თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე აქტიორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.
ალბათ გახსოვთ თავის დროზე გახმაურებული სერიალი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“. ამ სურათის მთავარი გმირი ბატონი შტირლიცი ბრძანდებოდა. რუსი მზვერავის როლი მსახიობმა ვიაჩესლავ ტიხონოვმა ითამაშა. გაგიკვირდებათ და შტირლიცის სახე თურმე ქართველ მსახიობს არჩილ გომიაშვილს უნდა განესახიერებინა. სიტყვას კინომცოდნე ქეთი ჯანელიძეს გადავცემ.
– როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა ყვება, მას რომანი ჰქონდა მსახიობ არჩილ გომიაშვილთან. უნდოდა, მთავარ როლზე მისი დამტკიცება, თუმცა მთავრობამ არ მისცა უფლება, საბჭოთა მზვერავის როლი ქართველ მსახიობს ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა როლზე მსახიობები რეჟისორმა პირდაპირ დაამტკიცა, შტირლიცის როლზე ბევრი კანდიდატის სინჯების გადაღება მოუწიათ.
ერთ-ერთ ვარიანტად ინოკენტი სმოკტუნოვსკისაც განიხილავდნენ. სწორედ ეს უარი გახდა მიზეზი ლიოზნოვას და გომიაშვილის რომანის დასასრულისა. ამას დაემთხვა ისიც, რომ იმ პერიოდში გომიაშვილი ოსტაპ ბენდერის როლზეც დაამტკიცეს.
არჩილ გომიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში წერდა, რომ შტირლიცის როლი იულიან სემიონოვმა ჩემთვის დაწერა და ტატიანა (ტატიანა ლიოზნოვა-რეჟისორი), იულიანი და მე ხშირად განვიხილავდით სცენარს. შემდეგ ტიხონოვი „ცეკაში“ წავიდა და განაცხადა, რუსი მზვერავის როლი ქართველმა რატომ უნდა ითამაშოსო. აქ ტატიანა შეშინდა, ვერ დაიცვა თავისი პოზიცია და დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას. მე გაბრაზებულმა დავტოვე ყველაფერი და მერე დიდხანს მეხვეწებოდნენ მიულერის როლი მაინც შეასრულეო...“
არავინ იცის, ვინ არის მართალი ამ ისტორიაში. ფაქტი კი ერთია, რომ შტირლიცი ზეპოპულარული კინოგმირი გახდა.
რუსებმა არჩილ გომიაშვილი „დაჩაგრეს“, სამაგიეროდ ბატონ ელდარ შენგელაიას „ვერაფერი მოუხერხეს“. ბატონი ელდარი მოსკოვში, „ვგიკში“ მისაღებ გამოცდებს აბარებდა. „დიადი“ საბჭოთა ქვეყნის იმდროინდელ დედაქალაქში მას დედა, ნატო ვაჩნაძეც ახლდა.
„როდესაც მოსკოვში ვაბარებდი, კინოინსტიტუტში, დედას ვუთხარი: შენ თუ მოხვალ (არ მინდოდა, რომ მისი სახელით შევსულიყავი), მე წავალ ინსტიტუტიდან-მეთქი.
წავედი. დაიწყო გამოცდა. შენგელაია – „შ” არის ბოლოში, 9 საათიდან, უკვე 5 იყო და ჯერ ჩემი ჯერი არ იყო მოსული. ამ დროს მოვიდა ერთი ბიჭი და მეუბნება, ვიღაც ქალი გიხმობსო. ჩავედი – დედაჩემია. ვუთხარი, დედა, წავიდეთ აქედან-მეთქი?! არა, შენ ახლა გშიაო, – მითხრა, – წამოდი, შეჭამ რაღაცას, მერე მოხვალ და ჩააბარებო. მართლაც, წავედით. ტროლეიბუსში ჩავჯექით და ბელორუსსკი ვაგზალზე მივედით. იქ იყო კაფე.
დედაჩემი კახელი ქალი გახლდათ და, ყოველთვის, სადილზე, თვითონაც სვამდა ერთ ჭიქა ღვინოს და ჩვენც გვასმევდა, როგორც წამალს. ამჯერადაც, საჭმელთან ერთად მოიტანეს ერთი ჭიქა არაყი. დედა, ეს შენთვისაა-მეთქი? – ვკითხე. არა, შენ უნდა შეჭამო, დალიო, კარგად გახდები და ჩააბარებო, მიპასუხა.
მართლაც, კარგად ჩავაბარე. მახსოვს, რუსულს რომ ვაბარებდი (მე ხომ ქართული სკოლა მქონდა დამთავრებული), ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული, მომცა ძალიან ბევრი „შპარგალკა.” მე შემხვდა „გორკი და სოციალური რეალიზმი”. მართლაც, ავიღე „შპარგალკა” და „გადავიხატე“ რაც მასზე ეწერა.
მეორე დღეს მოვდივარ და ერთი აბიტურიენტი ამბობს: ერთმა ქართველმა მიიღო ხუთიანი, ჩვენ – ოთხიანი და სამიანიო. მე კი ვიცოდი, ვინ იყო ის ქართველი, მაგრამ, მაინც შევიცხადე. შემდეგ გამოგვიცხადეს ნიშნები და ლექტორმა თქვა: შენგელაიამ, რომელსაც ქართული სკოლა აქვს დამთავრებული, ისე დაწერა „გორკი და სოციალური რეალიზმი”, რომ საკანდიდატო ეკუთვნისო. ასე ჩავაბარე „ვგიკში”.
დედა მაშინ პოპულარობის ზენიტში იყო. წარმოგიდგენიათ, მოსკოვშიც კი, ყველა ქუჩაში სცნობდა. მაშინ კინო იყო ყველაფერი, თბილისში უამრავი კინოთეატრი ფუნქციონირებდა“.
დროა შორეული რუსეთიდან საქართველოში დავბრუნდეთ და ერთი ყველასათვის საყვარელი მსახიობი გავიხსენოთ. ბატონი ილიკო ფერაძე იგონებს:
„მე და გიას თერთმეტი ბებია-ბაბუა გვყავდა. დედაჩემის ბიძა საქართველოს ყველასთვის საყვარელი კომიკოსი მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი გახლდათ. შინაურებში და ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, სანდრო ჟორჟოლიანი საკმაოდ უცხვირპირო კაცი იყო. ქეიფებსა და დროსტარებაში ფულის ხარჯვა არ უყვარდა, არც სვამდა. ამიტომ, მის ხელმომჭირნეობაზე, ვისაც კი არ ეზარება, მითებს იგონებს.
დედაჩემმა თავის დროზე პატარა წიგნად „ნიანგში“ გამოუშვა მოგონება – „მაქსიმიჩის ანდერძი“, სადაც ბიძამისის ბავშვობა გაიხსენა ბებია ბერეჟიანის მონაყოლიდან. დედას დაბადების დღეზე სანდრო ბაბუა შემოირბენდა მოსალოცად და არავითარ შემთხვევაში არ დაჯდებოდა სუფრასთან ხალხში – სად მცალია მე ახლა სამაიმუნოდ, რეპეტიციაზე მეჩქარებაო, – იტყოდა და გარბოდა.
სანდრო ჟორჟოლიანის სუსტი წერტილი ლამაზი ქალები ყოფილა. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი შეიძლება გავიხსენოთ: გასტროლებზე ყოფნისას ერთი ქალის სილამაზემ სანდრო ლამის სულ გადარია და კარგა ხანს სთხოვდა შეხვედრას. ეს ამბავი ჟორა შავგულიძემ რომ გაიგო, გადაწყვიტა, ჟორჟოლიანს თავისებურად გახუმრებოდა. ჟორას იმ ქალბატონისთვის უთქვამს: სანდროს უთხარით, ვითომ მორცხვი ხართ და ღამით შეჰპირდით შეხვედრასო. გახარებული ჟორჟოლიანი დათქმულ ადგილას მივიდა. ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ იმ ქალის ნაცვლად ქალის სამოსში გამოწყობილი შავგულიძე ახვევდა თავბრუს.
ერთხელ, გასტროლებზე, ერთ-ერთმა მსახიობმა ჟორჟოლიანს საწოლის ქვეშ ანთებული ლამპა შეუდგა. საწყალს ისე დასცხა, რომ მთელი ღამე წრიალებდა. ცნობილია, რომ, ოდესის უნივერსიტეტის წყალობით, სანდრო ჟორჟოლიანი საკმაოდ კარგად ფლობდა ფრანგულ ენას – გამართულად ლაპარაკობდა და კითხულობდა ფრანგულად, გამოწერილი ჰქონდა სხვადასხვა ფრანგული გამოცემა. პირადი ბედნიერება მას 42 წლის ასაკში ეწვია – 23 წლით უმცროს მშვენიერ პოლონელ პიანისტზე, დედით ქართველ ქალბატონზე, ირინა ორეხოვსკაიაზე დაქორწინდა, რომელთანაც მას უმშვენიერესი დინარა შეეძინა“.
დღევანდელი წერილის დასასრულს ერთ „საინტერესო“ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ბატონ იპოლიტე ხვიჩიას ბათუმში გადახდა.
კინოსტუდიიდან მსახიობები გადაღებაზე ბათუმში წავიდნენ. ყველა ქალაქში არიან ე.წ. „მაგარი ბიჭები“. ბათუმის „მაგარმა ბიჭებმაც“ მოილაპარაკეს და „სხოდკაზე“ თქვეს: აბა, იპოლიტე გავაშაყიროთო.
ჩამოვიდა თუ არა მატარებლის კიბიდან იპოლიტე, ბათუმელი ბიჭები „საქმეს“ შეუდგნენ. მომენტიც დაიჭირეს. იპოლიტე ბაქანზე ჩამოვიდა, ყასიდად ამოიღო სიგარეტი და არხეინად გააბოლა. მოვიდა ერთი და:
- ბატონო იპოლიტე, მომიკიდეთ რაა... - მოიმარჯვა სიგარეტი.
იპოლიტემ მოუკიდა და დინჯად მიდის.
ახლა მეორე მიადგა:
- მომიკიდეთ, თუ შეიძლება, ბატონო იპოლიტე!
- ა, შვილო, მოუკიდე, მაგრამ სიგარეტი კლავს, კლავს... მოიგერია მეორეც, მაგრამ ჯერ სადაა?
- ბატონო იპოლიტე, თუ შეიძლება, მომიკიდეთ...
- ა, ბატონო, - აღარ ჩეიწვა ეს სიგარეტი, კაცო! - ჩაიქირქილა თავისებურად.
ბათუმელებსაც შერცხვათ, მაგრამ ერთმა მაინც ვერ შეიკავა თავი, გამოვარდა, ჯიბიდან „ბტ“ დააძრო და ჰაერში ააგდო სიგარეტის ღერი. ღერმა დაიბზრიალა და ბიჭმა ტუჩებით დაიჭირა.
სასწრაფოდ გამოიღო პირიდან ხელის თითებით და კიდევ ერთხელ შეაბზრიალა:
- მომიკიდეთ, ბატონო იპოლიტე...
იპოლიტე მაგის ჩიტი იყო სწორედ! მდგომარეობა ელვისებურად შეაფასა:
- თქვენ ჟონგლიორი ხომ არ ხართ, ყმაწვილო? - ეკითხება ბიჭს.
- უჰ, - შერცხვა ბიჭს, - გამოიცანით, მე ჟონგლიორი ვარ.
- ასეა, ხომ? - თავისებურად ჩაიქირქილა იპოლიტემ, – ასეა, ხომ?
- დიახ, ასეა.
- აბა, ერთი კიდევ გააკეთე...
ბიჭი გადარევასაა, დამაფასაო - ისევ ააგდო სიგარეტი, ისევ დაიჭირა ტუჩებით და:
- მომიკიდეთ...
იპოლიტემ სიგარეტის უკვე ჩამწვარი ნამწვი წკიპურტით გაისროლა ზღვის მხარეს.
- აბა, თუ მაგარი ხარ, დეეწიე და მოუკიდე!