პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ 21 მარტის აქციას კარდინალური მნიშვნელობა აქვს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მათ ეს დასკვნა უნდა გააკეთონ. ექპერტის თქმით, გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან მართვა საერთოდ მიუღებელია.
რა იყო რეალურად ნაციონალების მოტივი და ვინ იყო 21 მაისის აქციის ადრესატი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ 50 ათასი მხარდამჭერი გამოიყვანეს ქუჩაში, მმართველი კოალიციის გათვლებით დაახლოებით 12 თასი მხარდმაჭერი იყო მობილიზებული. პარტიამ, რომელიც ამბობს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიაა, უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, რატომ ვერ შეძლო მინიმალური აქტივის შეკრება?
– რაოდენობას რაც შეეხება, მკაცრი მეთოდოლოგიით არც ერთ მხარეს არ დაუთვლია, მიუხედავად იმისა, რომ არის მაგის მეთოდოლოგია. 12 მივუმატოთ 50-ს და გავყოთ 2–ზე, გამოგვივა 31. თუმცა, მე მგონია, რომ 31 ათასიც ნამდვილად არ იყო. ზოგიერთი ჩემი კოლეგა თვლის, რომ დაახლოებით 20 ათასი იყო. სივრცე დიდი ჰქონდათ აღებული, მაგრამ ეს რაოდენობას არ ნიშნავს. არ მგონია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამას კარდინალური მნიშვნელობა აქვს და ეს დასკვნა უნდა გააკეთონ ნაციონალებმა, რადგან ეს „პარადი“ უცხოელებისთვის იყო მოწყობილი, რადგან ქართველების დამოკიდებულება კარგად იციან.
აქციას წინ უსწრებდა რეგიონებში ერთვიანი ინტენსიური მუშაობა...
– მითუმეტეს, ლაპარაკია მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზაციაზე. ჩვენ გვინახია და გვახსოვს რა ხდებოდა იპოდრომზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის დაძახებულზე გავიდა ხალხი, იგივე ძმები გია და ლევან გაჩეჩილაძეების აქცია და ბიძინა ივანიშვილის ბოლო მიტინგზე რა რაოდენობის ხალხი გამოვიდა. არც ერთ ამ შემთხვევაში არ იყო რაიონი, ამ დროს კი ხალის რაოდენობა 150 ათასზე მეტს ითვლიდა. 21 მარტის აქციის რაოდენობას თბილისი არ ეტყობოდა, არც სახეებით და არც რაოდენობით.
როდესაც თბილისის აქტიური პოლიტიკური ფიგურები გამოდიან ქუჩაში 150–200 ათასს მარტო თბილისი იძლევა. ასე რომ, ფაქტობრივად, ეს რეგიონების ხარჯზე შექმნილი რაოდენობა იყო. მაგრამ ამ რაოდენობის გამოსვლაც გამიკვირდა, გული დამწყდა, რომ ამდენი ადამიანს, ან უმეცრობა უნდა დავწამოთ და სრული უცოდინრობა იმისა სად ცხოვრობს, ან სინდისთან ცუდი ურთიერთობა. სამწუხაროა ეს რაოდენობაც. უფრო მეტი შეიძლება გამოიყვანონ ახალმა პარტიებმა.
მაგალითად?
– იგივე „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.
ძალა, რომელიც პრორუსულ ძალასთან ასოცირდება შეძლებს ამ რაოდენობის მხარდამჭერების მობილიზებას?
– თვითონ ამბობს, რომ პრორუსული ვარო? „პატრიოტთა ალიანსი“ შეიძლება განვიხილოთ პრორუსულ ძალად, ისევე, როგორც ბურჯანაძის პარტია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც რუსეთს გადასცა სეპარატისტული რეგიონები, რომელმაც ბიზნესი გადასცა რუსეთს, რომელმაც რუსეთის გინებით და მასთან შეურიგებელი ომის ძახილით დააფრთხო ინვესტორები და ამით ადგილი გაუნთავისუფლა რუსულ ბიზნესს, აი ამ პოლიტიკურ ძალაზე არ ვამბობთ, რომ პრორუსულია. პუტინიც რომ ყოფილიყო ქართული პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელი, ის ვერ მოახერხებდა რუსეთისთვის ამდენის გაკეთებას.
უმცირესობის წევრებმა გაახმოვანეს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით პარლამენტში დაიწყება დეპუტატების საჭირო ხმების მოგროვება იმისათვის, რომ დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. შეძლებს ეს ძალა პარლამენტში საჭირო ხმების შეგროვებას?
– ნაციონალები ხშირად ლაპარაკობენ ისე, რომ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს დარწმუნებული არიან თავიანთ სიმართლეში. ამ დროს, თავიანთი ფორმულებით ავსებენ ამ გაუთვიცნობიერებელთა გონებას და მეტი არაფერი. კარგად იციან, რომ მათი არითემტიკის დონეზეც კი, შანსი იმისა, რომ რეალიზაცია გაუკეთონ მათ მიერ წამოყენებულ სამოქმედო გეგმას, ნულის ტოლია, მაგრამ მათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხის გასაგონად გააკეთეს ის ცნობილი განცხადება. ეს ადამიანები დიდად ვერ ადევნებენ თვალს პოლიტიკას და მათთვის ამ ფორმულის შეთავზება უფრო ადვილია.
ძალიან საყურადღებო იყო რამდენიმე გამოსვლა და მით უფრო სააკაშილის მიმართვა, რომ თავი დავანებოთ ერთმანეთის დევნას და შურისძიებას. რეალურად რა მიზანი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“?
– მეტიც, პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ გამოაცხადა, რომ ეკონომიკური ამნისტია უნდა გამოვაცხადოთო. ეს ნიშნავს, რომ უნდა შერჩეთ ყველაფრი რაც დაუშავებიათ. დღეს ნაციონალების მთავარი საზრუნავი არის უსაფრთხოების შენარჩუნება, მაგრამ იმას ხომ ვერ იტყვიან, რომ უსაფრთხოებაზე ვზრუნავთო. სააკაშვილს აწყობს, რომ ძიებამ უკან არ მოიხედოს, იმიტომ, რომ მათ უკან ჩადენილი დანაშაულებებია. მათი მაქსიმალური მიზანიც ეს არის.
მთავრობის მიმართ უკმაყოფილების მიუხედავად მოსახლეობა ქუჩაში არ გამოვიდა, მოსახლეობის ეს პროტესტი ხელისუფლებას თვითტკბობაში ხომ არ ჩააგდებს?
– რაც შეეხება უკმაყოფილებას, პირველივე თვეებში გაჩნდა უკმაყოფილება მთავრობის მიმართ. ამიტომაც გვიხმო ექსპერტები ივანიშვილმა და ყველას კრიტიკული შენიშვნები რომ გვქონდა, სწორედ მაგას გვსაყვედურობდა და მაგას გვეჭიდავებოდა იმ შეხვედრაზე. ამ ფონზე არის კიდევ ერთი ტენდენცია, პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან მართვა საერთოდ მიუღებელია, მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ ნაციონალები იძახიან უნიათო არის ეს ხელისუფლებაო. სწორედ იმიტომაა ეს ხელისუფლება უნიათო, რომ ნაციონალებს ამდენის ლაპარაკის უფლება აქვთ. ამიტომაა პარადოქსი, რომ ისევ ამათგან იღებენ ამ უსიამოვნი ეპითეტს.