ბობ დილანის აღფრთოვანება

ბობ დილანის აღფრთოვანება

მუსიკოსი ნუგზარ ერგემლიძე ერთ შემთხვევას არაერთხელ იხსენებს:

„1986 წელს თბილისში ლეგენდარული ბობ დილანი ჩამოვიდა. მწერალთა კავშირში მიიპატიჟეს და გააცნეს ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები – ოთარ ჭილაძე, რეზო ამაშუკელი, შოთა ნიშნიანიძე და სხვები. გაცნობის მერე გაიშალა სუფრა.

ზის ბობ დილანი ყურებჩამოყრილი და ზედ არავის გვიყურებს. არ იღიმება, დაბღვერილია და ჩვენც შევწუხდით. არ ვიცოდით, როგორ გაგვემხიარულებინა გაუცინარი ხელმწიფე.

ვიღაცამ ხომ უნდა იმღეროს და შემოვიდნენ ქსოვრელები დუდუკებითა და დოლებით შეიარაღებულნი. დაიწყეს დაკვრა და დაებერათ მეზურნეებს ლოყები, ისეთი განცდით უკრავენ.

ჩემთან ახლოს ზის ბობ დილანი და შევნიშნე, ნელ-ნელა თვალები აუციმციმდა და სახეზე სიცილი „გადაეკრა“. ამოვისუნთქეთ, რადგან როგორღაც შევძელით მისი ყურადღების მიქცევა. მერე მე გადმომილაპარაკა, აღფრთოვანებული ვარ ქსოვრელებით და გთხოვ, ამათი დისკი მომცეო. მე თავი კი დავუქნიე, მაგრამ კომუნისტების დროს ჩვენთან დისკი რომ არ იყო ევროპიდან შემოღწეული, იმის თქმა ვერ გავბედე. არ მინდოდა, ქვეყნისა და ჩვენი დაკნინება. თორემ, ისე კი დავპირდი, აუცილებლად გიშოვი მაგათ დისკს-მეთქი.

ხასიათზე მოსულმა „შეუბერა“ და ღვინის სმა დაიწყო. რეზო ამაშუკელი იყო თამადა, კარგად მოვილხინეთ. მერე მან ქართული სუფრის სადღეგრძელო დალია და რომ მიდიოდა, დაიხარა და ქართულ მიწას აკოცა“.