„ტაფებით გამართული ქეიფი“

„ტაფებით გამართული ქეიფი“

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ერთ უჩვეულო შემთხვევას არაერთხელ იგონებს:

„თბილისში, იპოდრომზე იყო განთქმული სასადილო. უგემრიელეს საჭმელებს ამზადებდნენ. ერთხელ, ბიჭიკო ჩხეიძემ და ბუხუტი ზაქარიაძემ, რეპეტიციის შემდეგ, საღამოს, მთხოვეს: მოქოქე ჯემალ მანქანა, წავიდეთ სასადილოში, იპოდრომზე და ერთი მაგრად ჩავუქეიფოთო.

მივედით თუ არა, ბიჭიკომ და ბუხუტიმ შეყვეს თავები სამზარეულოს „ფორთოჩკაში“ და მზარეულს უთხრეს: მოგვეცი ერთი ტაფა და ორი ქვაბიო.

გადაირია მზარეული: თქვენ აქ საქეიფოდ მოხვედით თუ ჯამ-ჭურჭლის სანახავად, რად გინდათო? ჩაეცინათ: მოიტა და ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთ, თან სუფრა გაშალეთ, ოღონდ ჭიქები არ დადგათ მაგიდაზეო.

გაშალეს სუფრა და თან ქვაბი და ტაფა მოაყოლეს. ადგა ბუხუტი, ჩაასხა ტაფაში ღვინო, თქვა სადღეგრძელო, დალია და დაჯდა. ადგა ბიჭიკო, ჩაასხა ქვაბში ღვინო, მანაც თქვა სადღეგრძელო, მოიყუდა ქვაბი, გამოცალა და დაჯდა.

მზარეული გადაირია: ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი რამ არსად მინახავს, ეს ქართველები რას არ მოიგონებთ, კაცო, აქამდე ვიცოდი, რომ ქვაბში საჭმელი უნდა გამეკეთებინა და ეს მსახიობები რა უცნაური ვინმეები ხართ, დროზე დაასხით და დალიეთ, სანამ მშიერი დამრჩა სტუმრებიო“.