პროფესორი ანზორ ბაბუხადია მიიჩნევს, რომ მსოფლიო საზოგადოება საქართველოს „გეორგიათი“ ან „ჯორჯიათი“ კი არ უნდა იცნობდეს, არამედ ტერმინით „საქართველო“. მისი აზრით, ეს უბრალო ახირება არ არის, პირიქით, კონსტიტუციაშიც წერია, რომ ჩვენი ქვეყნის სახელწოდებაა „საქართველო“, საკუთარი სახელის თარგმნა კი არ შეიძლება.
„25 საუკუნეზე მეტია, ჩვენს ქვეყანას ჰქვია საქართველო, არსებობს ქართული მწერლობა, ქართული ხელოვნება, ქართული შრიფტი და ყველაფერი ეს ქართულია. ახალს არაფერს ვიგონებ. არ შეიძლება, სხვა ენაზე ვთარგმნოთ სახელი და გვარი ანზორ ბაბუხადია, ასევე, ჩვენი ქვეყნის საკუთარი სახელის თარგმნა დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ენაზე მას უნდა ერქვას „საქართველო“, ისევე, როგორც ჰქვია ქვეყნების 95%-ს ყველა სახელმწიფოში, დაწყებული ამერიკით, იტალიით, საფრანგეთით, შვეიცარიით. ეს ქვეყნები ყველა ენაზე ინარჩუნებენ პირვანდელ დასახელებას, ოღონდ სხვადასხვანაირი გამოთქმით. მაგალითად, „შვიტცერლანდ“ იგივე შვეიცარიაა. გაუჭირდებათ თუ არა სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ტერმინ „საქართველოს“ გამოთქმა, ეს მათი პრობლემაა. როგორც უნდათ, ისე გამოთქვან. ყველა ერი ისე წარმოთქვამს „საქართველოს“, როგორც მათ ენაზე გამოითქმის. მაგალითად, სომეხი ისე წარმოთქვამს ჩვენი ქვეყნის დასახელებას, როგორც საკუთარი ენის ასოები, ფონეტიკა მისცემს საშუალებას. არ გაინტერესებთ, იაპონელი როგორ გამოთქვამს თავისი ქვეყნის სახელწოდებას?! გაურკვევლად რაღაცას წამოიძახებენ და ეს არის იაპონიის სახელწოდება“, - აცხადებს ანზორ ბაბუხადია For.ge-სთან საუბარში.
რამ განაპირობა ტოპონიმ - „საქართველოთი“ უცხოური „გეორგიის“ ჩანაცვლების სურვილი, ამას ანზორ ბაბუხადია შემდეგნაირ ახსნას უძებნის. მისი თქმით, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან წარგზავნილი გუნდი როცა გამოდის, ჩვენი ქვეყნის დასახელება იმის მიხედვით კი არ უნდა იცვლებოდეს, რომელი ქვეყანაა მასპინძელი, არამედ უნდა ფიქსირდებოდეს მხოლოდ „საქართველო“. ამის ნაცვლად, აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა კავშირსა თუ შუა აზიაში გამოსვლისას ჩვენი ქვეყნის აღმნიშვნელად „გრუზია“ იწერება, თუ ჩვენი გუნდი ან მოცეკვავეთა დასი გამოდის ამერიკის კონტინენტზე, მაშინ მათ აღმნიშვნელად „ჯორჯია“ იწერება და გაურკვევლობაა, ატლანტის ჯორჯიის შტატი იგულისხმება, თუ საქართველო. ამდენად, ჩვენი ქვეყნის დასახელებისას უამრავი შეუსაბამობაა.
რაც შეეხება ძველ სახელწოდებებს, მათ შორის, „გეორგიას“, ანზორ ბაბუხადიას თქმით, ეს მეცნიერთა კვლევის საგანია. უბრალოდ, მისთვის მთავარია, მსოფლიოს ხალხთა ყველა ენაზე იმ სახელწოდების შენარჩუნება, რაც საქართველოს მშობლიურ ენაზე ჰქვია და რაც კონსტიტუციაშიც დაფიქსირებულია.
„უცხოელები იბერიელებს გვიწოდებდნენ თუ გეორგიელებს, ეს ნაკლებად მაინტერესებს იმ ფონზე, როცა საქართველოს უკვე ჰქვია საქართველო. მსოფლიომ უნდა გვიწოდოს ერთი სახელი. დასკვნა მაქვს ჩვენი მეცნიერებათა აკადემიისგან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, სხვადასხვა დარგის 15 აკადემიიდან, ხელოვნებისა და შემოქმედებითი კავშირების ორგანიზაციისგან. ყველას მოსწონს ეს იდეა, ოღონდ განხორციელების გზები ცოტა რთულად ეჩვენებათ, ამბობენ, ძვირი დაჯდებაო, მაგრამ ეს გადასაწყვეტი საკითხებია. ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი მარგველაშვილს, ყველას ვაცნობე ჩემი პოზიციის შესახებ, ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია. ამას გავარკვევ, რადგან უახლოეს პერიოდში შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს“, - აცხადებს ანზორ ბაბუხადია.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ტერმინი „საქართველო“ ქართლიდან მოდის და ჩვენში ეს სახელი დამკვიდრდა ჩვენივე ქვეყნის აღსანიშნად. თუმცა ტრადიციულად, საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში, საერთაშორისო ასპარეზზე დასახელება „გეორგია“ ფიგურირებს და მისი შეცვლის აუცილებლობას იგი ვერ ხედავს.
„დასახელების ცვლილებას ხელახალი ახსნა და დამკვიდრება დასჭირდება და ეს უცხოელებში გაუგებრობას გამოიწვევს. ამიტომ დარჩეს ტერმინი „გეორგია“, მით უმეტეს, სახელი „გურჯ“ სპარსული „გორგიდანაა“ ნაწარმოები, აქედანაა „გურჯისტანიც“, „გეორგიაც“, „ჯორჯიაც“ და რუსული „გრუზიაც“. ხოლო ტერმინი „იბერია“ ბერძნულიდანაა შემოსული“,- აცხადებს გიორგი ოთხმეზური.
პოეტ მაყვალა გონაშვილს იდეის დონეზე მოსწონს, თუკი ჩვენს ქვეყანას საზღვარგარეთაც „საქართველოდ“ მოიხსენიებენ, თუმცა იგი ფიქრობს, რომ ტერიტორიულად პატარა საქართველოს ნებისმიერი სიახლის უცხოელებამდე მიტანა გაუჭირდება.
„დასახელება „საქართველო“ უცხოელებისთვის არ არის აპრობირებული. მაგალითად, ამერიკა ყველა ენაზე „ამერიკაა“, მაგრამ ბევრია ქვეყანა, რომლებიც სხვადასხვანაირად გამოითქმის სხვადასხვა ენაზე. რაც შეეხება ტერმინ „იბერიას“, ვფიქრობ, „იბერია“ ისე მაინც არ გამოხატავს ჩვენს არსს, როგორც „საქართველო“,- აცხადებს მაყვალა გონაშვილი For.ge-სთან საუბრისას.
***
ზოგადად, ტერმინ „გეორგიასთან“ დაკავშირებით არაერთი მოსაზრებაც არსებობს. ბერძნები საქართველოს სწორედ „გეორგიად“, ანუ მიწადმოქმედთა სამშობლოდ მოიხსენიებდნენ. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ეს სახელწოდება წმიდა გიორგის უკავშირდება, რადგან საქართველოში ამ წმინდანის თაყვანისცემის კულტი არსებობდა, თუმცა ეს ვერსია დამაჯერებლობას დაკარგავს, თუკი გავიხსენებთ, რომ სახელი „გეორგია“ ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღ-მდე იყო ცნობილი ისტორიაში, ანუ მანამ, სანამ წმინდა გიორგი მოგვევლინებოდა.
„გეორგიას“ შესახებ მოსაზრებები ამით არ ამოიწურება. არის ასეთი შეხედულებაც, რომ ის სიტყვიდან „გორგ“-იდან უნდა მომდინარეობდეს, რაც სპარსულად მგელს (გორგ ასლანი) ნიშნავს. მავანნი უფრო შორს მიდიან და ირწმუნებიან, რომ საქართველოს ადრინდელი დასახელების - „იბერიის“ ფუძეც - „ბერ“, ასევე, მგელს ნიშნავდა, ხოლო „იბერია“ - მგლების მხარეს... ამ მოსაზრების ავტორები საქართველოს სომხურ დასახელებასაც („ვრასტან“) იშველიებენ, რომლის მიხედვითაც, ქართველს „ვრაც“ ანუ თურმე მგელი ეწოდება. ასე რომ, ამ მოსაზრების მიმდევრებისთვის მიწათმოქმედებასთან „გეორგიას“ დაკავშირება არასერიოზულად აღიქმება.
სხვათა შორის, 2010 წელსაც For.ge მგავსი თემატიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ახალი თავსატეხი გაუჩნდა, ის საბჭოური გადმონაშთის ამოძირკვას ტოპონიმიკაში შეეცადა და გადაწყვიტა, საბჭოური გავლენით საქართველოსთვის შერქმეული „გრუზია“ ტერმინ „გეორგიათი“ ჩაენაცვლებინა.
ამ მიზნით გრიგოლ ვაშაძემ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიმართა, სადაც სოციალისტური გავლენა ძლიერი იყო და რუსეთის მიმბაძველობით ეს ქვეყნებიც „სცოდავდნენ“ საქართველოს დასახელებისას და მას „გრუზიად“ მოიხსენიებდნენ. თუმცა იმ პერიოდში ვაშაძის უწყებამ იმედგაცრუება განიცადა, როცა ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ „გრუზიას“ „გეორგიად“ შეცვლის იურიდიული ან სამეცნიერო საფუძველი ვერ დაინახა. სამაგიეროდ, ლიტველებმა გვირჩიეს: „ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება საქართველოა, იქაური მცხოვრებები კი თავს ქართველებად მოიხსენიებენ. თუკი ისინი მოგვმართავდნენ, რომ „გრუზიას“ ნაცვლად ამ ქვეყნისთვის ჩვენც „საქართველო“ გვეწოდებინა, მაშინ კომისიის გადაწყვეტილება სხვაგვარი იქნებოდა“.
როგორც ჩანს, ლიტველებს არც დასახელება „გეორგია“ მოეწონათ, არც - „ჯორჯია“ და ისევ ავტოქტონური დასახელება - „საქართველო“ შემოგვთავაზეს.