გამოძიება ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მტკიცებულების მოკვლევას ასრულებს

გამოძიება ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მტკიცებულების მოკვლევას ასრულებს

გია სოსანაშვილის ადვოკატი გამოძიებისგან მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, რადგან თვლის, რომ ბრალდება არასწორადაა დაკვალიფიცირებული. სოსო ჯოგლიძეს განცხადებით, გამოძიება არა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით, არამედ 108-ე მუხლით უნდა გაგრძელდეს. ადვოკატი განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ საქმეში აღნიშნულ ბრალდებებს არანაირი ადგილი არ აქვს. თუმცა, როგორაც არ უნდა შეიცვალოს კვალიფიკაცია, ჯოგლიძე ამბობს, რომ სოსანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მთავარი პროკურატურა სოსანაშვილის ადვოკატის ბრალდებას, ჯერჯერობით, უკომენტაროდ ტოვებს. თუმცა, არაოფიციალურად აცხადებენ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გია სოსანაშვილს ბრალი უმძიმდება. ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს ვაზაგაშვილის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი, რომლის განცხადებით მტკიცებულება, რომელიც პროკურატურას აქვს, სოსანაშვილისთვის ბრალის დამძიმების შესაძლებლობას იძლევა.

„თუკი ბრალს არ აღიარებს, მაშინ ბრალის გადაკვალიფიცირება რატომ არის მისი მოთხოვნა? გამოდის, ჯოგლიძე თავად აღიარებს, რომ დანაშაული სოსანაშვილის ჩადენილია. მტკიცებულება, რომელიც დღეის მდგომარეობით აქვს გამოძიებას, უტყუარად ადასტურებს იმ კონკრეტულ ფაქტს, რომ სოსანაშვილი ბრალდებულია ვაზაგაშვილის მკვლელობაში.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალის შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ არსებობს. პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრალის დამძიმების საფუძველზე უნდა იმსჯელოს პროკურატურამ და არ არის გამორიცხული, დღის წესრიგში დადგეს ბრალის დამძიმების საკითხი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გაგი მოსიაშვილი.

სოსანაშვილის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ დაზარალებულის ადვოკატებს არ აქვთ უფლება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ვინაიდან ახალი საპროცესო კანონით დაზარალებული მხოლოდ მოწმის უფლებისთ სარგებლობს, მაგრამ ტავის მხრივ, მოსიაშვილიც ირწმუნება, რომ ჯოგლიძის მხრიდან ამგვარი განცხადების გაკეთება არასწორია.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ დაზარალებულის ადვოკატს უფლება აქვს გამოძიებისგან მიიღო ინფორმაცია და გაეცნოს საქმის მასალებს. ერთი მხრივ საზოგადოებას უმარტავენ, რომ მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატს არ მქონია უფლება, რომ საქმის მასალებს გავეცნო და მეორე მხრივ საუბარია კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, შემსუბუქების ნაწილში.

ჩემი კოლეგის მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება არასწორი განცხადება. შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც გამოძიება დაასრულებს მტკიცებულების მოკვლევას, ამის შემდეგომ შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს ბრალის დამძიმების საკითხი“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

მაშ ასე, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში გამოძიება მტკიცებულების მოკვლევას ასრულებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სოსანაშვილის გარდა ბრალი უმძიმდებათ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მაღალჩინოსნებს. არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებამ პრაქტიკულად გამოკვეთა სოსანაშვილისა და ირაკლი ფირცხალავას კავშირიც.

გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს ძმებ ზაზა და მამუკა მელაძეებისა და სოსანაშვილი-ფირცხალავას კავშირზე. მელაძეები წლების განვალობაში ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდნენ. შეგახსენებთ, რომ სწორედ მელაძეების დედის გასვენებაზე იმყოფებოდა იური ვაზაგაშვილი.