30 მარტს, 13 საათზე, 112-ის წარმომადგენლები პრეზენტაციას გამართავენ ქ. ქუთაისში. ყრუ და სმენადაქვეითებული პირები მიიღებენ ინფორმაციას ახალი სერვისის შესახებ და ადგილზე მოხდება მსურველების დარეგისტრირება.
30 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ყრუთა კავშირის ხელშეწყობით, 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ პრეზენტაციები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გაიმართება.
საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში სერვისის მომხმარებელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დარეგისტრირდნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ახალი სერვისის შესახებ და თავად შეამოწმონ ახალი მომსახურების ეფექტურობა.
შეგახსენებთ, რომ SMS და ვიდეო ზარი ხელმისაწვდომია მთელ საქართველოში, 24 საათის განმავლობაში. სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის!
112-ის უფასო SMS და ვიდეო ზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge
ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, ექნებათ შესაძლებლობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა.
ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.
112-ის ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი. ხოლო გაეროსა და შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.
სრული ინფორმაცია სერვისის შესახებ განთავსებულია 112-ის ვებ გვერდზე: www.112.ge.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნატალია გელაშვილი, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - 112, n,gelashvili@112.ge, 577 777 954
ფაქტები და ციფრები
SMS სერვისი დანერგილია 18 ქვეყანაში: ავსტრია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი.
ვიდეო ზარის სერვისი აქვს მხოლოდ 6 ქვეყანას: ჩეხეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, მალტა, შვედეთი, ჰოლანდია, თურქეთი.
ორივე - SMS და ვიდეო ზარის სერვისი დანერგილია მხოლოდ 3 ევროპულ ქვეყანაში: ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და მალტაში.
SMS სერვისის კუთხით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ირლანდია. 112 გამოცდილების გაზიარებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, აქტიურად, ყოველდღიური კომუნიკაციის რეჟიმში, თანამშრომლობს ირლანდიასთან.
112-ში დასაქმდნენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები
დღე-ღამის განმავლობაში 112-ში დაახლოებით 25,000 ზარი შემოდის
საქართველოში ოფიციალურად 113,427 შშმ პირია რეგისტრირებული
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, არ არსებობს შშმ პირთა დიფერენცირებული ბაზა, მათ შორის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა მონაცემები.
„საქართველოს ყრუთა კავშირის“ მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 1% ყრუ და სმენადაქვეითებულია. კოალიციის „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და „საქართველოს ყრუთა კავშირის“ მოსაზრებით, სმენადაქვეითებულთა/ყრუთა რიცხვი გაცილებით მაღალია.
მსოფლიოში დაახლოებით 362 მილიონი ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანია,
რაც დედამიწის მოსახლეობის 5.3%-ს შეადგენს. მათგან 32 მილიონი ბავშვია.
ყრუ და სმენადაქვეითებული პირები იყენებენ ჟესტურ ენას