მეტალურგიული ქარხნის ფუნქციონირება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

მეტალურგიული ქარხნის ფუნქციონირება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

2015 წლის 31 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს შპს „რუსთავის ფოლადის“ საქმეს. შპს „რუსთავის ფოლადი“ იმედს გამოთქვამს რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განმხილველი მოსამართლეები მიიღებენ  სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც საშუალებას მოგვცემს დავუბრუნდეთ ნორმალურ სამუშაო რეჟიმს და 2000 ადამიანის სამუშაო ადგილს საფრთხე აღარ შეექმნას.

ჩვენი ეს მოლოდინი გამყარებულია იმითაც, რომ მიუხედავად მოთხოვნის აბსურდოლობისა, რუსთავის ფოლადმა საკუთარი ინიციატივით უკვე განათავსა მოთხოვნილი თანხა - 4553 ლარი და 48 თეთრი სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც მომთხოვნის - ეთერ მთვრალიაშვილის - იურიდიულ ინტერესებს სრულიად დაიცავს.

საზოგადოებას შევახსენებთ რომ 2015 წლის 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის მიერ „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ გამოტანილმა უსაფუძვლო გადაწყვეტილებამ ქარხანას აუკრალა მისი უძრავ მოძრავი ქონების, ასევე მისი ძირითადი ნედლეულის - წიდასაყარის - გამოყენება, რაც ქარხნის ფუნქციონირებას საფრთხის წინაშე აყენებს.

ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო, რუსთავის ფოლადმა, მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 383 თანამშრომელი უვადო აუნაზღაურებად შვებულებაში უკვე გაუშვა. თუ დროულად არ განახლდა წიდასაყარზე წვდომა და მისი დამუშავება, შეიძლება საფრთხე შეექმნას დამატებით 2,000 ადამიანის დასაქმებას მეტალურგიულ ქარხანაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ეფუძნება ვინმე ეთერ მთვრალაშვილის მოთხოვნას, რომელსაც 4 553 ლარი და 48 თეთრი აქვს მისაღები 2019 წელს სს „ქართული ფოლადისგან“.  ამ თანხის უზრუნველყოფის მიზნით მოსამართლე ქოჩიაშვილი კრაძალავს მთელი უძრავ–მოძრავი ქონების გამოყენება-განკარგვას და ამით ფაქტობრივად აჩერებს მეტალურგიული ქარხნის მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ქოჩიაშვილის გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდოს ქარხნის ქონება და ბათილად ცნოს ხელშეკრულება შპს რუსთავის ფოლადსა და სს ქართულ ფოლადს შორის, უკვე შესწავლილი, განხილული და გადაწყვეტილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ორი გადაწყვეტილებით. მაშინაც, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეები მოსამართლე ქოჩიაშვილმა განიხილა და სწორედ მისი გადაწყვეტილებები იქნა გაუქმებული იმ ორივე შემთხვევაშიც.

„რუსთავის ფოლადი“ აქვე განმარტავს, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის ვადები ხელშეკრულებებითაა მოწესრიგებული და ეს ვადები არც ერთ მომენტში არ დარღვეულა. პირიქით, შპს „რუსთავის ფოლადი“ კეთილსინდისიერი გადამხდელია, კომპანიამ ნასყიდობის ფასის გადახდა ვადამდე დაიწყო, “დაფარა სს ქართული ფოლადის“ დავალიანება და კრედიტორთა ნუსხიდან ამოირიცხა 18 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის მოთხოვნათა მფლობელი კრედიტორები“ (2014 წლის 9 სექტემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე N ას-283-265-2014).

ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ნორმალურ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნოთ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რომ დავიცვათ შპს „რუსთავის ფოლადის“ უფლებები და ინტერესები.