მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს დახმარებას სთხოვს. მათ ყოფილი პრემიერის ბიზნესცენტრთან ტრანსპარანტები მიიტანეს, წარწერით, „ბატონო ბიძინა, გვიშველეთ, „ქართუ ჯგუფის“ იურისტი ალა კახნიაური და მისი ნაციონალი მეუღლე რეზო კახნიაური ლახავენ თქვენს სახელს, იყენებენ ყველანაირ კავშირებს, რის გამოც საქმე არ იძვრის არც პროკურატურაში და არც ფინანსურში“.
დაზარალებულთა თქმით, 2011 წლის 13 აპრილს შპს „აგის ჯორჯიას“ (დირექტორი რევაზ კახნიაური) და ამხანაგობა „ნაძალადევი 2008“-ის თავმჯდომარეს შორის დაიდო უკანონო ხელშეკრულება ამხანაგობა - „ნაძალადევი 2008‘‘-ის მშენებლობისთვის რკინის მასალის მიწოდების თაობაზე. შემდგომში, როგორც კახნიაურმა, ასევე, ნოტარიუსმა ნარგიზა მინდიაშვილმა მოახერხეს და ხელშეკრულებაში შეცვალეს თანხის ოდენობაც და აღსრულების წესიც.
როგორც დაზარალებულები ირწმუნებიან, ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილის გამოწერილი უკანონო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მათი ქონება ხელში ჩაიგდეს ალა და რეზო კახნიაურებმა და ამ უკანასკნელის იურისტმა, ლექსო ასპანიძემ.
„ეს ის რეზო ასპანიძე გახლავთ, ვინც შეადგინა ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებები, შემდეგ გადამალა ისინი და ბოლოს თვითონ მოგვევლინა ამ ქონების მესაკუთრედ. ხელშეკრულება დამოწმებული იყო ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილის მიერ“,- აცხადებენ „ნაძალადევი 2008‘‘-ის წევრები For.ge-სთან საუბარში.
ამ კონკრეტული საქმის გამო 2012 წლის 28 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დისციპლინურმა კომისიამ ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხარისხი განსაზღვრა, როგორც განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური გადაცდომა და ზემოაღნიშნულ საქმეში დარღვევების გამო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 12 დეკემბრის N417 ბრძანებით, ნოტარიუსი ნარგიზა მინდიაშვილი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სამსახურში აღდგენის თაობაზე ნარგიზა მინდიაშვილის სარჩელის მიუხედავად, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მას უარი ეთქვა ყველა ინსტანციის სასამართლოში სამსახურში აღდგენის თაობაზე, რასაც დაზარალებულები მათ მიმართ ჩადენილი მძიმე გადაცდომით ხსნიან.
„ამ საქმეს საინტერესო გაგრძელება აქვს. რატომღაც სააღსრულებო ფურცელი კახნიაურების მიერ წარდგენილ იქნა არა თბილისში, არამედ ქუთაისის კერძო აღმასრულებელთან და, საერთო ჯამში, 160 000 ლარად ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონება, ასევე, თბილისში, მდებარე მიწა, ჭყონდიდელის (ყოფილი ხუთწლედის) ქ. N22, ზესტაფონის ქ. N18ა-ში (საკადასტრო კოდი 01.12.12.024.161) და შენობა მიისაკუთრეს ალა და რეზო კახნიაურებმა და მათმა იურისტმა, ლექსო ასპანიძემ. კერძოდ, აუქციონზე გაყიდული ქონება შეიძინა ლექსო ასპანიძემ, რომელიც იმ დროს იყო და დღესაც არის შპს „აგის ჯორჯიას“ იურისტი და იგი თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ამხანაგობის თავმჯდომარესა და შპს „აგის ჯორჯიას“ შორის დადებული ხელშეკრულების ირგვლივ გამართულ ყველა მოლაპარაკებებში. ერთადერთი ინსტანცია, სადაც სიმართლეს მივაღწიეთ, არის სასამართლო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის სამართლიანი გადაწყვეტილებით (თავმჯდომარე ქეთევან კუჭავა), დაკმაყოფილდა ჩვენი, ანუ ამხანაგობის წევრების სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი შპს „აგის ჯორჯიასა“ და ამხანაგობა „ნაძალადევი 2008-ის“ თავმჯდომარეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულება და ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი“,- ასეთია „ნაძალადევი 2008‘‘-ის ამხანაგობის წევრების განმარტება.
ამხანაგობის წევრებისთვის გაუგებარია ისიც, რატომ ვერ იბრუნებენ ქონებას მაშინ, როცა სასამართლოშიც მიაღწიეს სიმართლეს, ყველა გადაწყვეტილებაც მათთვის სასარგებლოა და ყველა ხელშეკრულება თუ ნოტარიუსის სააღსულებო ფურცელიც ბათილად იქნა ცნობილი. ამხანაგობის წევრები ეჭვობენ, რომ ყველგან, პროკურატურაში თუ ფინანსურში, ხელი მიუწვდებათ ალა და რეზო კახნიაურებს და ამიტომაც იბლოკება მათი საქმე. მათი აზრით, კახნიაურები სარგებლობენ იმით, რომ ალა კახნიაური „ქართუ ჯგუფის“ იურისტია და ამ სტატუსს ამოფარებული, თავისი კავშირებით სარგებლობს.
სიმართლის აღდგენამდე დაზარალებულთა ნაწილი ქირით ცხოვრობს, ნაწილი კი მშობლებთან და ნათესავებთანაა შეფარებული.