“საქართველომ გარკვეული პროგრესი განიცადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმის შესრულების პროცესში”

“საქართველომ გარკვეული პროგრესი განიცადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმის შესრულების პროცესში”

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ანგარიში რეკომენდაციებთან ერთად  იმ პროგრესს ასახავს, რასაც საქართველომ  2014 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე მიაღწია.

დემოკრატიის მდგრადი განვითარებისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით დოკუმენტში ხაზგასმულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კონსტიტუციური რეფორმა და ამისთვის შექმნილი საკონსტიტუციო კომისია.

ევროკავშირის შეფასებით, პარლამენტის როლი გაძლიერდა და პრეზიდენტის ძალაუფლება შემცირდა. გარდა ამისა, ხაზგასმულია პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც 2014 წლის დეკემბერში დაიწყო.

ანგარიშის მიხედვით, მედიათავისუფლება გაუმჯობესდა,  სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხი კი კვლავ მყიფეა. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლაში გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

„საქართველოს ბიზნესგარემო დღესაც საუკეთესოა რეგიონში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ გადასახადებს საქართველოში ემატება წინსვლა ფართომასშტაბიანი პრივატიზაციისა და სანიმუშო კორპორატიული მართველობის კუთხით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ გაუმჯობესდა მედიაგარემო, მთავარი პროკურატურა მართლმსაჯულების სისტემას აღარ აკონტროლებს და  ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე წარმატებით გადავიდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველომ მიიღო ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

„ციხის სისტემა და ბავშვთა უფლებების დაცვა გაუმჯობესდა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს და სამართალდამცავების მიერ მოქალაქეების შეურაცხყოფის დაუსჯელობის ნაკლებობა კვლავ ნარჩუნდება. საჯარო ადმინისტრირების მთავარი რეფორმები ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მათ შორის პარტიების დაფინანსების საკითხი", - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე დადებითადაა შეფასებული პარლამენტის მუშაობა არასამთავრობო სექტორთან.

"საერთო ჯამში, საქართველომ გარკვეული პროგრესი განიცადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმის შესრულების პროცესში, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების, ასევე ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის საკითხში", - აღნიშნულია ანგარიშში.