ავთანდილ გუნთიაშვილი საკრებულოს სარევიზიო კომისიის შტატგარეშე თანამშრომელი გახდა

ავთანდილ გუნთიაშვილი საკრებულოს სარევიზიო კომისიის შტატგარეშე თანამშრომელი გახდა

ექსპერტიზის ბიუროს „ვექტორის“ ექსპერტი ავთანდილ გუნთიაშვილი, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად იყო ჩართული, საკრებულოს სარევიზიო კომისიის შტატგარეშე თანამშრომელად აიყვანეს. გუნთიაშვილი უარყოფს მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტს და აქვე განმარტავს მიზეზსს, რატომაც არ მოაწერა ხელი მის მიერვე მომზადებულ დასკვანს, რომელზეც ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა. მეტიც, მოულოდნელად საჯარო სამსხურში დასაქმებული ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ მორალური ზიანისთვის სასამართლოში იჩივლოს.

„საჯარო სამსახურში დავიწყე მუშაობა და ამიტომ, უფლება არ მაქვს ხელი მოვაწერო დასკვნას. უფლება მაქვს წავიკითხო ლექცია. ამბობენ ენას ძვალი არ აქვსო, ვისაც რაც უნდა იმას ლაპარაკობს. არ გამოვრიცხავ, რომ ვუჩივლო ყველას“, - აცხადებს ავთანდილ გუნთიაშვილი.

ავთანდილ გუნთიაშვილის მიერ ერთი დღით ადრე, ექსპერტიზის დასკვნაზე ხელის მოწერაზე უარის თქმას ადასტურებენ დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები და ფაქტს პროკურატურის ზეწოლას უკავშირებენ. ადვოკატები გუნთიაშვილს ურჩევენ მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს გზით დაადასტუროს იყო თუ არა მასზე ზეწოლა და რეალურად, რა მოტივით თქვა უარი ერთი დღით ადრე ხელი მოეწერა მის მიერვე მოზადებულ დასკვანეზე.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს დაცვის მხარეს ექსპერტმა განუმარტა, რომ მუშაობა დაიწყო საჯარო სამსახურში და ამ მოტივით ხელს ვერ მოაწერდა საკუთარ დაწერილ დასკვნას, რომელიც კაბელების საქმის საქმის ფინანსურ ნაწილს ეხებოდა. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ გუნთიაშვილმა ექსპერტიზის ბიუროს განცხადებით მიმართა, რომ 12 მარტიდან დაკავდა საჯარო სამსახურში და აღარ აქვს უფლება, ხელი მოაწეროს დასკვნას.

ექსპერტი არ აკონკრეტებდა რომელ საჯარო უწყებაში დაიწყო მუშაობა. თუმცა, for.ge-სთვის არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ექსპერტიზის ბიუროს „ვექტორის“ ექსპერტი ავთანდილ გუნთიაშვილი, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის შტატგარეშე თანამშრომელი გახდა. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად for.ge თბილისის საკრებულოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს თამუნა გვაზავას დაუკავშირდა, როგორც გვზავამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, პერსონალური ინფორმაციის კატეგორიას განეკუთვნება და შესაბამისად, გვირჩია, რომ ოფიციალური განცხადებით მიგვემართა თბილისის საკრებულოს კანცელარიისთვის და კანონით განკუთვნილ ვადებში მივიღებდით ინფორმაციას, მუშაობს თუ არა საკრებულოში ავთანდილ გუნთიაშვილი.

ადვოკატი ლევან სამუშია კი განმარტავს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, მუშაობს თუ არა პირი საჯარო უწყებაში, არ განეკუთვნება პეროსნალურ ინფორმაციის ნუსხას.

„არ შიეძლება საჯარო სამსახურში მომუშავე პირის შესახებ ინფორმაცია, მუშაობს თუ არა ეს პიროვნება უწყებაში, გასაიდუმლოებული იყოს, ეს არაა პერსონალური ინფორმაცია, ეს არის საჯარო ინფორმაცია. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბატონი ავთანდილი დასაქმდა თბილისის საკრებულოში. მისი დანიშვნა ნადვილად ბადებს კითხვებს, რატომ დაინიშნა მაინცდამაინც ამ თვის დასწყისში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან დასკვნაზე უნდა მოეწერა ხელი?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან სამუშიამ.

ავთანდილ გუნთიაშვილის, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიაში დასაქმების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს. for.ge-სთან საუბრისას ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტების შესწავლით არის დაკავებული, ამ საკადრო ცვლილების შესახებ არაფერი იცის.

for.ge-მ ინფორმაცია საკრებულოს სარევიზიო კომისიის უფროსთან, ნუგზარ მალაღურაძესთან გადაამოწმა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ავთანდილ გუნთიაშვილი საკრებულოში ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული ექსპერტია. საკრებულოს სარევიზიო კომისიის უფროსი ამბობს, რომ სამთვიანი ხელშეკრულება მას 9 მარტს გაუფორმეს.

ბატონო ნუგზარ, თუ შეგიძლიათ დაადასტუროთ ინფორმაცია ავთანდილ გუნთიაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით?

ნუგზარ მალღურაძე: დიახ ვადასტურებ. მიმდინარე წლის 9 მარტიდან მუშაობს ჩვენთან როგორც შტატგარეშე თანამშრომელი.

ხელშეკრულება გაფორმდა მასთან?

- კი ბატონო, სამთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა. არის ხოლმე კონკრეტული სპეციფიური დავალებები, როდესაც სხვადასხვა დონის და მიმართულების სპეციალისტები აგვყავს.

ანუ, ბატონ ავთანდილს 9 მარტიდან გაუფორმდა ხელშეკრულება?

- დიახ 9 მარტიდან.

რითი ხსნით მაშინ ბატონ ავთანდილს განცხადებას, სადაც მას მითითებული აქვს, რომ 12 მარტიდან აქვს საჯარო სამსახურში ხელშეკრულება დადებული?

- შეიძლება ზუსტად არ მახსოვს... შეიძლება 9 მარტს მომიყვანეს, გავესაუბრე და მერე მოხდა პროცედურების გაფორმება.

ვინ მოგიყვანათ?

- სამდივნოს დავავალე კონკრეტული სპეციალისტის მოძიება, მოიძია და მომიყვანა. ასე ხდება.

თქვენ თუ იცოდით, რომ ბატონი ავთანდილი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის, ე.წ. კაბელების საქმის ექსპერტი იყო, რომელიც 4 თვე მუშაობდა საქმის ფინანსურ მხარეზე?

- არა, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ახლა გავიგე და როგორც ვიცი იქაც მიწვეული სპეციალისტი იყო. ამ ადამიანს ხან კერძო სექტორში იწვევენ, ხან საჯარო სექტორში. ექსპერტები უმეტეს სამუშაოებს ატარებენ მიწვევით. ხან იქ მიიწვევენ, ხან აქ მოიწვევენ. არავითარი მიზანი არ მქონია, რომ მაინცდამაინც,  კაბელების საქმეზე მომუშავე ექსპერტი ამეყვნა. უბრალოდ, გვჭირდებოდა სპეციალისტი და აქედან გამომდინარე, მოვიწვიეთ. როცა იმ მოცულობის სამუშაო აღარ მექნება ჩემს კომისიაში, რა თქმა უნდა, ვერ შევინახავთ ადამიანს და იმიტომ არის სამთვიანი ხელშეკრულება გაფორმებული.