„სუფრით დასჯილი „ივერია“

„სუფრით დასჯილი „ივერია“

მომღერალი ნუგზარ კვაშალი ერთ „უჩვეულო“ ამბავს ხშირად იგონებს:

„ერთი ინსპექტორი იყო, რომელზეც ისტორიები დადიოდა. ადგილი ჰქონდა ამოჩემებული და მასთან არც კაცური სიტყვა ჭრიდა და არც ფული. მის ხსენებაზე მძღოლებს კანკალი ეწყებოდათ. მისი სახელი და გვარი კი მქონდა გაგებული, მაგრამ, სახეზე არ ვიცნობდი.

ერთხელ, მოვდივართ „ივერიის“ ბიჭები სამი მანქანით, მაგრად ნაქეიფრები. გავიხედეთ, არ გაგვაჩერა სამივე?! მოგვიახლოვდა, და „ჩესტი“ რომ აგვიღო და სახელი და გვარი გვითხრა, დაგვცხა. მივხვდით, მაგარ შარში გავყავით თავი. ხმას არ ვიღებთ. გვიყურა, გვიყურა და ბოლოს გვითხრა, გადმოდით მანქანებიდანო.

ვიფიქრეთ, მოდი ანსამბლი „ივერია“ ვუხსენოთ და იქნება გაგვიშვასო. ეს რომ ვუთხარით, წარბები შეყარა: მე სახლში ტელევიზორი არ მაქვს და არ ვიცი, რა არის ეგ თქვენი „ივერია“, არ მაინტერესებს, გადმოდით მანქანიდანო.

მივხვდით, არაფერი გაჭრიდა და გადმოვედით. ვდგავართ დამნაშავეებივით. მანქანა გამოიძახა, ჩაგვსხა შიგ და სადღაც წაგვიყვანა. ვიფიქრეთ, რას შვრება ეს კაცი, ნასვამობაზე, ყველას როგორ გვიჭერსო. გავიხედეთ და... მივედით ერთ ადგილას და სუფრა არაა გაშლილი ოცდაათ კაცზე?!

ერთმანეთს გადავხედეთ. გაეცინა იმ ინსპექტორს: მართლა დაიჯერეთ, რომ ვერ გიცანით? მე თქვენთვის სიურპრიზის მოწყობა მინდოდა. ვიცი, ჩემზე ბევრი ცუდი გაქვთ მოსმენილი, ყველასთვის კეთილი და პატიოსანი ხომ ვერ ვიქნები და, ახლა რომ გაქეიფებთ კარგად და „დაგსჯით“ სუფრით, მერე რას იტყვით ჩემზე, მაგასაც გავიგებო“.