„ევრაზიულ კავშირში შესვლა, ეს ხომ არ არის მარტო ეკონომიკა, ეს ნიშნავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და შესაბამისად საქართველოს ოკუპაციის აღიარებას. მიკვირს ამ ხალხის, როგორ შეიძლება ამაზე სერიოზულად საუბარი? თუ შენი ტერიტორიები არ გენაღვლება და ივიწყებ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი შენი ტერიტორიაა, ეს უკვე სხვა საქმეა“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თსუ-ს ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვასილ კაჭარავა, რომლის განცხადებით, საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის წინაშეა.
რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და საფრთხის წინაშე დგას თუ არა ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვასილ კაჭარავას ესაუბრა.
რა ეტაპზეა დღეს ქართულ–ამერიკული ურთიერთობა?
– საკმაოდ აქტიური მოძრაობაა. სულ ახლახანს აშშ–ში ვიზიტად იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ჩამოდიან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები, ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებში აქტიურად არის ჩართული აშშ–ის ელჩი, ბატონი რიჩარდ ნორლანდი. ქართულ–ამერიკული ქარტია, რომელსაც ხელი 2009 წელს მოეწერა, ის დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩარჩოა ქართულ–ამერიკულ ურთიერთობაში. ღრმავდება კავშირები, როგორც უსაფრთხოების, ასევე პოლიტიკურ–ეკონომიკური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით.
თქვენ ახსენეთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, მაგრამ ამ მხრივ არ აქტიურობს მთავრობის მეთაური. სად ჩანს, პოლიტიკური მიმართულებით აქტიური მუშაობა?
– რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე, თუნდაც ვიზიტის დონეზე შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო, რაღაც გააქტიურებულიყო, მაგრამ მეორე მხრივ, უმაღლესი რანგის დიპლომატების მხრიდან მიდის მუშაობა. მარტო ვიზიტში არ არის საქმე. იცით, რომ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები ისმის ამერიკელი სენატორებისგან თუ სახელმწიფო დეპარტამენტისგან, მაგრამ მიუხედავად ამ პრეტენზიებისა, აქტიური მუშაობა მიდის. საქართველოს მთავარი ლობისტი ნატოში გაწევრიანების საკითხში კვლავ არის აშშ და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
რაც შეეხება სენატორების კრიტიკას, არის თუ არა ეს ხელისუფლების შეცდომა, საერთაშორისო საზოგადოებას ვერ მიაწოდა ხელისუფლებამ შესაბამისი მტკიცებულება. მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა, თუკი არის დანაშაული, მაშინ რა უნდა ქნას პროკურატურამ?
– თუ მიაქციეთ ყურადღება, არავინ არ ამბობს, რომ გამოძიება შეწყვიტეთო - მტკიცებულებები იურიდიულად უკეთ უნდა იყოს დასაბუთებული. ამერიკა ჩვენი მთავარი მოკავშირეა, ჩვენი სპონსორია და შესაბამისად, უკეთ უნდა აუხსნას მთავრობამ, რომ კითხვები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით არ იყოს.
პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის გაურკვევლი და ეს არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს საქართველო–ამერიკის ურთიერთობაში არის პრობლემები...
– იმის თქმა, რომ საგარეო პოლიტიკა გაურკვეველია, ალბათ არ იქნებოდა სწორი.უმრავლესობის წევრი, გოგი თოფაძე ამბობს, რომ მას ურჩევნია ევრაზიულ კავშირში შესვლა, მაგრამ ეს არ არის მთავრობის პოზიცია. იცით, ამ ხალხის გამკვირვებია, ევრაზიულ კავშირში შესვლა, ეს ხომ არაა მარტო ეკონომიკა, ეს ნიშნავს საქართველოს ოკუპაციის აღიარებას. კავშირის წევრი რომ გახდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებთან მინიმუმ, დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღადგინო და შესაბამისად, კარგი და მეგობრული ურთიერთობა უნდა გქონდეს.
ჩვენ კი, სანამ ჩვენი მიწები ოკუპირებულია, ლამის, ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. აღარაფერს ვამბობ ამ ბოლო თვეებში ჩვენი ტერიტორიების ფაქტიურ და თითქმის ფორმალურ ანექსიაზე. რაც არ უნდა შეალამაზონ დიპლომატებმა და მას ანექსიის მცდელობა დაარქვან, რუსებმა ფაქტობრივად მიითვისეს ეს მიწები, განსაკუთრებით -ცხინვალი. ამიტომ, მიკვირს ამ ხალხის, როგორ შეიძლება ამაზე სერიოზულად საუბარი?! თუ, შენი თანამემამულეები და ტერიტორიები არ გენაღვლება და ივიწყებ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი შენი ტერიტორიაა? - ეს უკვე, სხვა საქმეა. რაც შეეხება ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას, ვიცით რა ვითარებაა ამერიკაში და როგორი გამოწვევების წინაშეა ამერიკული პოლიტიკა, რადგან სრულდება ობამას მმართველობა, ყველა 2016 წლის არჩევნებზეა ორიენტირებული.
ამიტომაც ნაკლებად იცლიან საქართველოსთვის?
– შეიძლება ეს მომენტიც არის. ხედავთ რაც ხდება მსოფლიოში. იგივე ისლამური სახელმწიფო, ეს არის უზარმაზარი პრობლემა, ასევე, - უკრაინაში მიმდინარე პროცესები, რომელიც 2008 წელს საქართველოში დაწყებული ომის თავისებური გაგრძელებაა. ამიტომაც, საქართველომ უნდა მოაცლევინოს თავის მოკავშირეებს საქართველოს საკითხის წამოწევისთვის. სხვათა შორის პრეზიდენტის სიტყვის მზადების პროცესში მოწვეული ვიყავით, მოისმინეს ჩვენი მოსაზრებები. ალბათ, გაითვალისწინებს პრეზიდენტი გამოთქმულ მოსაზრებას.
ბატონო ვასილ, რა ასპექტებზე გაამახვილებს პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას?
– ჩემი აზრით, არ შეიძლება არც ერთი პრობლემის მიჩუმათება. ყველა პრობლებას თავისი სახელი უნდა დაერქვას. თუნდაც ის ხელშეკრულება, რომელიც გააფორმა რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებთან, ამ მიმართულებით კომპეტენტური იურიდიული, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ყველამ დაინახოს დაუფარავი აგრესიის აქტი. ეს არ ნიშნავს საომარ რიტორიკას. ამის კარგი მაგალითია ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის პირველივე დღეებიდან ნაკლები ემოციებითა და მეტი პროფესიონალიზმით იცავდნენ თავის სახელმწიფო ინტერესებს და დღესაც ასევე იქცევიან.
ჩვენს პოლიტიკაში კი, უფრო ემოცია ჭარბობს ხან ერთი, ხან კი საპირისპირო მიმართულებით, მით უმეტეს, რომ საერთაშორისო სამართალი ჩვენს მხარეს არის. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ძალიან ნეგატიური პროცესებია. ამ ნეგატიურ პროცესებს პროფესიული, აკადემური და საერთაშორისო არენაზე შემტევი პოლიტიკით უნდა ვუპასუხოთ, მათ შორის საქართველოშიც უნდა გაესავას ხაზი - უფრო გამოკვეთილად შეიძლება ამაზე ლაპარაკი.
საერთაშორისო სამართლის დონეზე კონკერტული ნაბიჯების გადადგმა შეცვლის რუსეთის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში?
– დღეს, ალბათ, არა, მაგრამ სამომავლოდ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ქვეყნისთვის, როდესაც დადგება ამ ტერიტორიების დაბრუნების საკითხი. ამას ასევე გაითვალისწინებენ ჩვენი მოკავშირეებიც.
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პოლიტიკა დასავლეთთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად პასიურია, ამის პარალელურად რუსეთის გააქტიურება რამდენად საფრხის შემცველია საქართველოსთვის?
– რასაკვირევლია საფრთხის შემცველია, რუსულ პროპაგანდასთან ერთად გამოჩნდა რუსული ფულიც, გააქტიურდა პრორუსული განწყობილებების ხალხი და ორგანიზაციებიც. ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება რუსული ჯარიც. ამ ფონზე, ჩვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების იმედი უნდა გვქონდეს, კიდევ უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ მათ ინფორმირებაზე, მათთან თანამშრომლობაზე, რომ უფრო აქტიურად დაგვიდგნენ გვერდში. მაგრამ, იგივე, ჩვენი მტერი ხედავს როგორი დაძაბულია ურთიერთობაა თავად ქართველებს შორის. პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებაზე გაცილებით მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე ეროვნული ინტერესების დაცვაზე. აუცილებია შიდა კონსოლიდაცია, რომ იგივე ჩვენმა მოწინააღმდეგემაც და მოყვარემაც დაინახოს, რომ ეს ერი ხედავს ამ საფრთხეებს და შემართულია ამ საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ჩვენი პოლიტიკოსების ძალიან დიდი ნაწილი ისე იქცევა, თითქოს, ყოველივე ეს სხვაგან ხდება და საქართველო არ დგას უდიდესი საფრთხის წინაშე. ისინი ერთმანეთთან კინკლაობას გადაყვნენ. უნდა გვახსოვდეს ეს პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, საქართველოს ეროვნული ინტერესები კი მუდმივი მცნებაა და ვიღაც-ვიღაცეების პირად და არც თუ წესიერ ამბიციებს არ უნდა გადავაყოლოთ. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ თუ იქნება ერთიანობა, ამას რუსეთიც დაინახავს და ამდენს ვერ გაბედავას. სხვათა შორის, ამას ჩვენი მოკავშირეც დაინახავს და უფრო გვენდობა და იმედიანად დაგვიდგება. მინდა გაგახსენოთ, რომ 2013 წელს პარლამენტმა ერთობლივი განცხადება გააკეთა ევროატლანტიკური კურსის შესახებ. ეს იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ–ერთი ნათელი მომენტი. მგონია, ახლაც მსგავსი ნაბიჯებია საჭირო.
საფრთხის წინაშე დგას ევროატლანტიკური არჩევანი?
– რა თქმა უნდა. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ აქტიურად მუშაობენ ძალები ამ არჩევანის წინააღმდეგ. მთავრობამ ეს საფრთხე თუ არ დაინახა, მტრული ძალები კიდევ უფრო გააძლიერებენ მუშაობას, ძალიან დიდი მუშაობა მიდის იმაზე, რომ თითქოს, ქართველებს არ უნდათ ნატოში გაწევრიანება, რომ აგერ ნატოს წევრი ქვეყნები ამბობენ, რომ საქართველოს ვერ მიიღებენ ნატოში და ა.შ.
გასაგებია, რომ ნატოსკენ მიმავალი გზა ხანგრძლივი და რთულია, მაგრამ ეს ალბათ, ყველაზე მისაღები არჩევანია და ყველაზე უფრო უკეთ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ძალიან დაძაბულ რეგიონში იმყოფება. სამწუხაროდ, ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეიტრალური პოლიტიკის გატარების უფლება მოგვცენ უახლოეს მომავალში. ჩვენც ვიცით, რომ დღეს და ხვალ ვერ მიგვიღებენ, მაგრამ აქ თვითონ პროცესზეა საუბარი, რომელიც ქვეყნის პროდასავლურ და დემოკრატიულ არჩევანზე მიუთითებს. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩვენდამი დამოკიდებულება სწორედ ამ ნაბიჯებით განისაზღვრება.