ყველაზე მდიდარი პოლიტიკური მოღვაწეების რეიტინგი

ყველაზე მდიდარი პოლიტიკური მოღვაწეების რეიტინგი

ყველაზე მეტი მილიარდერი ამერიკასა და რუსეთშია დაკავებული პოლიტიკით. ამას წინათ ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა ყველაზე მდიდარი პოლიტიკური მოღვაწეების რეიტინგი. გთავაზობთ სიის პირველი ათეულის მონაცემებს:

მაიკლ ბლუმბერგი.

ქონება – 22 მილიარდი დოლარი. ქალაქ ნიუ-იორკის მერი 2002 წლიდან. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის დამაარსებელი და მფლობელი. პოლიტიკაში 1990-იანი წლების ბოლოდანაა. მერის პოსტზე არჩევის შემდეგ დაინიშნა სიმბოლური ხელფასი – 1 დოლარი. ცხოვრობს საკუთარი ბიზნესის შემოსავლების ხარჯზე. მესამე ვადით რომ არჩეულიყო, მისი ინიციატივით, ნიუ-იორკის კანონმდებლობაში ქალაქის საბჭომ ცვლილებები შეიტანა.

მიხეილ პროხოროვი.

ქონება – 13,2 მილიარდი დოლარი. პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი 2012 წლიდან. კერძო საინვესტიციო ფონდის, ჯგუფ „ონეკსიმის“ ხელმძღვანელი. კენჭს იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებში და მესამე ადგილი დაიკავა.

ბიძინა ივანიშვილი.

ქონება – 6,4 მილიარდი დოლარი. იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან. კაპიტალი დააგროვა რუსეთში, დაიწყო ბანკ „რუსეთის კრედიტის“ შექმნით. სანამ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მოღვაწეობას დაიწყებდა, გაყიდა რუსეთის აქტივები და უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი.

სილვიო ბერლუსკონი.

ქონება – 5,9 მილიარდი დოლარი. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. საგამომცემლო ტრესტის – „არნოლდო მონდადორი ედიტორეს“ თანამფლობელი. დაკავებულია სადაზღვევო, სავაჭრო და საინვესტიციო ბიზნესით. 1994 წლიდან, მის მიერვე დაარსებული უმსხვილესი მემარჯვენე პარტიის – „წინ იტალიის“ ლიდერი. სამჯერ მეთაურობდა მინისტრთა კაბინეტს. 2012 წლის 26 ოქტომბერს, გადასახადების გადაუხდელობის გამო, სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა; ჩამოერთვა უფლება, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა სამი წლის განმავლობაში.

ჰენრი როს პერო-უფროსი.

ქონება – 3,5 მილიარდი დოლარი. ორჯერ იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი.  იყო IBM-ის ტოპ-მენეჯერი. დააარსა საკუთარი კომპანია EDS, რომელიც მიჰყიდა General Motors-ს. ამჟამად ფლობს Perot Systems Corporation-ს, რომელსაც მისი ვაჟი მართავს.