარაგებას ემხრობა, რადგან სწორედ უკრაინაში მიღწეულ წარმატებაზე იქნება დამოკიდებული, გადაწყვეტს თუ არა პუტინი ზემოთჩამოთვლილი ტერიტორიისკენ ნაბიჯის გადადგმას.
პუტინის ცნობილი ფრაზის - „საშინაო დავალებებისა“ და კრემლის სავარაუდო გეგმების შესახებ For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
- ბჟეზინსკი რეალისტია, მისი არცერთი განცხადება არ გაცრუებულა და ბოლო წლებში მისი ყველა პროგნოზი 90%-ით მაინც მართლდება. რასაკვირველია, უკრაინის მოვლენები პუტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტია, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც ის არის, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია. თუ დასავლეთმა გადაყლაპა უკრაინაში პუტინის აგრესია და კომპრომისზე წავიდა, მაშინ რუსეთი არ გაჩერდება და უკრაინა არ იქნება უკანასკნელი ზღვარი პუტინისთვის. ერთდროულად, ბალტიისპირეთის, პოლონეთის და საქართველოს წინააღმდეგ გამოლაშქრება გამორიცხულია. ალბათ, ნატოს ქვეყნებთან ურთიერთობაში პუტინი მაინც მოერიდება ღია აგრესიას, რადგან ეს იქნება ნატოს კრახი, მაშინ ნატო დაიშლება.
რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაფერი დამოკიდებულია პუტინის კეთილ ნებასა და ქართული დიპლომატიის ელასტიურობაზე. შეიძლება, საქართველოში მცხოვრებ ატლანტისტებს არ მოეწონოთ ეს განცხადება, მათ მაინც იმედი აქვთ, რომ ნატო ჩვენ მხარს გვიჭერს, ამერიკა და ევროპა მხარს გვიჭერს, მაგრამ ეს ყველაფერი ზღაპარია და 2008 წელს ჩვენ ვნახეთ, მაქსიმუმ, რისი გამკეთებელი იყო დასავლეთი. ჯერჯერობით, რუსეთთან ფლირტი უნიათო გიმნაზისტების დონეზე მიმდინარეობს, აბაშიძე-კარასინის ფორმატში.
პირველი ვიყავი, ვინც ტაში დავუკარი ზურაბ აბაშიძის დანიშვნას, ის ჩემი ბავშვობის მეგობარი, ბრწყინვალე დიპლომატია, მაგრამ ზურაბ აბაშიძეს იმის უფლებაც არ აქვს, პრემიერს ან ივანიშვილს თავისი აზრი მიაწოდოს. ზურაბ აბაშიძე წესიერი კაცია, არა მგონია, იკადროს და მიიწეროს ჩვენი პროდუქციის შესვლა რუსეთის ბაზარზე, ეს ჯერ კიდევ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) ჩვენი თანხმობის საფასური იყო. პუტინს ეს სიტუაცია 100%-ით აწყობს, აგერ, გადმოსწია მავთულხლართები, გააფორმა ხელშეკრულება სოხუმთან, ცხინვალთან, ეს უკვე მცოცავი ოკუპაცია კი არა, მოხტუნავე აგრესიაა.
რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, რომ არ მიეცეს რუსეთს კიდევ მეტი წახალისება საქართველოში, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში გასალაშქრებლად? იმის გამო, რომ პუტინისთვის მნიშვნელოვანია დასავლეთის რეაქცია, ალბათ, სადავო აღარ უნდა იყოს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის საკითხი, რომლის წინააღმდეგიც ბარაკ ობამაა და უფრო არალეტალური იარაღით უკრაინის მომარაგებას ემხრობა.
- მიუხედავად იმისა, რომ ობამა ცდილობს, ირაღის მიწოდების რეზოლუცია არ შეასრულოს, საკანონმდელო ორგანოს მაინც შეუძლია, დაავალოს პრეზიდენტს ლეტალური იარაღის გადაცემა. თუკი უკრაინამ ტანკების საწინააღმდეგო ჯეველინი მიიღო, ეს ჯეველინი რუსეთის ყველაზე თანამედროვე ტანკებს, როგორც ასანთის კოლოფებს, ისე დაწვავს. ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთმა უკრაინას ჯავშან-ჯილეტები მისცა, სასმელ წყალთან და პამპერსებთან შედარებით ეს ცოტა მაღალი დონეა, მაგრამ მთავარია რაკეტები, ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი, დაზვერვითი ინფორმაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩართონ ნატოს დაზვერვით ქსელში უკრაინა და უკრაინის გენერალურმა შტაბმა იცოდეს ყველაფერი, მაგრამ დასავლეთი ამაზე თავს იკავებს, რადგან არ აქვთ იმის გარანტია, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი ერთი თვის შემდეგ არ დარჩება რუსეთის ხელში. უკრაინაში ომი არავის უნდა, ყველა დაყრის იარაღს, გაიქცევა და ეს ჯეველინი დარჩება რუსეთის არმიას, როგორც ეს საქართველოში მოხდა. ერთი მილიარდი დოლარის იარაღი გაიტანა რუსეთმა კოდორიდან და გორიდან.
რით ახსნით იმას, რომ უკრაინელებს ომი არ უნდათ, ამაში უკრაინის სუსტი გენეტალიტეტია დამნაშავე, თუ სისხლისმიერი ნათესაობა უკრაინელებსა და რუსებს შორის?
- მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც მშვენივრად ახსოვს, რა ხდებოდა მოსკოვის ფეხბურთის სტადიონებზე, როდესაც კიევის „დინამო“ და მოსკოვის რომელიმე გუნდი თამაშობდა. პრაქტიკულად, ეს ომი იყო. დასავლეთის ტრიბუნა უკრაინელებით იყო სავსე და მახსოვს მთელ ტრიბუნაზე გაჭედილი პლაკატი „А ты, москаль, зубы не скаль!“ უკრაინელები ყველა რუსს москаль-ს ეძახდნენ. ეს რომ მე, ლექტორს ოფიციალურად მეთქვა, დამიჭერდნენ, როგორც შოვინისტს და ნაციონალისტს. 1964 წელს თბილისის „დინამო“ საბჭოთა ჩემპიონი გახდა უკრაინელების წყალობით. უკრაინას საერთოდ არაფერი აღარ აინტერესებდა მაშინ, მაგრამ შეაკვდნენ მოსკოვის „ტორპედოს“ და ქულა არ გაატანეს. უკრაინელებს რუსების სიძულვილში პოლონელები თუ შეედრებიან. დასავლეთ უკრაინა ასეულობით წლები ცხოვრობდა ავსტრია-უნგრეთში, ფაქტობრივად, ლვოვი მაშინაც ევროპა იყო, თავისი ქუჩებით, მენტალობით. ბრძოლისუნარიანობა უკრაინელებმა დაკარგეს, რადგან ბოლო 15 წელი, უკრაინაში არმია და მისი დაფინანსება ყოველწლიურად მცირდებოდა, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ რუსეთთან ომი გამორიცხული იყო. როგორც საქართველო მარსიანელებთან ომისთვის არ ემზადება, ასევე იყო უკრაინაც. ამ მოუმზადებელ უკრაინელებს უცებ დაეტაკა კაციჭამიებით დაკომპლექტებული, საათივით აწყობილი რუსეთის სამხედრო უწყება.
ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯონ მაკკეინი ლეტალური იარაღით უკრაინის მომარაგებასთან დაკავშირებით პუტინის პროვოცირებას და ნატოსთან კონფლიქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ არავითარი ომი არ იქნება. მაკკეინს დღევანდელი ევროპის საქციელი მეორე მსოფლიო ომამდელ სამარცხვინო საქციელს აგონებს, როცა ევროპა ამბობდა, რომ თავის ბიჭებს ვერ გაუშვებდა ქვეყანაში, რომლის ენაც მათ არ იცოდნენ.
- სამწუხაროდ, მაკკეინი ბევრ სიმართლეს ამბობს, რადგან ცუდი რეალობა გვაქვს. 1938 წელს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმა ჩემბერლენმა ინგლისის პარლამენტში პირფერობით განაცხადა, რომ ინგლისელებს ომი არ უნდათ იმ ქვეყნისთვის, რომლის არსებობა არც კი იციანო. საუბარია ჩეხოსლოვაკიაზე. მაშინ ადგა ჩერჩილი და უთხრა, კი მაგრამ, თქვენ ინდოეთში ომობთ და, თუ ინდოეთის მდებარეობის შესახებ იციან ინგლისელებმა, აგერ, ყურის ძირშია ჩეხოსლოვაკია და მის შესახებ ნუთუ არ იცის ჩვენმა ხალხმა? ნატოს წევრი ქვეყნები დღესაც არ ზრდიან სამხედრო ბიუჯეტს, ეროვნული შემოსავლის 2%-იც არ უნდათ გადაიხადონ ამისთვის, რადგან ფიქრობენ, მათ არავინ ემუქრება.
პუტინი არასდროს ბრიუსელის დაპყრობას არ იფიქრებს, ბელგიასა და საფრანგეთს ომს არ გამოუცხადებს. ხოლო უკრაინას არავინ ჩივის, ის მაინც ყოფილი საბჭოთა კავშირია. რუსეთში ახლა გაცოცხლდა ტერმინი - „მინი იალტა“. გახსოვთ, ალბათ, იალტაში 1945 წელს სტალინმა და რუზველტმა, ჩერჩილთან ერთად, გაიყვეს ევროპაში გავლენის სფეროები. მაშინ მთელი აღმოსავლეთ ევროპა: ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, პოლონეთი, ბულგარეთი სტალინს ჩააბარეს. ახლაც რუსეთში ფიქრობენ, რომ საჭიროა „მინი იალტა“, ანუ რუსებს აღმოსავლეთ ევროპაზე პრეტენზია არ ექნებათ, ოღონდ დასავლეთმა პოსტსაბჭოთა სივრცე (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) ოფიციალიურად აღიაროს მათი გავლენის სივრცედ. თვითონ დასავლეთიც არაფერს აკეთებს რეალურად, რომ ასეთი მიდგომა შეიცვალოს. ახლა იქნება რიგის სამიტი და უვიზო რეჟიმს ვერც მოლდავეთი მიიღებს და ვერც საქართველო, რადგან არავის სჭირდება უმუშევრების ახალი არმია. სიმართლე გითხრათ, სანამ ჩვენთან ასეთ მდგომარეობაა, უვიზო რეჟიმის წინააღმდეგი ვარ, რადგან დაიცლება საქართველო. ამათ რომ საზღვრები გაუხსნა, სოფელში ქალი აღარ დარჩება, ბავშვებს აღარავინ გააჩენს, ყველა აიხვეტება და წავა ევროპაში დამლაგებლებად, ბებერი ქალების მომვლელად. მიწაზე მუშაობა აღარ უყვართ, დედაჩემი კახელი იყო, პატარა ვენახი მაქვს და ისიც უკვე უპატრონოდაა. ყველაზე ახალგაზრდა მშრომელები კახეთში არიან 70-80 წლის „ბიჭები“.
დავუბრუნდეთ პუტინის თემას. თქვენ ამბობთ, რომ პუტინის კეთილ ნებაზეა საქართველოს მდგომარეობა დამოკიდებული. ამიტომაც ხომ არ გააქტიურდნენ რუსოფილები, რომელთა ინტერესიც მზარდია ევრაზიულ კავშირთან მიმართებით?
- ნატომ ღიად გვითხრა, საერთოდ დავხურეთ კარებიო. ნატოს გენერალური მდივანიც ცხვირჩამოშვებული იდგა და არ უთქვამს, როგორ არა, კარები ღია გვაქვსო. ეს ფორმულა, რომ ნატოს კარები ღიაა, იქცა ცინიზმად და მოტყუებად. ამიტომ, თვითონ დასავლეთი ალტერნატივას აღარ გვიტოვებს. რასაკვირველია, ნატო და ევროპა გვინდა, მაგრამ ევროპას კარი ჩაკეტილი აქვს. ერთი თვის წინ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გვითხრა, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა უნდა მიეჩვიოს ნატოს გარეშე ცხოვრებასო. ასეთ პირობებში რუსეთთან ურთიერთობის დალაგება უალტერნატოვოა. დასავლეთი არის მხოლოდ დათო უსუფაშვილის და ალასანიას განცხადებებში.
რუსულ მედიაში ჩნდება ჰიპერბოლიზირებული შეფასებები, თითქოს ლუდმილა პუტინა აცხადებს, რომ მისი ყოფილი მეუღლე ვლადიმერ პუტინი ცოცხალი აღარ არის და პუტინის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში პირველი დუბლიორიც გამოჩენდა, რის შემდეგაც ლუდმილა პუტინა მიხვდა, რომ პუტინის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი.
- იმ ქალის მდგომარეობა გასაგებია, თავის დროზე პირველი ლედი იყო. წლების წინ ლუდმილა პუტინა ამბობდა, ბრეჟნევის მეუღლე მართავდაო ბრეჟნევს. ეს მართლაც ასე იყო. პუტინმა მაშინ ითხოვა ლუდმილა, როცა 18 წლის იყო. რუსი ქალების უბედურება რა არის, იცით? ევროპელი ქალებისგან განსხვავებით, ისინი ვერ ინარჩუნებენ სილამაზეს. ოდრი ჰეპბერნი 60 წლისაც ბრწყინვალე შესახედი იყო, 20 წლის გეგონებოდათ, ჯინა ლოლობრიჯიდა ვნახე მოსკოვის ფესტივალზე, 48 წლის იყო და 22-ის მეგონა. 30 წლის რუსი გოგო კი უკვე სიმსუქნისკენაა მიდრეკილი. პუტინი რუსეთის მეფეა, ადგა და მსოფლიო ჩემპიონთან, ტანმოვარჯიშესთან გააბა რომანი. კარგი ცხოვრების გემო გაიგო კაბაევასთან.
რუსეთს უყვარს მითები. ასეთი მითებიც იყო, რომ სტალინი და ბერია არ მომკვდარან. 1825 წელს, როცა გარდაიცვალა ალექსანდრე პირველი, გამოჩნდა ბერი, რომელიც ბევრ რამეს ლაპარაკობდა და ის ალექსანდრე პირველი ეგონათ. პუტინი ცოცხალი, ჯანმრთელია, უბრალოდ, შარშანწინ ხერხემალი დაუზიანდა. სწორედ მაშინ იყო, ერდოღანთან სკამზე რომ ვერ ჯდებოდა და ერდოღანი მიეშველა. ახლაც შეიძლება, გრიპი სჭირდა და გაუჩინარდა, მისი სიკვდილის იმედად ნუ ვიქნებით. რუზველტი რომ მოკვდა, ჰიტლერმა თქვა, ეს ღმერთის ნიშანია, რახან რუზველტი მოვკდა, მორჩა, ომი მოგებული გვაქვსო.