მიროტაძე, ხუნდაძე, ტყემალაძე და მათი ნათესავები

მიროტაძე, ხუნდაძე, ტყემალაძე და მათი ნათესავები

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში 2012 წელს შეტანილი ცვლილებებით, სავალდებულო გახდა საჯარო დაწესებულებებში თანამშრომლების კონკურსის წესით მიღება. ხელისუფლება მაშინ ამბობდა, რომ ამით საჯარო სექტორში ნეპოტიზმის მავნე პრაქტიკა აღმოფხვრებოდა. კანონი ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე და მათ შორის, მარეგულირებელ ორგანოებზეც ვრცელდება.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ნეპოტიზმის ნიშნებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას აქვეყნებს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. IDFI–ის ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ვაკანტურ ადგილებზე კადრები ძირითადად, როგორც არასაშტატო სპეციალისტები, ისე ინიშნებიან. მათივე ცნობით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აქვს დაწესებული არასაშტატო პოზიციებზე პირთა დასაქმების კვოტა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2015 წლის 4 მარტს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი პირი დასაქმდა 2012 წლიდან დღემდე კომისიის აპარატში. მანამდე 2014 წლის 3 ნოემბერს ასევე მოითხოვა, თუმცა ვერ მიიღო, შტატგარეშე პოზიციებზე დასაქმებულთა სამუშაო გამოცდილების, პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია. როგორც კომისიის პასუხიდან ირკვევა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება არც ერთმა დასაქმებულმა არ ისურვა.

IDFI-ის ინფორმაციით, კომისიაში, შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტით, შესაძლებელია მხოლოდ შტატში მყოფი თანამშრომლების ხელფასების ოდენობის გამოთვლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არასაშტატო სპეცილისტებთან ხელშეკრულება ინდივიდუალურად ფორმდება და ანაზღაურებაც გაუმჭვირვალე პრინციპით განისაზღვრება. მათივე ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე კომისიის აპარატში მიიღეს 51 ახალი თანამშრომელი. დასაქმებულთა შორის რამდენიმე მათგანი პარლამენტის წევრის ნათესავია. 

„ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ანი მიროტაძის ძმის ცოლი, თამარ გოშუა უკვე 2014 წლის თებერვალში GNCC-ს სამართლებრივ დეპარტამენტში არასაშტატო სპეცილისტის პოზიციაზე დაინიშნა. თამარ გოშუას მსგავსად, თებერვალში კომისიაში ასევე დაიწყო მუშაობა არჩილ მაკარიძემ, საგამოძებო კომისიის კიდევ ერთი წევრის და პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ტრიპოლსკის სიძემ, რომელიც ტრიპოლსკის შვილის, სალომე ტრიპოლსკის ქმარია. არჩილ მაკარიძეც GNCC-ის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, როგორც არასაშტატო სპეციალისტი, ისე დასაქმდა. 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ, არჩილ მაკარიძე ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტში კვლავ არასაშტატო სპეციალისტად გადაიყვანეს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

IDFI-ის ინფორმაციით, მიღებული დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლის 19 მაისს აირჩიეს, ჰყავდა სამი კონსულტანტი - თამარ მელიქიძე, ანა ნაკაშიძე და მერაბ ქათამაძე. მერაბ ქათამაძე მოგვიანებით კომისიის წევრი გახდა და მის მიერ მანამდე დაკავებული კონსულტანტის პოზიცია ახლა ვაკანტურია.

კომისიის თავმჯდომარეს ასევე ჰყავდა თანაშემწე თამარ პოპიაშვილი და ორი მრჩეველი - უსაფრთხოების საკითხებში ზაზა მაზმიშვილი (რომელიც როგორც შემდგომში აღმოჩნდა კომისიაში ე.წ. „ოდეერიის“ ფუნქციას ასრულებს) და ფინანსების მიმართულებით მრჩეველი ზურაბ ნონიკაშვილი. ანა ნაკაშიძის გარდა, ყველა მათგანი დასაქმებული იყო, როგორც არასაშტატო სპეცილისტი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, 2014 წლის თებერვალში საზოგადოებრივ დამცვლად აირჩიეს თამთა ტეფნაძე, რომელიც მანამდე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მუშაობდა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ კომისიას.

„თამთა ტეფნაძემ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამსახურის დაკომპლექტება დაიწყო. კერძოდ, საზოგადოებრივმა დამცველმა საკუთარ თანაშემწედ დანიშნა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შვილი გიორგი ხუნდაძე, რომელსაც მანამდე მუშაობის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება ჰქონდა - სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგში“, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის კოორდინატორის მოვალეობას ასრულებდა. ასევე, ტეფნაძემ თანაშემწედ დანიშნა საკუთარი მეჯვარე, ნათია ფანგანი. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში არასაშტატო სპეციალისტად თამთა ტეფნაძემ დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილი, ირინა ტყემალაძე დანიშნა, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტია“, – ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

IDFI-ს მიერ გავრცელებულ პუბლიკაციას გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისია. კომისიაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად გაფორმდა მხოლოდ რამდენიმე ხელშეკრულება კონკრეტული ამოცანების შესრულების მიზნით.

„მიმდინარეობს მუშაობა კომისიის აპარატის სტრუქტურული ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის უზრუნველსაყოფად. მზადდება და უახლოეს მომავალაში დამტკიცდება ახალი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა. კომისიის აპარატის რეორგანიზაციის პროცესი წარიმართება საჯაროდ“, – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

for.ge დაუკავშირდა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომელთა ოჯახის წევრების დასაქმების შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნახსენები. თუმცა, ანი მიროტაძემ და ზურაბ ტყემალაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს. ტელეფონი გამორთული ჰქონდა დიმიტრი ხუნდაძეს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ იყო ვიღაცის ნათესავი არ ნიშნავს, რომ ის არ შეესაბამება იმ თანამდებობას. თუმცა აქვე განმარტავს, როდესაც ძალიან შეზღუდულია სამუშაო ადგილები, ასეთ დროს ოჯახის წევრების დასაქმება განსაკუთრებით სენსიტიური.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამას სათანადო ყურადღებას არ უთმობენ. ხმაურიანად გამოაცხადეს ქამრების შემოჭერა, მაგრამ რაში გამოიხატება ეს ქამრების შემოჭერა, დღემდე ვერავინ გაიგო. დღესაც, აგერ, მანქანებზე იყო დისკუსია, თურმე როგორ იმუშაოს ხალხმა, ახალი მანქანები თუ არ იყიდეს. სახელმწიფოებრივი დეფიციტის პრობლემაა.

როდესაც არ შეიგიძლია სახელმწიფოებრივი პრობლემის გადაწყვეტა, გადადიხარ ოჯახური პრობლემის გადაწყვეტაზე. ეს არის ძალიან იაფფასიანი საქციელი. არ მინდა კონკრეტული გვარები დავასახელო, მაგრამ ამ ნეპოტიზმით დაავადებულ ჩამონათვალში ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც იმდენი საკუთარი სახსრები აქვთ, რომ თავიანთი ნათესავები საკუთარი ჯიბიდანაც შეუძლიათ დაასაქმონ. თუმცა, როგორც ჩანს, სახელმწიფოს ხარჯზე უფრო ტკბილია.

სააკაშვილის დროს ნეპოტიზმი სხვა ხასიათს ატარებდა, იქ მთავარი პრინციპი იყო, არა მხოლოდ ის, რომ თავიანთი ახლობლის დასაქმება უნდოდათ, არამედ, იქ იყო ლოიალობის პრინციპი. დღეს ნეპოტიზმის უკან მხოლოდ მატერიალური პრინციპი დგას. არავითარი მიზნები და ამოცანები დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.