თითქმის 6 თვიანი გამოძიების შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული 5 ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ წინასწარი გამოძიება დაასრულა. პროკურატურის მიერ რამდენიმეჯერ გადადებული სასამართლო პროცესი 1-ელ აპრილს გაიმართება. კანონის შესაბამისად, დღესვე ბრალდების და დაცვის მხარემ მტკიცებულებები გაცვალეს.
დღეს, მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურატურა გაეცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებას, გამოძიება დასრულებულ საქმეზე საფინანსო ექსპერტიზა დანიშნა. და, ეს მაშინ, როდესაც საქმეზე გამოძიება დასრულებელია და სასამართლოში მიდის. მიზეზი? - თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს: „ბრალდების მხარეს თვითონვე მიაჩნია, რომ მისი მტკიცებულება ვერ პასუხობს ვერანაირ მოთხოვნას და არ არის დასაბუთებული“.
რატომ დანიშნა პროკურაურამ საქმეზე საფინანსო ექსპერტიზა, რატომ ვერ გამოკვეთა ბრალდებამ პირდაპირი განზრახვა და ანგარებითი მიზანი, რატომ არ დაიკითხა მოწმეთა ნუსხაში შეყვანილი ირაკლი ალასანია? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.
ბატონო სოსო, დასრულდა მხარეებს შორის მტკიცებულებების გადაცემის პროცესი, საბოლოოდ წავიდა საქმე სასამართლოში?
- ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები მთლიანად გადავეცით პროკურატურას. ეს დაახლოებით 2 ათას გვერდიანი მტკიცებულებებია. აქ არის ექსპერტიზის დასკვნები, გარკვეული გამოკითხვის ოქმები, ასევე სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება დაკავებულთა უდანაშაულობა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მათ გადმოგვცეს მხოლოდ ნაწილი - 15-16 მტკიცებულება. სხვა მტკიცებულებებს ისინი გადმოგვცემენ ხვალისათვის.
ბრალდების მხარის მტკიცებულებით იკვეთება პირდაპირი განზრახვა და ანგარებითი მიზანი, საერთოდ დანაშაულის კვალი თუ იკვეთება?
- ჩემი ღრმა რწმენით, არანაირი ბრალეულობა არ დასტურდება. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარეს წარვუდგინეთ ჩვენი მტკიცებულები და მათ შორის ექსპერტის დასკვა, ბრალდების მხარემ მოითათბირა და დღეს თვითონ დანიშნა ამ საქმეზე საფინანსო ექსპერტიზა. ეს მაშინ, როდესაც ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებელია და მიდის სასამართლოში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა.
დამიკონკრეტეთ რას ნიშნავს საფინანსო ექსპერტიზის დანიშვნა?
- ანუ, მიადგა თუ არა ზიანი სახელმწიფოს იმ ხელშეკრულებით, რომელიც გააფორმა თავდაცვის სამინისტრომ კომპანია „სილქნეტთან“. ეს არის სრულიად გასაოცარი ფაქტი. ბრალდების მხარეს თვითონვე მიაჩნია, რომ მისი მტკიცებულება ვერ პასუხობს ვერანაირ მოთხოვნას და არ არის დასაბუთებული. როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ როგორც წესი, ასეთი რამე არ ხდება. 6 თვეა ეს ადამიანები არიან ბრალდებულები, გამოძიება მათ დაკავებამდე 5 თვით ადრე დაიწყო და ბრალდების მხარე დღეს ნიშნავს ექსპერტიზას იმის შესახებ, გაფლანგეს თუ არა ამ ადამიანებმა დიდი ოდენობით სახელმწოფო თანხები.
თუკი ახლა იწყებს ბრალდება იმის გარკვევას გაიფლანგა თუ არა თანხა, მაშინ ჩნდება კითხვა, გაფლაგვის ბრალდებით რატომ დააკავეს?
- სრულიად დაუსაბუთებელია სამართლებრივი მხარე, იქედან გამომდინარე, რომ არ არის გამოკვეთილი არც განზრახვა და არც ანგარებითი მიზანი, რაც აუცილებელია. სამართლებრივი მხარე ხომ გაუმართავია და ბრალდების მხარე თვითონვე ადასტურებს, რომ ფინანსური მხარეც გაუმართავი აქვთ. ეს არის საოცრება, როდესაც მტკიცებულებათა გაცვლის დღეს, როდესაც სასამართლომდე, ანუ 1-ელ აპრილამდე რამდენიმე დღე რჩება, ბრალდების მხარე 26 მარტს ნიშნავს ფინანსურ ექსპერტიზას. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება.
ბატონო სოსო, ბრალდების ამ ქმედებას, რა შეგიძლიათ დაუპირისპიროთ?
- ჩვენ შეგვიძლია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მოვითხოვოთ ექსპერტიზის დანიშვნის დოკუმენტის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა, ეს შესაძლებლობა გვაქვს ამ შემთხვევაში. ფაქტობრივად, ბრალდების მხარე მტკიცებულების გარეშე არის დარჩენილი, რაც მათივე ქმედებითვე დასტურდება.
რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 8 მოწმის შემთხვევაში დასტურდება, რომ გამოძიება Copy-Paste-ით მუშაობდა. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ლინგვისტური ექსპერტიზა ჩაატარეთ და, თუ დასტურდება, რომ ერთი პირის ჩვენება გამოყენებულია 8 მოწმის შემთხვევაში და გასაღებულია როგორც 8 მოწმის ჩვენება?
- ნამდვილად ასეა. 8 მოწმის შემთხვევაში დასტურდება, რომ გამოძიება Copy-Paste-ით მუშაობდა. ჩატარდა ლინგვისტური ექსპერტიზა, რითაც დადასტურდა, რომ გამომძიებელი აკოპირებდა ჩვენებებს, ეს არის დადასტურებული ფაქტი და ბუნებრივია სასამართლოზე ამ საკითხზე გვექნება მსჯელობაც. ასევე, ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რითაც ჩვენ დავადასტურებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობას.
როგორც ცნობილია, გამოძიების პარალელურად, საქმეში ჩაერთო აუდიტის სამსახურიც, რომელიც პარალელურ რეჟიმში სწავლობდა „სილქნეტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულების კანონიერებას. თქვენი ინფორმაციით, დაასრულა აუდიტმა მუშაობა?
- კი და გადმოგვეცა ეს დასკვნა. როგორც ჩანს, ბრალდების მხარე ვერ დაკმაყოფილდა აუდიტის ამ დასკვნით. ვინაიდან, როგორც გითხარით, დღეს კიდევ დანიშნა ახალი საფინანსო ექსპერტიზა.
რა წერია აუდიტის დასკვნაში?
- ეს არის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნების უფლება არ მაქვს, ვინაიდან ხელი გვაქვს მოწერილი გაუმჟღავნებლობაზე. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბრალდება ვერ ადასტურებს დაკავებულების ბრალეულობას.
აქედან გამომდინარე, გაქვთ მოლოდინი, რომ ოთხშაბათს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებს სასამართლო უდანაშაულოდ ცნობს?
- გამოკვეთილი არ არის პირდაპირი განზრახვა და ანგარებითი მიზანი, მეტიც, პირიქით ბრალდების მხარე ამბობს, რომ სხვადასხვა პირების ქმედებაში ვეძებთ დანაშაულის კავშირსო. ასე რომ, სასამართლომ ოდნავი ობიექტურობის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოს საქმე.
სასამართლო სხდომა პროკურატურის მოთხოვნით რამდენჯერმე იმ მოტივით გადაიდო, რომ ბრალდების მხარე საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკითხვას ითხოვდა. დღეს პროკურატურა ამბობს, რომ ალასანია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკითხება, თუკი სასამართლო ჩათვლის საჭიროდო. რატომ არ დაკითხეს ალასანია?
- სასამართლო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩათვლის საჭიროდ ალასანიას დაკითხვას. იმიტომ, რომ ეს პროცესი აგებული არის მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრითობის პრინციპზე. დიახ, ორჯერ გადაიდო სასამართლო რამდენიმე თვით იმის გამო, რომ ვერ ხდებოდა ირაკლი ალასანია დაკითხვა, ახლა აღმოჩნდა, რომ ირაკლი ალასანია არ დაუკითხავთ და არც აპირებენ მის დაკითხვას. ასე მგონია, რომ ეს პროკურორები იგონებენ ახალ ხისხლის სამართალს.
დღეს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თუ აპირებთ საქმის კურსში ჩააყენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები?
- სადაც ხელი მიგვიწვდება, ყველას ჩავაყენებთ საქმის კურსში. ინტენსიური კავშირი გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს ანგარიში, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები პოლიტპატიმრებად არიან შერაცხულნი.