„არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის განცხადებამ ზეგავლენა მოახდინოს გამოძიების პროცესზე“

„არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის განცხადებამ ზეგავლენა მოახდინოს გამოძიების პროცესზე“

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ბიძინა ივანიშვილს ღირსების შემლახველ განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან ბრალი დასდო კიწმარიშვილს ფსევდოოპოზიციურობასა და არაობიექტური მედიის შექმნაში. ოჯახი თვლის, რომ ისეთი გავლენიანი პირის განცხადება, როგორიც ივანიშვილია, აღიქმება როგორც ზეწოლა მიმდინარე გამოძიებასა და სასამართლო დავებზე.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით, განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეროსი კიწმარიშვილი მისი მოსვლის შემდეგ ძლივს გავიდა „მაესტროდან“ – „სადაც ეროსი კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ილაპარაკო ობიექტურობაზე“.

რა ხდება გამოძიების პროცესში და რა ვერსია აქვს თავად გარდაცვლილის ოჯახს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ეროსი კიწმარიშვილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა.

რატომ მიგაჩნიათ, რომ ივანიშვილის განცხადება სწორედ, რომ გამოძიებაზე ზეწოლა იყო?

– მორალურად აბსოლუტურად გამართლებულია ის განცხადება, რომელიც ქალბატონმა იამ გააკეთა. ვფიქრობ, ბატონი ბიძინას განცხადება ნადვილად არ შეუწყობს ხელს გამოძიების მსვლელობას. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის განცხადებამ ზეგავლენა მოახდინოს გამოძიების პროცესზე. განცხადებამ რომელიც ბატონმა ბიძინამ გააკეთა, არ ვთვლი, რომ სწორი განცხადებაა.

„მაესტროში“ განვითარებული მოვლენების დროსაც, როცა ერთ მხარეს ეროსი კიწმარიშვილი იყო, მეორე მხარეს „მაესტროს“ სარედაქციო ჯგუფი, მაშინაც კი, „მაესტროს“ თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ კიწმარიშვილი „მაესტროს“ მუშაობაში არ ეროდა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად სიცრუეს დავარქმევდი ბატონი ბიძინას განცხადებას, თითქოს, ეროსი კიწმარიშვილი არაობიექტური იყო როცა „მაესტროს“ მმართველი იყო.

რაც შეეხება გამოძიების პროცესს, რა ხდება ეროსი კიწმარიშვილის სისხლის სამართლის საქმეში, 8 თვის მანძილზე გამოძიებამ თუ შეძლო საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვება?

– ჩვენ გამოძიებას მივეცით საკითხების ნუსხა. ამის შემდგომ გვქონდა მცდელობა შევხვედროდით გამომძიებელს, რომ გავცნობოდით ახალ მასალებს, რადგან ასეთი არის საქმეში. მაგრამ, ეს შეხვედრა ვერ მოხერხდა, გამომძიებლები სემინარზე იმყოფებიან, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. არ გვაქვს იმის განცდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები დეტალურად იქნება შესწავლილი და გაანალიზებული.

რატომ არ გაქვთ ამის იმედი?

- ძალიან მნიშვენელოვანი ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ - საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება იმ ვერსიისა, რომლითაც საქმე არის აღძრული. აბსოლუტურად არალოგიკური და დაუჯერებელია ასეთი ვერსიის არსებობა, თუმცა გამოძიებისთვის, შესაძლოა, ყველაზე მართებული იყოს თვითმკვლელობის ვერსია.

რატომ?

- იმიტომ, რომ ასე ჩანს ჩემთვის ამ დრომდე ყველაფერი. რაც შეეხება საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მკვლელობა, როგორც ჩანს, ასეთი მტკიცებულება არის სადღაც, თუმცა ჩვენ გვაქვს რაღაცა ძაფები, რომელმაც შეიძლება მკვლელობამდე მიგვიყვანოს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს 100%-ანი უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეს იყო მკვლელობა, თუმცა არის გარემოებები, რომელსაც ამ მტკიცებულებამდე მივყავართ.

გამოძიებასთან ყოველი შეხვედრისას გვაქვს მოლოდინი, რომ მტკიცებულება დაიდება, ამ თვეების განმავლობაში ჩვენც ვცდილობდით, რომ სწორ გზაზე წასულიყო გამოძიება, სწორი აქცენტი გაკეთებულიყო და ამ მიმართულებით დახარჯულიყო ენერგია, მაგრამ... დადგება ის მომენტიც, როდესაც ძალიან მწვავედ დავსვამ საკითხს - რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა. ველოდები იმ მომენტს, როდესაც თქვენთან ერთად ღიად ვისაუბრო ამ საკითხებზე. სამწუხაროდ, ამ წუთას ამას ვერ ვახერხებ.

პროკურატურის მხრიდან თუ არისზაობა, ან რა კეთდება იმისათვის, რომ თვითმკვლეობიდან გადავიდნენ მკვლელობის ვერსიაზე?

- სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ასეთ მზაობას. თუმცა, ვერც იმას ვხედავ, რომ პროკურატურა მზად იყოს იმისათვის, რომ გაასაჯაროვოს მისი ვერსია, რომელიც არგუმენტებით იქნება გამაგრებული. გასაგებია, რომ ჩვენ გვიწევენ ანგარიშს, აწარმოებენ იმ მოქმედებებს რომელიც ერთობლივად დავსახეთ. თუმცა, ვიცი რა ის არგუმენტები, რომელიც შესაძლებელია მომავალში გამოქვეყნდეს, მათი ვერსიის გამაგარების მიზნით, ძალიან სუსტ ადგილებს ვხედავ, ძალიან სუსტი არგუმენტებია. პროკურატურას ნაბიჯის მყარად გადადმის საშუალება არ აქვს.

საშუალება არ აქვს, თუ სურვილი?

- რაც უნდა გიპასუხოთ, მაინც სუბიექტური ვიქნები. თავის დროზე საზოგადოება თავად გადაწყვეტს რა არის გამოძიების მოქმედებების საფუძველი - სურვილი, უუნარობა თუ არაპროფესიონალიზი. იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურას სხვა მოტივები არ აქვს, გარდა იმისა, რომ საკმაოდ რთულად გასახსნელ საქმესთან გვაქვს საქმე.

ბატონო ზურაბ, თქვენ რა ვერსია გაქვთ, თუ ეს იყო მკვლელობა, მაშინ რის საფუძველზე შეიძლება მოეკლათ? გაჩნდა ახალი ვერსია, რომ მკვლელობის კვალი შესაძლოა კუდის უფროსის ყოფილ მოადგილესთან ვაჟა ლილუაშვილთან მიდიოდეს, რომელსაც ბიზნესკავშირები აქვს გიორგი ხევიაშილთან, რომელმაც პირველმა ნახა ავტოფარეხში მოკლული კიწმარიშვილი...

- ეროსიმ იცოდა რა ჯგუფებიც იყო რუსთავში და ვფიქრობ, რომ მან გამოიყენა თავისი ძველი კავშირები, ურთიერთობები, რომელსაც გარკვეული ადამიანური რესურსი მოყვებოდა. ლილუაშვილთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ძალიან ძნელად აღვიქვი ეს პიროვნება. რაც შეეხება გია ხევიაშვილს, ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის გია ხევიაშვილი, რა ისტორია აქვს, ბევრ ადამიანს სჯერა მისი და ეს კავშირიც გამოიყენა ეროსიმ.

რაც შეეხება ჩემს ვერსიას, ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ვიღაცისთვის არასასურველი აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის ის აქტიურობები, რომელიც ამ ფაქტს წინ უძღოდა. ბევრი საუბრები და ვერსიებია, ზოგიერთი ჩემთვის აბსოლუტურად უსაგნო და აბსურდული, როგორც გითხარით, ყველაფერი თავს იყრის ეროსი კიწმარიშვილის ბოლო პერიოდის აქტიურობებთან, რომელიც სამწუხაროდ, მას არ დასცალდა. სწორედ, ეროსის აქტიურობის გარშემო უნდა ვეძებოთ ყველაზე გამოკვეთილი ვერსია. გამოძიებამ უნდა შეძლოს ყველაზე რეალური ვერსიით კვალის პოვნა.

შეიძლება ჩვენ ვცდებოდეთ, ამიტომაც გამოძიებამ კეთილი უნდა ინებოს და დაგვიმტკიცოს, რომ ჩვენ ყველანი ვცდებით და საქმე სრულიად სხვგავარად არის. ჩემი ვალია, რომ უკომპრომისო ვიყო პროკურატურის და გამოძიების პოზიციის მიმართ. პროკურატურის ვალია, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ თუნდაც თავის ვერსიას შესძინოს დამაჯერებლობა და მოიპოვოს მტკიცებულებები, რომ თვითმკვლელობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ.