დააკვირდით ფრჩხილის ფერს

დააკვირდით ფრჩხილის ფერს

ადამიანის ფრჩხილის ფერი, ფორმა და სისქე ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესზეა დამოკიდებული.

ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ნეიროდერმიტი, ფრჩხილის ზრდა ნელდება.

ფრჩხილის გაყოფა, აქერცვლა და ზედაპირზე ოვალური რელიეფური ხაზების გაჩენა ანთებითი და ინფექციური დაავადების შესაძლო არსებობაზე მიუთითებს. ასევე, სავარაუდოდ, დარღვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქცია. ასეთივე ნიშნებია დამახასიათებელი კანის ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ფსორიაზი, რომლის დროსაც ფრჩხილებზე წერტილოვანი ჩაღრმავებები აღინიშნება.

ფრჩხილის ფერი, შესაძლოა, შეიცვალოს შაქრიანი დიაბეტის, სისხლძარღვებში მინერალების შემცველობის ცვლილების, გულისა და ღვიძლის დაავადებების დროს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის დაავადებებისას ფრჩხილები მოლურჯო, ხოლო ღვიძლის დაავადების შემთხვევაში – მოყვითალო ფერს იძენს.

ეგზემით დაავადებულ ადამიანს თანდათან ეცვლება ფრჩხილის ფერი. ის კარგავს ბზინვარებას და სქელდება. ასეთივე სიმპტომები შეინიშნება სოკოვანი დაავადებების დროსაც. თავიდან ფრჩხილის კუთხეებში ჩნდება მოყვითალო ხაზები, შემდეგ მთელი ფრჩხილი ნელ-ნელა სქელდება და ჩნდება ღრმულები. ამ დროს ფრჩხილი იწყებს დეფორმირებას და ხდება ხორკლიანი და არა გლუვი.