"საქართველოს შემთხვევაში ვიზების ლიბერალიზაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტების მოგვარებას"

გამოცემა euractiv.com  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის პუბლიკაციას აქვეყნებს. მინისტრი ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრისას განმარტავს, რომ  ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის ეს იქნება სიმბოლო იმ სარგებლისა, რომელიც მოჰყვება ქვეყნის ტერიტორიებზე მავთულხლართის მოხსნას. „სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის კი ეს იქნება შემდგომი რეფორმების განხორციელების უტყუარი სტიმული. უვიზო მიმოსვლა ნიშნავს მეტ ტურისტს, უფრო ფართო ურთიერთობებს კულტურისა და განათლების სფეროებში და პარტნიორობის გააქტიურებას სამოქალაქო საზოგადოების სექტორში. იმ დროს, როცა ევროპა დგას ახალი „რკინის ფარდის“ შექმნის საშიშროების წინაშე, უკიდურესად მნიშვნელოვანია ალტერნატიული, ხარისხობრივად განსხვავებული ხედვის ჩამოყალიბება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ხალხთა მომავლის შესახებ“,- აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი.

გასულ კვირას რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა მხოლოდ ერთ-ერთია იმ მოვლენათა სიაში, რომლებიც ცხადყოფს ძალიან საგანგაშო ტენდენციას: რუსეთის ე.წ. ახლო საზღვარგარეთის პოლიტიკის მიზანია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების, შეძლებისდაგვარად, დიდი ნაწილის ანექსია. ამ მიზნით, რუსეთი არ ერიდება ძალისმიერ მეთოდებს, რაც გამოიხატება მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიასა და მათი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში. როგორი უნდა იყოს დასავლეთის პასუხი? მან უნდა განახორციელოს რეგიონული ურთიერთობების ახალი ხედვა, რომელიც ემყარება თავისუფლებას და არა დაშინებასა თუ ძალის გამოყენებას. პირველი და კონკრეტული პასუხი ამ მხრივ იქნება ვიზების ლიბერალიზაცია.

საქართველოს შემთხვევაში ვიზების ლიბერალიზაციამ შეიძლება  ხელი შეუწყოს კონფლიქტების მოგვარებას. საქართველოს მოქალაქეები, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა ჩათვლით, ნახავენ რეალურ და უმალ საგრძნობ სარგებელს. გარდა ამისა, ეს იქნება „მეტი მეტისთვის“ მიდგომის კონკრეტული დემონსტრირება, რომელიც ითვალისწინებს იმ პარტნიორების წახალისებას, რომლებიც ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს. ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის ეს იქნება სიმბოლო იმ სარგებლისა, რომელიც მოჰყვება ჩვენს ტერიტორიებზე მავთულხლართის მოხსნას. სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის კი ეს იქნება შემდგომი რეფორმების განხორციელების უტყუარი სტიმული.

საქართველოს აღიარებენ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერსა და წარმატების მაგალითს. როგორც ევროკავშირის „მეტი მეტისთვის“ პრინციპის ბენეფიციარებმა, ჩვენ სარეკორდო დროში დავასრულეთ მოლაპარაკებები და ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, მივიღოთ სრული სარგებელი, რომელსაც ეს ხელშეკრულება გვთავაზობს, და ზედმიწევნით განვახორციელოთ ჩვენი ასოცირების დღის წესრიგი, რადგან ევროკავშირის გარდამქმნელი ძალის ღრმა რწმენითა და პოლიტიკური კონსენსუსით, ამ მიზნისკენ სწრაფვა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. 

საქართველო, რეგიონში გამორჩეული ქვეყანა, სწორედ ამიტომაც არის ევროკავშირისა და ნატოს სანდო პარტნიორი, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ამასთან, ახასიათებს სტაბილურობა, დინამიკური მრავალპარტიული დემოკრატია და მომხიბვლელი და უსაფრთხო გარემო უცხოელი ინვესტორებისთვის. ვაჭრობა ევროკავშირის წევრ პარტნიორ ქვეყნებთან დღითი დღე იზრდება, ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა კი რადიკალური ცვლილებები გამოიწვია საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, მართლმსაჯულებისა და სოციალურ სფეროებში.

ამ კონტექსტში, საქართველოს მოქალაქეთათვის ვიზების ლიბერალიზაცია შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმს, საქმიან მიმოსვლასა და გაცვლებს განათლების სფეროში. საქართველოში დამკვიდრებულია გამჭვირვალე მმართველობა, დაფიქსირებულია კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონე, არსებობს სანდო და ეფექტიანი სასამართლო სისტემა, უზადო კორპორატიული საგადასახადო სისტემა და ბიზნესის წარმოებსთვის ხელსაყრელი გარემო. ევროკომისიამ აღიარა ჩვენი მიღწევები 2014 წელს და დაადასტურა, რომ ჩვენ წარმატებით შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის ყველა მოთხოვნა. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით სამოქმედო გეგმის განხორციელების მეორე ფაზაში, რომელიც, ვიმედოვნებთ, დასრულდება მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის.

ამ პროცესის დროული დასრულება დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, ევროკავშირსა და მთლიანად რეგიონს. უვიზო მიმოსვლა ნიშნავს მეტ ტურისტს, უფრო ფართო ურთიერთობებს კულტურისა და განათლების სფეროებში და პარტნიორობის გააქტიურებას სამოქალაქო საზოგადოების სექტორში. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას და ხორცს შეასხამს მომავალი თაობის მისწრაფებებს „ევროპული სამეზობლოს“ განმტკიცებასთან დაკავშირებით. ამიტომაც არის ვიზების ლიბერალიზაცია ასე მნიშვნელოვანი: მას უშუალოდ ხალხზე აქვს ზეგავლენა.

იმ დროს, როცა ევროპა დგას ახალი „რკინის ფარდის“ შექმნის საშიშროების წინაშე, უკიდურესად მნიშვნელოვანია ალტერნატიული, ხარისხობრივად განსხვავებული ხედვის ჩამოყალიბება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ხალხთა მომავლის შესახებ. საზღვრების გახსნით, ტურიზმის, ვაჭრობის, პროფესიული, სასწავლო და კულტურული გაცვლების ხელშეწყობით, ჩვენ რეალურ ცვლილებებს განვახორციელებთ სათემო დონეზე. ასეთი მოქმედება პასუხს გასცემს საფრთხეებს და უზრუნველყოფს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში დემოკრატიული, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საგრძნობ პერსპექტივას.

მაშინ, როცა რუსეთი, ერთი მხრივ, გასცემს პასპორტებს და, მეორე მხრივ, ხურავს საზღვრებს, გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი და ერთიანი ევროპის მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

http://www.euractiv.com/sections/europes-east/no-visas-georgians-should-be-eu-response-russias-bullying-tactics-313232