თბილისის მერია ქამრის შემოჭერას 1,8 მლნ ლარის ფარგლებში აპირებს, ოპოზიცია კი ასეთი ნაბიჯით უკმაყოფილოა. განსაკუთრებული აქცენტი ავტომობილების ხარჯზე კეთდება.
თბილისის მერიის ავტოპარკის ხარჯების შესწავლის ინიციატივითი გუშინ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ მიმართა. მისი ინფორმაციით, მერიის ავტოპარკში 267 ავტომობილია, რომელთა შენახვისა და მომსახურების წლიური ხარჯი 2 500 000 ლარზე მეტს შეადგენს.
„267 ავტომანქანიდან, მხოლოდ 104 მანქანა თბილისის 10 გამგეობას ემსახურება. დანარჩენი 163 ავტომანქანა მერიის ცენტრალური აპარატის ჩინოვნიკების განკარგულებაშია. ამ ჩამონათვალში არ შედის მერიის დაქვემდებარებაში შემავალი სხვადასხვა სამსახურებისა თუ კომერციული სტრუქტურების ავტომობილები მაგალითად: არქიტექტურის სამსახური, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ქონების მართვის სააგენტო, თბილსერვის ჯგუფი, სინათლის ქალაქი, თბილისის პორტალი, შპს “ლაბორატორია” და ა.შ.“ - განაცხადა ვეკუამ.
ავტოპარკთან დაკავშირებით გუშინვე განცხადება გაავრცელეს მერიაშიც და აღნიშნეს, რომ მათი მოსვლის შემდეგ ავტოპარკი არ გაუახლებიათ. ამასთან, „ქამრების შემოჭერას“, ძირითადად, სწორედ ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის, ასევე საპრემიო ფონდის ხარჯზე გეგმავენ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება 1 800 000 ლარით იგეგმება.
„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიამ ფინანსთა სამინისტროს უკვე გადაუგზავნა ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება 1 800 000 ლარამდე იგეგმება. შემცირება, ძირითადად, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის, ასევე საპრემიო ფონდის ხარჯზე იგეგმება. გარდა ამისა, ცალკეული პროგრამების - ქვეპროგრამების ფარგლებში იგეგმება საბიუჯეტო ცვლილებები, რომელთა შედეგად გამოთავისუფლებული რესურსები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად”, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ოპოზიციონერი დეპუტატის ინიციატივას გამოეხმაურა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეც. მისი თქმით, ავტოპარკი მხოლოდ მერიის ადმინისტრაციის არ არის, ემსახურება გამგეობებს, მუნიციპალიტეტებს და სიპ-ებს. იმისათვის, რომ მერიის თანამშრომლებმა ჯეროვნად შეასრულონ სამსახური, საჭიროა, სწრაფი გადაადგილება. კობახიძემ დასძინა, რომ დავით ნარმანიას პერიოდში მერიაში ავტოპარკი არ განახლებულა.
“ვერავის დავავალდებულებთ, იარონ ურმებით და ველოსიპედებით. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადაადგილება, რათა მერიის თანამშრომლებმა სამუშაო ჯეროვნად შეასრულონ და ემსახურონ ხალხს”, - აღნიშნა იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ.
დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი კი ფიქრობს, რომ ადმინისტრაციული ხარჯის მინიმუმ 20 მილიონი ლარით შემცირება შეიძლებოდა.
“ძალიან დიდი იყო ადმინისტრაციული ხარჯი და ძალიან ცოტა იყო, მაგალითად, ავარიული შენობების გამაგრების ხარჯი. უნდა მოაკლონ ახლა ადმინისტრაციულ ხარჯს და გაიზარდოს ავარიული შენობების გამაგრების ბიუჯეტი. ეს რომ ასე მოხდებოდა და ასე იყო საჭირო, ამას არ უნდოდა ახლა დიდი კვლევა-ძიება. შვიდნახევარი მილიონი რომ გაქვს ავარიული შენობების გამაგრებაზე და ოთხმოცდაათი მილიონი ადმინისტრაციის შენახვაზე, ეს არის თავისთავად აბსურდი. როგორ გითხრათ, ვითომ ხორციელდება “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა. ეს არ არის სერიოზული ნაბიჯი”, - აცხადებს ელისაშვილი.
ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით კი, თბილისის მერიის მიერ “ქამრების შემოჭერაზე” გათვალისწინებული 1 800 000 ლარი არასაკმარისია მაშინ, როცა დედაქალაქის ბიუჯეტში ადმინისტრაციულ ხარჯებზე 90 მილიონი ლარია გამოყოფილი.