კაბელების საქმე სასამართლოშია - პროკურატურა ჯერ კიდევ არკვევეს ჩაიდინეს თუ არა დანაშაული დაკავებულებმა

კაბელების საქმე სასამართლოშია - პროკურატურა ჯერ კიდევ არკვევეს ჩაიდინეს თუ არა დანაშაული დაკავებულებმა

პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმის მასალები სასამართლოში შეიტანა. სისხლის სამართლის საქმის მასალები 21 ტომს შეადგენს, 2 კი საიდუმლო მასალების  შემცველია. წინასასამართლო სხდომა პირველ აპრილს არის ჩანიშნული.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, დაცვის მხარე პროკურატურაში ელოდებოდა პროკურორებს, რათა გადმოეცათ მტკიცებულებები. პროკურატურამ კი, გვიან ღამით, დაცვის მხარეს მხოლოდ 16 მტკიცებულება გადასცა და განუცხადა, რომ დარჩენილ მტკიცებულებას 27 მარტს გადასცემდნენ. ადვოკატები გუშინვე აცხადებდნენ, რომ პროკურატურა პროცესისთვის მზად არ იყო. ალბათ, ამითაც იყო განპირობებული, რომ გუშინ  საქმეზე ფორსირებურად ჩატარდა ჯერ ფინანსური ექსპერტიზა, ხოლო  ღამით 2:00 საათზე საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა.

დღეს დილით კი, 08.00 საათზე პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ადვოკატებს სოსო ბარათაშვილს და ლევან სამუშიას და განუცხადა, რომ ხელი უნდა მოეწერათ ნუსხაზე, რომელიც რეალურად, ცარიელი ფურცელი აღმოჩნდა, თითქოს, დაცვის მხარეს მტკიცებულებები გადაეცა. დაცვის მხარემ ცარიელ ფურცელს ხელი არ მოაწერა და მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი მედიით გაასაჯაროვა, საქალაქო სასამართლოში საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე მივიდა.

პროკურორმა მედიის თანდასწრებით საუბრისას, ადვოკატები შოუს მოწყობაში დაადანაშაულა. პროკურორი ამტკიცებდა, რომ დაცვის მხარეს სრულად გადაეცა მტკიცებულებების ის ნაწილი რომელიც საიდუმლოს არ შეიცავდა.

„მათ მიეცათ აღნიშნული მტკიცებულების გაცნობის საშუალება, თუმცა არ გადასცემიათ, ვინაიდან დოკუმენტები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს. განცხადება, თითქოს, პროკურატურამ დაცვის მხარეს მხოლოდ მტკიცებულებების ნუსხაზე ხელმოწერა სთხოვა, მტკიცებულებების გადაცემის გარეშე, არის აბსურდული. არავითარი ცარიელი ოქმი არ ყოფილა. ჩვენ მტკიცებულებები დაცვის მხარისთვის გადაცემული გვაქვს. ისინი ითხოვდნენ, რომ კიდევ მოგვეხდინა აღნიშნული მასალების გადაცემა, თუმცა საპროცესო კოდექსით ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

რაც შეეხება გუშინ, გვიან ღამით საქმის ფინანსურ ნაწილზე ექსპერტიზის ჩატარებას, პროკურორი ამტკიცებს, რომ ექსპერტიზა დაინიშნა ადვოკატების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, რადგან დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი (იგულისხმება გუნთიაშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა, რის ხელმოწერაზეც გუნთიაშვილმა უარი განაცხადა) პროკურატურისთვის სრულიად გაუგებარი და აბსურდული იყო.

„ამის გადასამოწმებლად დავნიშნეთ ექსპერტიზა, რომელზეც ველოდებით პასუხს. პროკურატურა სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს სახელმწიფო ბრალდებას და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ხანგრძლივი კამათის შემდეგ კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა ხელი მოაწერეს იმ ოქმს, რომელზეც პროკურატურა ითხოვდა ხელმოწერას, თუმცა მიუთითეს, რომ მათ მტკიცებულებები არ გადასცემიათ.

„შესაბამისად, ჩვენ ოქმზე ხელი მოვაწერეთ და მივუთითეთ, რომ არ გადმოგვცემია მტკიცებულებები. ეს არის კანონის უხეში დარღვევა. ამასთან, ჩვენ შევიტყვეთ, რომ გუშინ გვიან ღამით დაუნიშნავთ კიდევ ერთი საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა. ეს ყოველივე სცდება საზღვრებს, ამას ცინიზმიც აღარ ჰქვია. პროკურატურა ახლა არკვევეს ჩაიდინეს თუ არა დანაშაული ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა. ადვოკატები ვითხოვდით, რომ მოეხდინათ მტკიცებულებების იდენტიფიცირება, თუ რა აქვს გადაცემული დაცვის მხარეს და პროკურორმა ამის სანაცვლოდ წარმოადგინეს მხოლოდ მტკიცებულებების სია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თავდაცვის სამინისტროს ხუთი დაკავებული მაღალჩინოსნის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.

როგორც საქმის მეორე ადვოკატი ლევან სამუშია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, პროკურატურა პროცესისთვის მზად არ არის.

„ჩვენ პროკურორებს ველოდებით უახლოესი ერთი საათის განმავლობაში სასამართლოში, შემდეგ კი დაველოდებით ოფისში და ვითხოვთ მტკიცებულებების სრულად გადმოცემას. პროკურატურა პროცესისთვის მზად არ არის, რაც დასტურდება იმითაც, რომ გუშინ სასწრაფო წესით, ღამის 2 საათზე ჩაატარეს ექსპერტიზა. არასამუშაო საათებში მოხდა ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება. გუშინვე შსს-ში დაინიშნა ექსპერტიზა და გუშინვე შსს პასუხობს, რომ დაწყებულია მუშაობა ექსპერტიზის დასკვნაზე.

ექსპერტიზა დაინიშნა ბრალდების იმ ნაწილში, რასაც ედავებიან ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს. პროკურატურამ ექსპერტიზა დანიშნა გუშინ იმ პირობებში, როდესაც ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უკვე 5 თვეა, ბრლდებულები პატიმრობაში იმყოფებიან. იციან, რომ ეს ექსპერტიზა თავს ვერ დაიჭერს სასამართლოზე და არ შეიძლება მას სამართლებრივი ძალა ჰქონდეს“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

დაცვის მხარისთვის მტკიცებულების არგადასცემის ფაქტს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი, რომლის განცხადებით, ნათლად ჩანს, რომ ე.წ.კაბელების საქმეში რეალურად პროკურატურასვე ეპარება ეჭვი. დეპუტატის განმარტებით, დაცვის მხარისთვის მტკიცებულებების გადაცემა კანონმდებლობის უპირობო მოთხოვნაა, რასაც ბრალდების მხარე არ ასრულებს.

„გადაეცათ მხოლოდ ნაწილი, 250 გვერდი. რეალურად, მტკიცებულებები, რაზეც ისინი აპელირებენ, ათიათასობით გვერდია. ადვოკატებმა პირდაპირ მიუთითეს იმის თაობაზე, რომ მათთვის გადაცემულია მხოლოდ მტკიცებულებათა ნუსხა და რეალური მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარისათვის, რაზეც უპირობო მოთხოვნა არსებობს. აქვე დავამატებ, რომ პროკურატურამ გუშინ ღამე დანიშნა ექსპერტიზა იმ კითხვებითა და იმ მოთხოვნით, რა მოთხოვნითაც რეალურად დაკავებული იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც ბრალი ედებათ ე.წ. კაბელების საქმეში.

ნათლათ ჩანს, რომ რეალურად თვითონ პროკურატურასვე ეპარება ეჭვი იმ საქმეში, რაც მათ გააჩნიათ და ის ექსპერტული დასკვნა, რის საფუძველზეც თავის დროზე ეს საქმე შეითითხნა, არის უსაფუძვლო. რაც შეეხება მოტივს, საქმეში მოტივი კვლავ არ არსებობს და არ არსებობს რეალური ბრალდება. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ამ საქმეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - ეს არის პოლიტიკური მიზანი“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

მოგვიანებით ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზეც დააფიქსირა, რომ დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ გადასცემია, გადაეცათ მხოლოდ ნაწილი, რითაც კანონი ირღვევა. ჩიქოვანმა კომიტეტი აღნიშნული საკითხით დაინტერესება სთხოვა. ჩიქოვანის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემისა და შეფასებებისგან თავს იკავებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომლის განცხადებით, თუკი ადგილი აქვს პროცესუალური ნორმების დაღვევას, ამას პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს.

„ყველანი დაინტერესებული არიან, აღნიშნულ საქმეზე სიმართლისა და ჭეშმარიტების დადგენით, რაც სასამართლოს გზით უნდა მოხდეს. თუკი ადგილი აქვს პროცესუალური ნორმების დაღვევას, ამასაც პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს. რაც შეეხება ჩემი კოლეგის განცხადებას, საქმეში კომიტეტის ჩართვით, შესაძლოა, სასამართლოზე პოლიტიკურ ზემოქმედებას ჰქონდეს ადგილი“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.