„თუ უდესიანი არ არის ამის გამკეთებელი, მოიძიოს ვინ არის მკვლელი და აგვიხსნას რატომ ესროლეს“

„თუ უდესიანი არ არის ამის გამკეთებელი, მოიძიოს ვინ არის მკვლელი და აგვიხსნას რატომ ესროლეს“

ბიზნესმენს ბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარებს. ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით.

ბიზნესმენს საკუთარ სადარბაზოსთან ესროლეს. გამოძიებისთვის, ჯერჯერობით, უცნობი პირი, რომელიც მოპედით მოძრაობდა, ბიზნესმენს სადარბაზოში შეჰყვა და საბრძოლო იარაღიდან ესროლა. ამ ფაქტს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს - ბესო ხარძიანის მეუღლე, რომელიც სადარბაზოდან უყურებდა, როგორ შეჰყვა ხარძიანს მკვლელი სადარბაზოში. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ხარძიანს სამი დღის განმავლობაში მოპედით უთვალთვალებდა საშუალო ახღნაგობის მამაკაცი. უცნობი პირი შენიშნა ხარძიანის შვილმა, რომელმაც გამოძიებას ჩვენება მისცა.

მოტოციკლი, რომლითაც ბესო ხარძიანის მკვლელი მოძრაობდა, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზეა ნაპოვნი. მოტოციკლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ავტოფარეხთან აღმოაჩინეს. მოკლული ბიზნესმენის ადვოკატის მალხაზ სალაყაიას ინფორმაციით, გამოძიებას მკვლელობაში ბრალდებული პირის ფოტორობოტი, სავარაუდოდ, უკვე გააჩნია. ადვოკატი ადასტურებს, რომ სავარაუდოდ, გამოძიებას დამნაშავის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს.

გარდაცვლილის ოჯახი და მეგობრები ამბობენ, რომ დანაშაული გია უდესიანის ორგანიზებული იყო. მოკლულის და, მაია ხარძიანი აცხადებს, რომ კვალი ერთი მკვლელისკენ მიდის, რომელიც ციხეშიც კლავდა მის ძმას და ეს გია უდესიანია.

„ეს არის შეკვეთილი მკვლელობა. მთავრობას ვთხოვ, გამოიძიონ. ეს იყო ის, რაც მის ქონებას ეხებოდა, ეს იყო მისი პარტნიორი, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, ეს არის გიორგი უდესიანი. თუ უდესიანი არ არის ამის გამკეთებელი, მოიძიოს ვინ არის მკვლელი და აგვიხსნას რატომ ესროლეს. ეს მკვლელობა არის შეკვეთილი“, – განაცხადა მაია ხარძიანმა

ხარძიანის მეგობრის, ირაკლი კორძაიას განცხადებით, მომხდარი ბესო ხარძიანის ერთადერთ მტერს, გიორგი უდესიანს უკავშირდება, რომელიც ახლა საზღვარგარეთ იმყოფება. კორძაია ასევე ასახელებს ლაშა ნაცვილშვილს და ზვიად ჯანყარაშვილს.

„უდესიანის ბანდები თბილისში დღესაც დათარეშობენ. ამის შესახებ იციან ძალოვანებმა, ადამიანები, რომლებიც ახლაც შსს–ში მუშაობენ „ნაციონალური მოძრაობის“ და წინა ხელისუფლების დამნაშავე ადამიანების საქმეებს აკეთებენ. მფარველობენ, თვალებს ხუჭავენ, ხელს უწყობენ მათ. 2012 წელს, როდესაც გაჩნდა ქონების დაბრუნების იმედი, უდესიანის გარდა, გამოჩნდა სხვა გვარებიც – ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად ყინავდა ამ პროცესს და ჯანყარაშვილი, რომელსაც პირდაპირი ბიზნეს ინტერესები აქვს უდესიანთან.

გამოძიება არ არსებობს, რადგან ამის დამმუხრუჭებელნი იყვნენ ლაშა ნაცვლიშვილი, რომელმაც შემდეგ ესტაფეტა გადასცა ზვიად ჯანყარაშვილს. მართალია, თანამდებობაზე არიან, მაგრამ მათ დარჩათ გავლენები და ნათესავები მაღალ თანამდებობაზე, რომელიც კახური წესით, ნათესავად არ ითვლება“, – აცხადებს ირაკლი კორძაია. 

მომხდარს გამოეხმაურა გია უდესიანი, რომელიც მკვლელობასთან კავშირს უარყოფს. უდესიანმა ინტერვიუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს მისცა.

„ოჯახის წევრების კომენტარზე კომენტარს არ გავაკეთებ. ისინი  დღეს, გამწარებული ადამიანები არიან, მაგრამ მინდა გავაკეთო კომენტარები იმ ადამიანების შესახებ, ვინც გარედან ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. არიან ჯგუფები, ვინც შავ-ბნელ პიარს აგორებენ, წლების განმავლობაში ხდებოდა ეს. ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს. საქართველოში არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, არსებობენ ძალოვანი უწყებები, რომლებიც იმედია, ძალიან სწრაფად გამოიძიებენ ამ საქმეს“, – აცხადებს გია უდესიან. 

ხარძიანის მეგობრები უდესიანის დაკავებას და მის საქართველოში ჩამოყვანს ითხოვენ. ბიზნესმენი ბესო ხარძიანი კომპლექს „კუს ტბის“ მეპატრონე იყო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა. ხარძიანი აცხადებდა, რომ გია უდესიანმა მას „კუს ტბის“ წილში შესვლა მოსთხოვა და უარის შემდეგ მოხდა მისი დაკავება. ბესო ხარძიანმა „კუს ტბის“ ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. 

„კუს ტბა“ არ იყო ერთადერთი, რომლის დაბრუნებას ხაძიანი ითხოვდა. კიდევ ერთი დავა, რომელიც ბესო ხარძიანს ჰქონდა იურიდიული ფირმაა, რომელიც გია უდესიანს ეკუთვნოდა „უოლმილ სერვისია“. ხარძიანის ინტერესების დამცველის ლამარა კობალაძის განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული სამართლებრივი დავა ბესო ხარძიანმა მოიგო, ამ ეტაპზე კი, როგორც ადვოკატი ლამარა კობალაძე აცხადებს, საქმე გადასულია მეორე ინსტანციის სასამართლოში, სადაც სხდომა მაისისთვის არის ჩანიშნული.

თავის დროზე, for.ge-სთან საუბრისას ბიზნესმენი აცხადებდა, რომ მის საქმეს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი ბლოკავდა და სწორედ მან არ დასვა ძიებაზე უდესიანი.

„როგორც კი ლაშა ნაცვლიშვილი შევიდა პროკურატურაში, ისინი, ვინც ქონება წამართვეს, მეუბნებიან, რომ ჩვენ პროკურატურაში „გავაიასნეთო“, საუბარი იყო ლაშა ნაცვლიშვილზე და მითხრეს, რომც გვინდოდეს ვერ დაგიბრუნებთ შენს ქონებასო. ამის მოწმეც მყავს, მოქალაქე ძაგნიძე, რომელიც ესწრებოდა ამ საუბარს. ნაცვლიშვილთან ის „გააიასნეს“, რომ ძებნაზე არ დაესვათ გია უდესიანი, რომელიც ამავდროულად, დათა ახალაიას მეგობარი და მარჯვენა ხელია, რომელმაც ჩემი ქონება ქურასბედიანთან ერთად გადაიფორმა. უდესიანის ძებნაზე მე მქონდა განცხადება შეტანილი პროკურატურაში.

ამბობენ, რომ 100 მილიონი წაიღოო, სერიოზული ამღებ-მიმცემია. ნაცვლიშვილი არის ბუნებით თაღლითი. იცით რას აკეთებდა? გამოძიების პერიოდში დაკითხვაზე ყოფნის დროს შემოვიდა პროკურორი ია დარჯანია და მითხრა, რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ხვდებით ქურასბედიანს და ვიცით, რომ უნდა დაგიბრუნონ ეს ქონება. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, მფლობელებს თუ დაუბრუნებთ წართმეულ ქონებას, განთავისუფლდებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგანო. ია დარჯანია ლაშა ნაცვლიშვილის გამოგზავნილი იყო. ჩვენს საუბარს ესწრებოდა გამომძიებელი ლაცაბიძეც. სინამდვილეში ნაცვლიშვილმა უდესიანი მოატყუა, რომ ხარძიანს საქმე არ გააქვს და აქედან გამომდინარე, მე მოგხედავო. უდესიანს ნაცვლიშვილი „კრიშავდა“, წილში ჩაჯდომას ვერ გაბედავდა. როგორც წესი, ნაცვლიშვილი თავშივე იღებს ფულს და მერე გარბის.

თეორიულად შეიძლება დავუშვათ ასეთი მიდგომა - უდესიანს დაანახა ჩემი საქმე და უთხრა, რომ სისხლის სამართლის საქმე წამების შეკვეთის მუხლით გაქვს აღძრული, მოდი გადამიხადე 20 მილიონი დოლარი და საქმე ჩაწყნარდებაო. უკრაინიდან მაქვს ინფორმაცია, რომ უდესიანი დადიოდა და ტრაბახობდა, რომ ხარძიანთან მე საქმე „გაიასნებული“ მაქვსო. „გაიასნება“ კი ნიშნავს, რომ თუ არ დავსვამ მას ძებნაზე, საქმე დამთავრებულია. აი, ასე „დაკრიშა“ უდესიანი ნაცვლიშვილმა“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესო ხარძიანმა.

შეგახსენებთ, რომ ხარძიანი 2011 წლის 16 თებერვალს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. როგორც თავად ამბობდა, დაკავებისას მას შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის დავალებით ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და პირშიც ჩააყარეს. მისი სიცოცხლისა და თავისუფლების სანაცვლოდ, ოჯახს წილის დათმობა აიძულეს და როგორც თავად ამბობდა ამ მოთხოვნით მის დას გია უდესიანი რამდენიმეჯერ შეხვდა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ციხეში მასზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

„ზეწოლა ძველბიჭური საუბრების ფონზე მიმდინარეობდა. ტარიელ ონიანის სახელითაც მემუქრებოდნენ და ითხოვდნენ წილის გადაფორმებას. დამაპატიმრეს და კუს ტბის აქციების გადაფორმების მიუხედავად, არ გამანთავისუფლეს. ციხეში ყოფნის დროს საშინელი ზეწოლა განხორცილედა,  მირტყამდნენ სასიკვდილოდ. ანგარიშსწორების მიზნით, ციხეში მთვრალი დათა ახალაიაც მივიდა. „კუს ტბის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში უდესიანის თანამზრახველი იყო მხედრიონელი ირაკლი შიხიაშვილი, რომელიც შემდეგ ცდილობდა, რომ „კუს ტბა“ არაბებზე გაეყიდა“, – აცხადებდა ბესო ხარძიანი.