ბრიტანეთში პროგრესივ როკს ფსიქოდელიური ელფერი ჯაზ როკის მხრითაც მიენიჭა. ეს მოხდა ძალზედ უცნაურად და თითქოსდა შეუმჩნევლად, სადღაც შეპარვით...
ევროპაში ხელოვნების ახლადფეხადგმული ტენდენციები იდეურად მუსიკასაც ერწყმოდა და ამიტომ 1966 წლის ფორმაციის Pink Floyd, მუსიკალურ დადაიზმადაც შეგვიძლია აღვიქვათ.
ევროპული ფსიქოდელიური როკი ამერიკულთან შედარებით, უფრო თავისუფალი აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ პროტესტის გამოხატვით არ იფარგლებოდა და ფრთები გაშალა ფილოსოფიური მიმართულებითაც.
როკ მუსიკაში დაინერგა შუა საუკუნეების ევროპული პოეზია, რის საფუძველზედაც ზოგიერთმა პოეტმა მუსიკოსმა საკუთარი ექსტრავაგანტული ლირიკა ააგო ხშირად გაუგებარი - ბუნდოვანი ტექსტებითა და დაფარული აზრებით.
ჯიმ მორისონის პარიზში ჩასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ახალ ევროპულ ხელოვნებასთან ზიარება იყო ლიტერატურით დაწყებული, მხატვრობით დამთავრებული.
სამწუხაროდ მორისონს ევროპაში იდეების განხორციელება არ დასცალდა, რადგან სულ ახალგაზრდა - 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი პარიზშივეა დაკრძალული „პრესტიჟულ“ სასაფლაოზე, რითაც როკ მუსიკაში სამომავლო სნობიზმის პირველადი შეტყობინება გაისმა...
ევროპული კულტურის მაძიებელი კიდევ ერთი შაირსიტყვათა მესტვირე დევიდ ალენი კი სულ რამდენიმე დღის წინათ, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მორისონზე 50 წლით დიდხანს იცოცხლა და თითქოს ბრიტანული ფსიქოდელიური ხანის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას ბეჭედი დაასვა.
დევიდ ალენი ევროპისკენ ავსტრალიიდან დაიძრა. მან მორისონის მსგავსად, თავდაპირველად პარიზს მიაშურა და სასტუმროში იქირავა ოთახი, სადაც იქამდე ალენ გინსბერგი ცხოვრობდა.
21 წლის მოხეტიალე პოეტი და მუსიკოსი შემდეგ ინგლისში, კერძოდ კი კენტერბერის საგრაფოში - დოვერში გადაბარგდა, 16 წლის რობერტ ვაიატი გაიცნო და ჩამოაყალიბა ჯაზური Daevid Allen Trio, რომლის ძველი ჩანაწერებიც არსებობს, მაგრამ მათი არც ხარისხია დამაკმაყოფილებელი, არც მაინცდამაინც იდეები განსაკუთრებული...
კენტერბერიში ალენი შემთხვევით არ ჩასულა. საქმე ისაა, რომ პროგრესულად მოაზროვნე ინგლისელი ახალგაზრდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად კენტერბერის უნივერსიტეტი იქცა, რომელშიც იკვეთებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სტუდენტობის მისწრაფებები და გატაცებები, რაც ამერიკისგან განსხვავავებით, 90%-ით ჰიპობაში არ გამოიხატებოდა.
ევროპაში ომი 1945 წელს დასრულდა. მამათა და შვილთა ბრძოლა კი იდეურ დონეზე გაგრძელდა მშვიდობიან ატმოსფეროში, რასაც თან ერთვოდა ამერიკანიზაციის ტენდენციები, რაც მუსიკალურ შოუ ბიზნესს აუცილებლად უნდა შეხებოდა.
ელვის პრესლის ანალოგიურად ინგლისში კლიფ რიჩარდი გამოჩნდა, „როლინგებმა“ და „ენიმალსმა“ კი ბლუზის საფუძველზე როკ კულტურას იმთავითვე კოსმოპოლიტურობა შესძინეს.
მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ინგლისელი ახალგაზრდების საკმაოდ ფართო სპექტრი არ იზიარებდა ზოგად ტენდენციებს თვით „ბითლზთან“ დაკავშირებითაც კი, რომლის სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, ლეგენდარულმა ოთხეულმა „ინგლისელობა“ ბოლომდე შეინარჩუნა და ბრიტანეთში არ არსებობს გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნილი როკ ჯგუფი, რომლის სადებიუტო ალბომზე მაინც არ ჰქონოდეს გავლენა ლივერპულური ოთხეულის ხელწერას.
1964 წელს იქმნება კოლექტივი, რომელშიც შევიდნენ კენტერბერული სცენის მომავალი „ვარსკვლავები“ - ჯგუფების Caravan-ისა და Soft Machine-ის მუსიკოსები: ჰიუ ჰოპერი, ზემოთხსენებული რობერტ ვაიატი, რიჩარდ სინკლერი, პაი ჰასტინგსი, დევიდ სინკლერი, რიჩარდ კოგლანი, კევინ აიერსი...
1966 წელს The Wild Flowers დაიშალა და კევინ აიერსთან ერთად, დევიდ ალენმა კენტერბერის სცენის იდუმალების ეპიცენტრი Soft Machine შექმნა.
გარკვეული გეზი ალენსა და აიერსს არ ჰქონიათ, შედეგი გზად დახვდებოდათ, იქამდე კი იდეები ახლად მოწვეულ მუსიკოსებსაც უნდა დაედოთ და საბოლოოდ ისეთი რამ გამოსულიყო, რაც ბრიტანული სცენისათვის აბსოლუტურად უცხო იქნებოდა ვირტუოზული დაკვრისა და უძირო ფსიქოდელიის ფონზე.
ამ შემთხვევაში მელოდიურობა თითქოს უკანა პლანზე უნდა გადასულიყო, რაც იქცა კიდევაც იმის მიზეზად, რომ Soft Machine არასოდეს მოხვედრილა ჩარტებში, მაგრამ მისი დონის გავლენიანობით თითო-ოროლა ბრიტანული ანდერგრაუნდ სცენის წარმომადგენელი თუ დაიკვეხნიდა.
წარსულში The Yardbirds-ის პროდიუსერი გომელსკი, Pink Floyd-თან ერთად Soft Machine-ის ახალგაზრდა - გადარეული მუსიკოსების მართვასაც შეუდგა. არსებობის 13-14 წლის მანძილზე, კოლექტივმა მუსიკოსების განუწყვეტელ ცვლასთან ერთად, საოცარი სტილისტური მეტამორფოზა განიცადა მისივე დაარსებული ფსიქოდელიური ჯაზ როკიდან, Mahavishnu Orchestra-ს ყაიდის ჯაზ როკ ფიუჟენამდე.
ალენი და აიერსი თავიანთი სადა სიგიჟის გამო დიდხანს კოლექტივში ვერ გაძლებდნენ, რადგან მოწვეული კენტერბერელი მუსიკოსები დაკვრის ოსტატობით მათ აღემატებოდნენ და განსაკუთრებულ ყურადღებას ინსტრუმენტულ მხარეს ანიჭებდნენ.
მუსიკოსების ჩანაცვლება თანდათანობით ხდებოდა და 1968 წლის პირველივე სტუდიურ ალბომში ზოგიერთ კომპოზიციაში ჯგუფის მომავალ „ვარსკვლავს“ - ჰიუ ჰოპერს ვხედავთ ბას გიტარაზე. დრამ სექცია აბსოლუტურად თვითმყოფადი რობერტ ვაიატის ხელში აღმოჩნდა, რომელიც იმავდროულად მღეროდა კიდეც, კოლექტივის ლიდერად კი კლავიშებიან ინსტრუმენტებზე შემსრულებელი მაიკ რეტლიჯი იქცა, რომელმაც ჩიკაგოელ ელექტრიკოს ფრედერიკ ლაურეის ორგანს განუმეორებელი კენტერბერული ჟღერადობა მიანიჭა.
მჭაქე, უხეში და აუცილებელად მკვეთრ ფერებში გამოხატული ბგერა განსაკუთრებულ ეფექტს 15-20 წუთიან ფსიქოდელიურ სასცენო იმპროვიზაციებში ჰპოვებდა, რამაც განაპირობა კიდეც ჯგუფის რეპერტუარში ელექტრო (სოლო) გიტარის არარსებობა. ეს კი ჯიმი ჰენდრიქსის ეპოქაში, როდესაც სოკოებივით მრავლდებოდნენ ფენომენალური გიტარისტები და როკ მუსიკა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო გიტარ სოლოების გარეშე, მართლაც რომ თამამი გადაწყვეტილება იყო ახალგაზრდა კენტერბერელი მუსიკოსების მხრიდან.
მეორე ალბომში ჯგუფი ოფიციალურად ტრიოა, მოწვეულმა მუსიკოსმა ბრაიან ჰოპერმა კი საქსოფონით ჯგუფს ჯაზის დოზები შემატა, რაც უფრო თვალნათლივ უკვე კვარტეტად ჩამოყალიბებულმა Soft Machine-ის ოქროს შემადგენლობამ ცხადყო. მესამე ალბომში რეტლიჯთან, ვაიატთან და ჰოპერთან ერთად, საქსოფონისტ ელტონ დინსაც ვხედავთ, რომლის სახელიც ელტონ ჯონმა გამოიყენა ფსევდონიმად...
(გაგრძელება იქნება)