მინდია ჯანელიძის უწყების პრეს-სამსახურში for.ge-ს განუცხადეს, რომ ვალერი ზუმბაძე მინისტრის მრჩევლად არ დანიშნულა და აღნიშნული ინფორმაცია ჭორია. უწყებაში ასევე, კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების წინააღმდეგ დოკუმენტაციას აყალბებს.
„აღნიშნულ საქმესთან ვალერი ზუმბაძეს არანაირი კავშირი არ აქვს. საქმეს პროკურატურა იძიებს. ვწუხვართ, რომ ზოგიერთი ექსპერტი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
იმას, რასაც თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, ადასტურებენ ამავე უწყების თანამშრომლები, რომელთა ინფორმაციით ვალერი ზუმბაძე ნადვილად დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, მისთვის სამუშაო ოთახიც გამოყოფილია და მუშაობს დოკუმენტაციაზე.
აღნიშნული ინფორმცაია ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად მიაწოდა for.ge-ს, სადაც ადასტურებდა, რომ ვალერი ზუბმაძე თავდაცვის სამინისტროში დააბრუნეს და მინდია ჯანელიძის მრჩევლად დაინიშნა. ინტერვიუში სოსო ცისკარიშვილმა ასევე განაცხადა: „არსებობს ინფორმაცია, რომ ზუმბაძე დაკავებულია თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების წინააღმდეგ დოკუმენტაციის გაყალბებით“.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია დაიკავა თუ არა ზუმბაძემ მინისტრის მრჩევლის თანამდებობა.
„ბატონი სოსო ადასტურებს, თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს, ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი საკითხია. შესაბამისად, ამაზე კომენტარი არასერიოზულია. როგორც ვიცი ამ ადამიანმა მიმართა სამართლადამცავ ორგანოებს, რომ გამოიძიონ მასთან დაკავშირებული საკითხი. მე არც ადვოკატი ვარ, არც პროკურორი და არც მოსამართლე. ჩემი სურვილია, იმ კითხვებზე, რაც აქვს საზოგადოებას ამ ადამიანის მიმართ, დროულად იყოს პასუხი გაცემული, რადგან ეს გარკვეულწილად პოლიტიკურად ვნებს უმრავლესობას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ვალერი ზუმბაძემ თანამდებობა 10 თებერვალს დატოვა. ზუმბაძე მაშინ განმარტავდა, რომ ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ რეალურ საფუძველს მოკლებული ბრალდებები ვრცელდებოდა და ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა. იმას, რასაც შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის მაშინდელი უფროსი ცილისმწამებლურ კამპანიას ეძახის, ე.წ. „ჯაშუშების საქმე“ გახლავთ. ზუბმაძე „ჯაშუში ფოტოგრაფების“ და „ენვერის“ ყოფილი გამომძიებლი იყო. შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის ვალერი ზუმბაძის თავდაცვითი უწყების მაღალ თანამდებობაზე დაბრუნებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია, რომლის განცხადებით, ზუმბაძე ე.წ. ჯაშუშების და სხვა საქმეების გამყალბებელი და ფალსიფიკატორია.
ვალერი ზუმბაძე, ვახტანგ მაისაიას საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით 2009 წლის მაისში დააკავეს. სასამართლომ მას თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მაისაიას საქართველოს პარალამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა. ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა პოლიტოლოგმა სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით 2013 წლის 13 სექტემბერს დატოვა.
„ზუმბაძე ჩემი საქმის გამომძებელი იყო. დაპატიმრებითაც პირადად მან დამაპატიმრა. იგი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ჩემს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და მორალურ წამებაში ღამეული დაკითხვების დროს. რა სამართლიანობაზეა საუბარი, როდესაც ეს ჯალათი სახელმწიფო უწყებაში ბრუნდება და ამას აკეთებენ ჩუმად. მიკვირს, ციხეში რატომ არ ზის ეს ჯალათი, რას ელოდება ხელისუფლება?!
გამოდის, რომ ხელისუფლებამ ვალი იმით მოიხადა ჩვენს წინაშე, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მოგვანიჭა, ციხიდან გამოგვიშვა და სხვა რაც გინდათ გააკეთეთო. ჩვენ ვითხოვთ ჯალათების დასჯას და არა დაწინაურებას. მაშინ, გვითხრას ხელისუფლებამ, რომ დაივიწყეთ სამართლიანობაზე საუბარიო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ვალერი ზუმბაძე ფიგურირებს, ეს არის 2006 წელს ჯაშუშობის და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავებული, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი, სიმონ კილაძე. როგორც ყოფილი პატიმარი ამბობს, მის დაკავებაში და ბრალის წარდგენაში მონაწილეობდა ვალერი ზუმბაძე.
მისივე განცხადებით, ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მითითებით, კონტრდაზვერვის სამსახურის მხრიდან მოხდა მასზე ზეწოლა. იმ შემთხვევაში, თუკი ჯაშუშობას არ აღიარებდა, მის შვილებს ფიზიკური განადგურების საფრთხე შეექმნებოდათ. კილაძე ითხოვს პასუხისგებაში იქნეს მიცემული ყველა ის პირი, ვინც მის მიმართ ბინძური პროვოკაცია მოაწყო.
„ბატონი ზუმბაძე მონაწილეობდა ჩემს უკანონო დაკავებაში. როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ეჭვი ამ ადამიანის შესახებ, ადამიანები ბრალს სდებენ უკანონო მოქმედებებში, მონაწილეობდა ისეთ უკანონო ქმედებებში, როგორიც არის ცილსწამება, რასაკვირველია, ასეთი ადამიანი სახელმწიფო თანამდებობაზე არ უნდა ინიშნებოდეს. ზუმბაძე პირადად ჩემს საქმეში მონაწილეობდა, როდესაც ხელმძღავნელობის უკანონო მითითებას ასრულებდა და უნდა დაფიქრებულიყო რატომ აკეთებდა უკანონობას.
თუ გავიხსენებთ სხვა საქმეებში მის მონაწილეობას, კიდევ უფრო მძიმდება მისი ქმედებები. საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დანაშაულში ეჭვიტანილი ადამიანი თანამდებობაზე არ ინიშნება. მაგრამ ჩვენ საერთაშორისო და დასავლური ფასეულობებისგან ჯერ შორს ვართ. იცით, რომ თავდაცვის მინისტრიც იმავე უწყებიდან არის. ორივე კონტრდაზვერვიდან მოდიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სიმონ კილაძე.
ზუმბაძე ფიგურირებს 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფების დაკავების საქმეშიც. ფოტოგრაფი გია აბდალაძე დღემდე უშედეგოდ ითხოვს მისი სისხლის სამართლის საქმისგან „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას. როგორც აბდალაძე ამბობს, მის საბრალდებო დასკვას ხელს ვალერი ზუმბაძე აწერს.
„მთელი უბედურება ის არის, რომ ამ ქვეყანაში სამართალს ვერ მივაღწიეთ. დღეს გამოდის ზუმბაძე და ამბობს, რომ ეს ადამიანები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ გამოდიან და მაგათ ვუჩივლებო. გვიჩივლოს ბატონო, თუ ჩემს საქმეში არ ფიგურირებს, ბოდიშს მოვუხდი. მაგრამ იმას რას უზამს, როგორც მთავარი გამომძიებელი ისე აწერს ფოტოგრაფების საქმეს ხელს! რა ჯანდაბას უზამს იმ გვერდებს ზუმბაძე?! ყველა ჯაშუშების საქმეში ფიგურირებს ეს კაცი.
მითხარით რა ენაზე ვიყვირო, რა ენაზე გავაგებინო ხელისუფლებას, რომ ზუმბაძეს ჩემს საქმეზე ხელი აქვს მოწერილი. უნდათ ზუმბაძე, ჰყავდეთ ბატონო. მეტიც, შოთა უტიაშვილიც საქმის გაყალბების კარგი მცოდნეა, დანიშნონ, რა პრობლემაა. უკანონობის შემსრულებელი არც ერთ ხელისუფლებას არ გამოადგება. ადამიანს, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფო სტრუქტურაში არ უნდა მუშაობდეს და ჩემნაირი ადამიანებისგან გადახდილი გადასახადით ხელფასს არ უნდა ღებულობდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბდალაძე.