„კიპიანი სიგრალ ვ სტილე გავრილოვა“

„კიპიანი სიგრალ ვ სტილე გავრილოვა“

დღეს თბილისში დიდი ფეხბურთი გვესტუმრა. საქართველოს ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელი „წარმატებების“ შემხედვარე ჩვენებური გულშემატკივრებისთვის გინდა „დიდი“ იყოს და გინდა „პატარა“, ქართულმა ფეხბურთმა თავისი განუმეორებელი ხიბლი დიდი ხანია დაკარგა. რამდენიმე დღის წინ საქართველოს გადახალისებულმა ნაკრებმა კახი ცხადაძეს ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა ჩაატარა. მისი მეტოქე „პატარა“ გუნდი - მალტა გახლდათ. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მხოლოდ შვიდი ათასი ფეხბურთის ქომაგი მივიდა. რასაკვირველია სანაკრებო თამაშზე მისული ხალხის ეს „მიზერული“ რაოდენობა ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის ნათელი დადასტურებაა.

სულ სხვა საქმეა გერმანიის ეროვნული გუნდი. მსოფლიო ჩემპიონები თბილისში ჩამოფრენისთანავე ადგილობრივი გულშემატკივრების ერთი ნაწილის განსაკუთრებული თვალთახედვის არეში მოექცნენ. ეს „ფანები“ გერმანელებს სასტუმროსთან დახვდნენ და სტუმრებს საკუთარი სოლიდარობა და მხარში დგომა გამოუცხადეს. მათი ქცევა ალბათ განკიცხვას იმსახურებს, მაგრამ ყოველ მედალს მეორე მხარე გააჩნია. კი, გვიყვარს ქართული ფეხბურთი, მაგრამ ახალგაზრდა თაობა თანამემამულე მობურთალეების გამარჯვებებს მოწყურებულია. გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია,  წარმატებულებს კი ყველგან განსაკუთრებით ეთაყვანებიან.

გერმანია ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს პირველად 1995 წელს ესტუმრა. მაშინ ის დრო გახლდათ ქართველებს ჩვენი ნაკრების იმედი ჯერ კიდევ გადაწურული რომ არ გვქონდა და დიდიან-პატარიანად საფეხბურთო სასწაულის მოსახდენად ვემზადებოდით. მაშინ არველაძეების, ქინქლაძის, ჯამარაულისა და სხვათა დრო იდგა. „სხვა მენტალიტეტის“ გულშემატკივრები მაშინაც გვყავდნენ, მაგრამ სტუმარი გუნდის მიმართ აშკარა მხარდაჭერას ვერავინ ბედავდა. ის კი არა, მაშინდელი თამაშიდან ორიოდე წელიწადში, ინგლისის ნაკრებს რატომ ვერ მოვუგეთო, ქართველმა ფეხბურთის ქომაგებმა ბატონი ალექსანდრე ჩივაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. 

ეს მაშინ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს გერმანელებს ზარ-ზეიმით ვხვდებით, ესპანეთის ნაკრებს ჩავი-ინიესტას მაისურიანი ქართველი გულშემატკივრების ერთი ნაწილი ამხნევებდა, იტალიის ეროვნულ გუნდს კი „სკუადრა აძურას“ ფორმაში გამოწყობილი ადგილობრივი გოგო-ბიჭების გარკვეული ნაწილი ქომაგობდა.

სამწუხარო რეალობაა რომ ქართულმა ფეხბურთმა თავისი წლობით ნაშენები რეპუტაცია ქარს გააყოლა. რამდენ ახალგაზრდასთან მისაუბრია და ჩემდა სავავალოდ აღმოვაჩინე რომ ახალ თაობას თბილისის „დინამოს“ ადრინდელი წარმატებებისა კი გაუგია, მაგრამ ეს ყოველივე მაინც უფროსების მოგონილ ზღაპრად მიაჩნია. არ დამავიწყდება ერთ 15 წლის ბიჭუნასთან კამათი. ეს ყმაწვილი ლეო მესის „ფანია“. რამდენიც არ ვუმტკიცე რომ სამხრეთ ამერიკელს ჩვენი დათო ყიფიანი ჯიბეში ჩაისვამდა, მაინც ვერაფერი შევასმენინე. უფრო მეტსაც გეტყვით. ერთმა ახალგაზრდა სპორტულმა ჟურნალისტმა გოგონამ შემდეგი „ისტორიული“ წინადადება „მაჯახა“: „თბილისში ესპანეთის ეროვნული გუნდი რომ ჩამოვიდა მე სტუმრებს ვგულშემატკივრობდიო“. ეს ის „დიაცია“ რომელსაც ორი წლის წინ „დინამოს“ სტადიონზე, ინიესტას ნომრიანი  მაისური ემოსა და საყვარელ „გუნდს“ მხურვალედ ქომაგობდა.

გერმანიის ნაკრების ჩამოსვლა სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ყველაფერი გადამეტებულიც არ ვარგა. მსოფლიო ჩემპიონების ადგილობრივ გულშემატკივრებს რომ ვუყურებდი ჩემი თავი სადღაც ბურკინა ფასოში თუ ეთიოპიაში მეგონა. პაიჭაძის, ღოღობერიძის, მესხის, მეტრეველის, ყიფიანისა თუ შენგელიას ქვეყნის შვილებს იოახიმ ლიოვის ბიჭებისთვის ასეთი პომპეზური დახვედრა არ უნდა მოეწყოთ (რასაკვირველია გულშემატკივართა დიდი ნაწილი მხედველობაში არ მყავს). ყოფილიყო თავის დროზე საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, იგივე მსოფლიო პირველობებზე ჩინებული შედეგები გვექნებოდა.

დღევანდელი საქართველოს ნაკრები სიძლიერით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გუნდს ზურგი შეაქციო და მხარი უცხოტომელებს დაუჭირო. პირიქით, ბიჭებს გამხნევება ეხლა ესაჭიროებათ. იფიქრეს კი გერმანიის გუნდის „ფანებმა“ რომ ერთი ანალოგიური „მხარდაჭერის აქცია“ საქართველოს ნაკრების  საწვრთნელ ბაზასთან გაემართათ. ალბათ არა და ეს არის დიდი უბედურება.

ორი დღის წინ სხვადასხვა ფორუმებს ვესტუმრე და იქ რამდენიმე საინტერესო „მონოლოგი“ ამოვიკითხე.

„ხომ მაგარი ფეხბურთელები გვყავდა, ძმებო! შეიძლებოდა მაშინ თამაში გაგვეცდინა? მოვიგებდით, სიხარულით ყვიროდა 80 ათასი კაცი სტადიონზე, "დინამო", "დინამო". წავაგებდით? მოვდიოდით ფეხით ან სადგურის ქუჩით, ანდა ვახუშტის ხიდია რომაა. პატარა ხიდი იყო იქ, ვინც საბურთალოზე ცხოვრობდა და გულს ვიქარვებდით საუბარში. ახლა? არც მსოფლიო პირველობას ვუყურებ. თუ გული არ შეგტკივა, ვის უნდა უგულშემატკივრო?“

„ასეთი სიტუაცია მოგვესწრება როდესმე? 1976 წლის 26 სექტემბერია, სტუდენტი ვარ, იხსნება გარემონტებული სტადიონი. თამაში გვქონდა უელსის „კარდიფ-სიტისთან“, შესვლა გვინდა ბიჭებს, მაგრამ სადაა ბილეთი. იმდენი მოვახერხეთ, რომ უკანა მხრიდან წვეტიანი რკინებით უზარმაზარი ჭიშკარი რომ იყო და არის მგონი ახლაც, იმაზე გადავძვერით, შევედით მარა რათ გინდა, დასაჯდომი ადგილი არსად არის, ბოლოს პირველ და მეორე იარუსებს შორის, რომ მოაჯირივითაა რაღაც იმაზე დავდექით, გაჭედილი იყო ხალხით ის ადგილიც, ნახევარ სტადიონს ძლივს ვხედავდით, მარა მაინც კარგი იყო, 3:0 მოვიგეთ“.

„აუუუ, ჩელეს პენალტები... ზღააპარია. გამოვიდნენ მესი, რონალდუ და სხვა კორიფე ფეხბურთელები და დაარტყან ჩელესებური პენალტები, თუ რამის თავი აქვთ. ბურთს ისე ნელა გაუგორებდა, მეკარე ლამის იყო მეორე ნახტომს ასწრებდა“.

„მართლა სასწაული იყო დათო, ფენომენი, რომელიც არასწორ ადგილას და ცუდ დროს დაიბადა...“

„წარმომიდგენია ეხლა რომ გვყავდეს ყიფო, უეჭველი რომელიმე მსოფლიო გრანდში ითამაშებდა“.

„სადაც ხალხი მესუთ იოზილზე თუ ბასტიან შვაინშტაიგერზე „აფრენს“ და გენიოსს ეძახის, ხომ აზრზე ხართ დათო რა იქნებოდა“.

ნება მომეცით გუნება გამოგიკეთოთ და  მოულოდნელი გადახვევა გავაკეთო. იგივე ფორუმზე გულშემატკივართა ერთი ჯგუფი რუს კომენტატორებსა და მათ „ფრთიან გამონათქვამებს“ იგონებდა. თავის დროზე ეს ფრაზები გულშემატკივრებს შორის ფრიად გავრცელებული გახლდათ. ამ „მარგალიტებმა“  ახალგაზრდობაში დამაბრუნა და სახალისო განწყობაზე დამაყენა. იმედია ამ წერილს ფეხბურთის „სტაჟიანი“ გულშემატკივრებიც წაიკითხავენ და ჩემსავით წარსულს ერთგვარი „ნოსტალგიით“ გაიხსენებენ.

„მასლაჩენკო: - „კიპიანი სიგრალ ვ სტილე გავრილოვა“.

„1982 წელს, ბრაზილია-სსრკ. ნიკალაი ოზეროვი „ღნაოდა“, ესპანელი გულშემატკივრები ხულიგნობენო - „ვოტ ლეტიატ ვ სტორონუ დასაევა ლეტაიუშჩიე ტარელკი ი რაზნიე ნეოპოზნანნიე პრედმეტი“.

„ოზეროვს აქვს ნათქვამი 1982 წლის ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებზე - „ბრაზილცი რაზიგრალი კომბინაციუ ვ სტილე „სპარტაკა“.  

„მასლაჩენკოს მიჰყავდა პელეს 50 წლის საიუბილეო მატჩი..რეპორტაჟის დროს პელე ქუსლით აკეთებს გადაცემას მოედნის ცენტრში. მასლაჩენკო ამბობს: „პელე სიგრალ ვ სწილე სტრელცოვა“.

„ოზეროვს მიაწერდნენ: - ვშტრაფნოი „სპარტაკა“ დემიანენკო, რაც ი ბალ". ახლა ეს ფრაზა სწრაფად წაიკითხეთ და მუღამს მიხვდებით“.

„ნამდვილი ამბავია - ბიძაჩემი შეხვდა კისლოვოდსკში ოზეროვს, ცეკას სანატორიუმში. ერთ საღამოს ცოტა დაულევიათ და ერთ-ერთი სადღეგრძელო პირადად პაიჭაძის შეუსვია ოზეროვს, თან ერთი წინაპირობა ჰქონია - ოთხნი ისხდნენ სუფრასთან და ყველას ფეხზე წამოდომა მოსთხოვა... წამოდგნენ ესენიც და "ია პიუ ზა ბორისა სოლომონოვიჩაო", ფეხზე კი იმიტომ წამოგაყენეთ, რომ ღმერთის სადღერგძელოს დალევა სხვანაირად არ შეიძლებაო -  "ტოსტ ზა ბოგა სიდიაჩიმ პიტ ნელზია".

„სხვათა შორის მასლაჩენკოზე მაგარი შოვინისტი არცერთი რუსი კომენტატორი არ იყო მაგრამ ერთ-ერთ გადაცემაში სადღაც რამდენიმე წლის წინ, სადაც 1982 წლის ჩემპიონატის იყო საუბარი მასლაჩენკომ თქვა - „მთელ საბჭოთა კავშირში არავინ გამოჩნდა გინდაც ჩინოვნიკი, გინდაც ვინმე გავლენიანი ადამიანი ვინც თბილისში ჩავიდოდა და ყიფიანს წამოიყვანდაო მსოფლიო ჩემპიონატზეო“.

წერილის დასრულებას ვაპირებდი, როდესაც ერთ-ერთ ქართულ ვებ-გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაცია ამოვიკითხე.

„დღეს, 17:00 საათზე გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" პირველი ვარჯიში ჩაატარა.

აღსანიშნავი იყო, ვარჯიშის პირველივე წუთებზე მომხდარი ინციდენტი. ქართველი ახალგაზრდა გულშემატკივარი მოედანზე შევარდა, ბასტიან შვაინშტაიგერთან მიირბინა და დაუჩოქა“.

რა გითხრათ, ალბათ კომენტარი ზედმეტია. წარმოიდგინეთ თბილისში იგივე ლეო მესი რომ ჩამოსულიყო რა „ამბავი“ ატყდებოდა.

იმედი ბოლოს კვდება. დავიტოვოთ რწმენა რომ საქართველოს ნაკრები ტიტულოვან სტუმრებს დაუნდობელ ბრძოლას გაუმართავს, თავს არ შეირცხვენს და გერმანიის ეროვნული გუნდის ადგილობრივ „ქომაგებს“ გაწბილებულს დატოვებს. ქართველ გულშემატკივარს საყვარელი გუნდის წარმატება თუ არა, კარგი თამაში დიდი ხანია მოენატრა.