კობა კობალაძემ „რუსთავი 2“-ს სასამართლო მოუგო

კობა კობალაძემ „რუსთავი 2“-ს სასამართლო მოუგო

მუხროვანის ამბოხის ორგანიზებით გასამართლებულმა, კობა კობალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სასამართლო მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიამ შაბათს, საღამოს ეთერში 21 საათიდან 21:30 საათამდე პერიოდში, უნდა გამოაქვეყნოს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით გავრცელებული სიუჟეტის უარყოფა. კობალაძის ადვოკატი, ემზარ პაქსაძე „რუსთავი 2“-ს მოუწოდებს სისრულეში მოიყვანოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

როგორც პაქსაძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანია უახლოეს დღეებში არ აღასრულებს სასამართლო განაჩენს და ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის, კობა კობალაძის პატივისა და ღირსების შელახვისათვის ბოდიშის შემცველ სიუჟეტს არ გაუშვებს სატელევიზიო ეთრეში, ეს შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.

„პატივისა და ღირსების შელახვისთვის ბოდიშის მოხდას კანონი აღარ ითვალისწინებს. შესაბამისად, რუსთავი 2“-ს დაევალა, მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით 2014 წლის 1 თებერვალს გასული სიუჟეტით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა. რაც შეეხება მილიონი ლარის ფულად კომპენსაციას, რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ითხოვდა, იმ არგუმენტით, რომ საზოგადოებას მოსამართლის გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად არ შეეფასებინა, „რუსთავი 2“-ს მხოლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლო განხილვისას მოსარჩელე მხარემ მოსამართლეს „რუსთავი 2“-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც მარტო 2014 წელს ტელეკომპანიის შემოსავალმა 34 მილიონი ლარი შეადგინა. როდესაც ადამიანს, რომელმაც თითქმის ყველა ომი გამოიარა, რომელმაც უამრავი ახლობელი ადამიანი დაკარგა, რუსეთიდან მართულობას აბრალებ, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს“, - აცხადებს ემზარ პაქსაძე.

როგორც ადვოკატი აცხადებს „რუსთავი 2“-ის ეთერით გადაცემული სიუჟეტი თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული და „მოდერილებული ქრონიკის“ ანალოგი იყო.

„სიუჟეტში ნაჩვენები იყო, თითქოს, კობა კობალაძე ამბოხის ერთ-ერთი მეთაურია, რომლის გამოც, ის ციხეში იჯდა 4 წელი და შემდგომ, ახალი ხელისუფლების პირობებში, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. სიუჟეტში გამოყენებული იყო ერთი კადრი, როდესაც ღვალაძე ჩვენებას იძლევა სამხედრო ფორმით, ეს კადრები არ იყო გამოყენებული სასამართლო პროცესზე, როგორც მტკიცებულება.
იგივე კადრები 4 წლის წინ სატელევიზიო ეთერითაც კი არ ყოფილა გაშვებული. საინტერესოა, საიდან გაჩნდა აღნიშნული კადრები „რუსთავი 2-ის“ არქივში? სიუჟეტი თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული, რომელიც მიმართულია კობა კობალაძის წინააღმდეგ. ნათქვამი იყო, რომ კობალაძე, ოთანაძე და ა.შ. რამდენჯერმე იყვნენ სოციალური ამბოხის ორგანიზებაში ეჭვმიტანილნი. სიუჟეტი ისეა აგებული, რომ მხარეებისთვის არ მიუმართავთ და მთლიანად ძველი კადრებითაა გაკეთებული“, - განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

კობა კობალაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-მა კარგად იციოდა, რომ წაყენებულ ბრალდებაში გამართლებული იყო. იმაზე საუბარი, რომ არ იცოდნენ გამამართელებილი განაჩენის შესახებ, ეს არის აბსურდი.

„საკმაოდ რეზონანსული საქმე იყო. ყველამ ყველაფერი იცოდა. არ მჯერა, რომ „რუსთავი 2“-მა არ იცოდა განაჩენის შესახებ, მათი ეს ვერსია არც სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლომ დააკისრა კონკრეტული ქმედება ტელეკომპნია „რუსთავი 2“-ს. პროცესი უკვე არის აღსრულებაში და დაველოდოთ.

„რუსთავი 2“-მა გამოხატა პოზიცია და ადამიანს მიაყენა არა მარტო შეურაცხყოფა, არამედ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია. ეს პირველი არ არის „რუსთავი 2“-ს ისტორიაში. შესაბამისად, უნდა აღასრულონ კანონით დაკისრებული მოვალეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს სხვა ქმედით ღონისძიებებს. ამ პროცესისთვის თავის დანებებას არანაირად არ ვაპირებ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კობა კობალაძე.

სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ.