„კაბელების საქმის“ ექსპერტი: „არავის ვუსურვებ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას - სიკვდილი მირჩევნია“

„კაბელების საქმის“ ექსპერტი: „არავის ვუსურვებ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას - სიკვდილი მირჩევნია“

24 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ის ეთერში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკ ალასანიას ჩართვის შემდეგ, სადაც პოლიტიკოსი ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრობდა, პროკურატურამ დააკავა კერძო ექსპერტიზის ბიუროს „ვექტორის“ ექსპერტი  ავთანდილ გუნთაიშვილი, რომელიც კაბელების საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად იყო ჩართული.

დღეს კი, მთავარ პროკურატურაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მოადგილე, ზაზა ბროლაძ დაიბარეს, რომელიც 2012 წელს შესყიდვებს ხელმძღვანელობდა. მთავარ პროკურატურაში ბროლაძის დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. ზაზა ბროლაძ 2012 წელს შესყიდვებს ხელმძღვანელობდა. 2013 წლის 23 ნოემბერს იგი ალექსი ბატიაშვილმა შეცვალა, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეში, ასევე, ერთ-ერთი მოწმეა.

არაოფიციალური ინფორმაციით, სადავო შესყიდვები, რის გამოც 6 თვეა თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი პატიმრობაში იმყოფება, ზაზა ბროლაძის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდს ემთხვევა.

 გუნთაიშვილიც და ბროლაძეც ე.წ. კაბელების საქმეში მთავარი მოწმეები არიან.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი კორუფციული გარიგების საფუძველზე წაუყენეს. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ კომპანია „სილქნეტმა“ და თავდაცვის სამინისტრომ კოლოსალურ თანხაზე გააფორმეს ხელშეკრულება, როცა „დელტა კომი“ (პროკურატურაში კაბელების საქმე სწორედ „დელტა კომის“ ჩვენების საფუძველზე დაიწყო) იგივე მომსახურებას უფასოდ უწევდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუმცა, ინფორმაცია არ დადასტურდა, როგორც აღმოჩნდა, „დელტა კომი“ შსს-დან რამდენიმე მილიონ ლარს იღებს მომსახურებაში, რაც თავად კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში დაადასტურა.

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ შსს-სა და „დელტა კომს“ შორის და გაფორმებულ ხელშეკრულების გადმოცემას, რათა დაემტკიცებინათ, რომ „სილქნეტის“ მიერ, თავდაცვის სამინისტროსთვის გასაწევი მომსახურება იდენტური იყო იმ მომსახურების, რასაც „დელტა კომი“ უწევდა შსს-ს და ის სულაც არ იყო უფასო. თუმცა ადვოკატებმა სასამართლოს ძალითაც კი, შედეგს ვერ მიაღწიეს. ამდენად საჭირო გახდა სხვა გზების ძიება და ორიოდე თვის წინ დამოუკიდებელი ექსპერტები ავთანდილ გუნთაიშვილი და იური მოდებაძე ხულოში ადვოკატებთან ერთად, „დელტა კომის“ კაბელების ექსპერტიზისთვის გაემგზავრნენ. გუნთაიშვილს საქმის ფინანსური მხარის ექსპერტიზა ევალებოდა, მოდებაძეს - ტექნიკურის. პროცედურებიდან გამომდინარე, გუშინ, ექსპერტებს მათ მიერვე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ხელმოწერით, საბოლოოდ, უნდა დაედასტურებინათ.

მოდებაძემ ექსპერტიზის დასკვნას ხელი გუშინვე მოაწერა, მაგრამ, როგორც „თავისუფალი დემოკრატები“ ამბობენ, გუნთაიშვილი პროკურატურამ „გაიტაცა“ და მთელი ღამე პროკურატურის შენობაში გაატარებინა. როგორც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, ავთანდილ გუნთაიშვილზე მთელი ღამის განმავლობაში ზეწოლა მიმდინარეობდა, „პროკურატურა დაკავებულისგან მოითხოვდა, ხელი არ მოეწერა ექსპერტიზის დასკვნაზე“. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ როდესაც ადვოკატები ექსპერტიზის ბიუროში მივიდნენ, გუნთაიშვილმა ხელმოწერზე უარი განაცხადა.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ გუნთაიშვილმა ექსპერტიზის ბიუროს განცხადებით მიმართა, რომ 12 მარტიდან დაკავდა საჯარო სამსახურში და აღარ აქვს უფლება, ხელი მოაწეროს დასკვნას.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმის სასამართლო პროცესი, რომელიც სამჯერ გადაიდო პროკურატურის მოთხოვნით, 1-ელ აპრილს არის ჩანიშნული. როგორც დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, 6 თვის განმავლობაში, ბრალდებამ საქმეში ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა და ძირითადად, საქმის მასალები ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის საგაზეთო ინტერვიუებზეა აგებული.

აქვე ერთ საინტერესო დეტალზეც ღირს ყურადღების გამახვილება. როგორც for.ge-ს ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა, თავდაცვის სამინისტროში დააბრუნეს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძე, რომელიც თანამდებობიდან იმ მიზეზით გაანთავისუფლეს, რომ მას ყოფილი პოლიტპატიმრები ე.წ. ჯაშუში ფოტოგრაფებისა და „ენვერის“ საქმეების გაყალბებაში და დაკავებულებზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. მედიაში ატეხილი სკანდალის გამო, თავდაცვის მინისტრი იძულებული გახდა ზუმბაძე თანამდებობიდან დაეთხოვა, მაგრამ როგორც ცისკარიშვილი ამბობს, პროკურატურას და თავდაცვის სამინისტროს ზუმბაძე, როგორც „გამოცდილი გამყალბებელი“ ამჟამად, „კაბელების საქმისთვის“ დასჭირდა და სამინისტროში მინისტრის მრჩევლად სასაწრაფოდ დააბრუნეს.

პროკურატურის მცდელობის მიუხედავად, ადვოკატები იმედს არ კარგავენ, რომ სასამართლო პროცესს მოიგებენ. For.ge-თან საუბარში ლევან სამუშია ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გარდა, დაცვას საკმარისზე მეტი მტკიცებულება აქვს, რითაც დაკავებულთა უდანაშაულობა დასტურდება.

„თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დამოუკიდებელი ექსპერტების მუშაობა. დაგვიკავშირდნენ ექსპერტიზის ცენტრიდან, რომ წაგვეღო ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის ოფისში მისულებს კი ასეთი სურათი დაგვხვდა - დასკვანზე ხელი მოწერილი ჰქონდა იური მოდებაძეს, ხოლო რაც შეეხება ავთანდილ გუნთაიშვილს, მან უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. ადამიანს სახე არ ჰქონდა, წაშლილი იყო, ნერვიულობდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, გვითხრა: არავის არ ვუსურვებ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას, ახლა სიკვდილი მირჩევნიაო. სამწუხაროდ, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ჩვენს შორის საუბარი ვერ შედგა. ბუნებრივია, როდესაც ექსპერტი თვეების განმავლობაში მუშაობს და შემდეგ მის ნაშრომზე ხელის მოწერაზე უარს აცხადებს, აქ ყველაფერი ნათელია.

რაც შეეხება მოდებაძეს, როგორც უკვე გითხარით, მან ხელმოწერით დაადასტურა ექსპერტიზის დასკვა, რომელიც იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია. მინდა ვუთხრა დაინტერესებულ პირებს, მათი მცდელობა უშედეგოა, დაცვის მხარე საკამოდ მობილიზებულია. ბრალდების მხარემ კარგად იცის რა აქვთ მათ ხელში და რა გვაქვს ჩვენ. ამიტომაც არიან ასეთ დღეში“, - აცხადებს ლევან სამუშია.

For.ge დაუკავშირდა ექსპერტს, იური მოდებაძ, რომელმაც ჩვენთან საუბარში  განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, საქმეში დაკავებულების ბრალეულობა არ იკვეთება.

„ფინანსურ საკითხებს ჩემი კოლეგა იკვლევდა, რომელმაც სამწუხაროდ, ხელი არ მოაწერა ამ დასკვნას. მე ვიკვლევდი ტექნიკურ მხარეს და შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დასკვნა მაძლევს იმის დაწერის საფუძველს, რომ იმ მომენტისათვის „სილქნეტმა“ უკეთესი ტექნიკური პირობები შესთავაზა თავდაცვის სამინისტროს. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, რაზეც ასევე მიდის დავა, ვერ შევაფასებ, იმიტომ, რომ ამ ნაწილზე მე არ მიმუშავია.

ჩემთვის უცნობია ის მიზეზები, გუნთაიშვილმა რატომ არ მოაწერა ხელი დასკვნას. მითხრეს, რომ მასზე ყოფილა ზეწოლა, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, როდესაც ბათუმში ვიმყოფებოდი და ვიკვლევდი ტექნიკურ მხარეს, ჩემზეც მოხდა ზეწოლა. ახსნა-განმარტების გარეშე წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ღამის 2 საათამდე გამაჩერეს, არავინ არ მიხსნიდა რატომ ვიმყოფებოდი პოლიციაში. ამით დასრულდა ჩემთან მათი კავშირი“, - აცხადებს იური მოდებაძე.

ავთანდილ გუნთაიშვილზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ „თავისუფალი დემოკრატები“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის ინფორმაციით, ავთანდილ გუნთაიშვილმა თავად მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებს მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

„სახეზეა პირდაპირ განხორციელებული ფსიქოლოგიური შეტევა და ზეწოლა ამ ადამიანზე. ავთანდილ გუნთაიშვილი 24-საათიანი ზედამხედველობის ქვეშ ჰყავთ სამართალდამცველებს და ამჟამად იმყოფება ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, რაც სახიფათოა. წუხელ ღამით იგი ჰყავდათ უკანონო პატიმრობაში და მისგან ითხოვდნენ, ხელი არ მოეწერა ექსპერტიზის დასკვნისთვის.

პროკურატურა ხელმოცარულია ე.წ. კაბელების საქმეში და მსგავსი მეთოდებით ცდილობს საქმის ჩამოშლას. ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია პირველ აპრილს, ამიტომ, პროკურატურა ცდილობს, დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტები და მტკიცებულებები შეუსუსტოს“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტის გატაცებასა და მასზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია პროკურატურას. ალასანიას განცხადებით, ექსპერტი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით საექსპერტო დოკუმენტი შეიმუშავა, დღეს სასამართლოსთვის მის წარდგენაზე უარს აცხადებს.

„სავარაუდოდ, ტელევიზიით ჩემი გამოსვლის გამო, პროკურატურამ, შეიძლება ითქვას, გაიტაცა ავთანდილ გუნთაიშვილი და სასწრაფოდ წაიყვანა პროკურატურაში. ეს არის ექსპერტი, ტექნიკოსი, რომელიც ადეკვატურ, სწორ შეფასებებს აძლევდა მოვლენებს და, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე ექსპერტული დოკუმენტი შექმნა. იგი ზეწოლის ქვეშ აიძულეს, უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე. ეს არის პროკურატურის სირცხვილი, ეს არის სირცხვილი ივანიშვილის. დარწმუნებული ვარ, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე, ივანიშვილმა გადადგა ეს ნაბიჯი და მე ამას ასე არ დავტოვებ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატები“ ავთანდილ გუნთაიშვილზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ: „უნდა დადგინდეს, რატომ მოხდა შუაღამით ექსპერტის გატაცება, მისი მიყვანა პროკურატურაში, რის შემდეგაც მან სასამართლოსთვის მის მიერვე მომზადებული საექსპერტო დასკვნის მიცემაზე უარი თქვა“.

დღის ბოლოს პროკურატურამ საგანგებო განცხადებით უარყო ე.წ. „კაბელების საქმის“ ექსპერტის გატაცების ფაქტი. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეში ჩართული ექსპერტის გატაცებისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს ამავე საქმეზე მოახლოებული სასამართლო პროცესის წინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას.