ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციები ისევე ითრევენ გაჭირვებულ მოსახლეობას, როგორც ლომბარდები და, საბოლოო ჯამში, მათ აღატაკებენ. პირობები მეტად მაცდურია, პირველი სესხი უპროცენტოა, კრედიტს სულ რამდენიმე წუთში სახლიდან გაუსვლელად აიღებთ. ცხადია, ასეთ შემოთავაზებას ყველა დათანხმდება. თუმცა, განმეორებით სესხზე პროცენტები საკმაოდ მაღალია, ასევე, ვადაგადაცილებულ დღეზეც მაღალი ჯარიმებია. არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კომერციული ბანკები ახეირებენ კლიენტებს. ისინიც უპრეცედენტოდ მაღალ პროცენტებს ახდევინებენ მსესხებლებს და მათ ხარჯზე მდიდრდებიან. საინტერესოა, რატომ არ კონტროლდება ჩვენში გამეფებული ველური ბიზნესი და რატომ არ აწესებს საპროცენტო განაკვეთებზე შეზღუდვას ეროვნული ბანკი? ამ საკითხებზე For.ge-ს ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა ესაუბრა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება მკვეთრად იზრდება. გასულ წელს მათ 80 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. 2013 წელი 61.967 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, 2012 წლის ბოლოს მათი წმინდა მოგება იყო 49.384 მლნ ლარი. მათი მოგების პარალელურად, კოტრდება მოსახლეობა. ამას ემატება ასე გამრავლებული ონლაინგამსესხებელი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც და წმინდა მოგებაც საერთოდ უკონტროლოა.
- ონლაინგამსესხებლების შემოსავლები სოლიდურია. დიდი ეჭვი არსებობს, რომ ისინი საერთოდ არ იხდიან გადასახადს ან იხდიან მცირე ოდენობით, ანუ აღურიცხავი შემოსავალი აქვთ. რა თქმა უნდა, ამის გამო ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, გააჩნია თუ არა სახელმწიფოს ასეთი ფანტომური წარმონაქმნების საგადასახადო ადმინისტრირების საშუალება და უნარი. რაც შეეხება მათი საქმიანობის ეთიკურ მხარეს, ასეთი ძვირი სამევახშეო სესხების გაცემა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში შეზღუდული და კანონით დასჯადია. მაგალითად, საფრანგეთში სამევახშეო სესხად ითვლება სესხი, რომელიც საერთო საბაზრო პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ან აიძულებს ასეთ გამსესხებელს თავისი სესხის პროცენტი დასწიოს საერთო საბაზრო დონემდე, ან მისი წინააღმდეგობის შემთხვევაში, შეუძლია აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაუხურონ ბიზნესი. გარდა ამისა, ცივილიზებულ ქვეყნებში სესხის გაცემა არ ხდება თვიური საბაზრო განაკვეთით, რადგან ეს მომხმარებელთა მოტყუების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ ყველა გამსესხებელი აუცილებლად აწესებს წლიურ საპროცენტო განაკვეთს (თუნდაც ერთთვიან ან ორკვირიან სესხზე) და, როცა მსესხებელი დაინახავს, რომ, სინამდვილეში, ის 7 ან15 %-ს კი არ იხდის, არამედ იხდის წლიურ 2 ათას და 3 ათას პროცენტს ამ ორკვირიან და ერთთვიან სესხში, მერწმუნეთ, ამ სესხის ამღები ძალიან ცოტა თუ დარჩება. ფაქტობრივად, ხდება მოსახლეობის მოტყუება და შეცდომაში შეყვანა.
რატომ არის ველური ბაზარი საქართველოში წახალისებული?
- რადგან არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები.
ვინ უნდა მოახდინოს რეგულირება? ეროვნულმა ბანკმა?
- ეროვნული ბანკი, როგორც ფინანსური სტაბილურობის გარანტი, რასაც ძალზე ხშირად იმეორებს, ვალდებულია, შეიმუშავოს სპეციალური კანონმდებლობა ან ნორმატიული აქტები და წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად, ანუ აიღოს თავისი ზედამხედველობის ქვეშ ველური საფინანსო ბაზარი და მოაწესრიგოს იგი. ეს აუცილებელია. უფრო მეტიც, ამ ველურ საფინანსო ბაზარს კვებავს კომერციული ბანკების სესხები. ამ მხრივაც შეუძლია ეროვნულ ბანკს კომერციულ ბანკებს შეზღუდვა დაუწესოს. საქართველოსთვის ონლაინგამსესხებლებს არ მოაქვთ არანაირი სიკეთე, პირიქით, ისინი დამატებითი ფინანსური ხარჯის წყაროა მოსახლეობისთვის, ისინი კი არ წყვეტენ მოსახლეობის ფინანსურ პრობლემებს, არამედ კიდევ მეტად აღრმავებენ. ეს აუცილებლად ხელისუფლების ზრუნვის საგანია.
რა განსხვავებაა ონლაინგამსესხებლებსა და მიკროსაფინანსოებს შორის ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით?
- მიკროსაფინანსოები ლიცენზირდებიან ეროვნული ბანკის მიერ. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ეროვნული ბანკის წინაშე და, მართალია, ისინი არ რეგულირდებიან, მაგრამ მათ შესახებ არსებობს სპეციალური კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ და ისინი გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში არიან მოქცულნი, განსხვავებით, ლომბარდებისგან, განსხვავებით, მევახშეებისგან (რომლებსაც კერძო იპოთეკარებს უწოდებენ) და, განსხვავებით, ფანტომური ონლაინგამსესხებლებისგან. ამას სჭირდება სასწრაფო და საკმაოდ მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება.
თუმცა მოსახლეობისთვის შეღავათია, რომ ონლაინგამსესხებლებთან პირველი სესხი უფასოა, მაგრამ მეორე და დანარჩენი სესხები საჯარიმო გადაცილებულ დღეზე დიდ ჯარიმას გულისხმობს. თუკი მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი 26-დან 55%-მდე მერყეობს, მაშინ რამდენად კოლოსალურ მოგებას ნახულობენ ონლაინგამსესხებელები ჩვეულებრივი მსესხებლის ხარჯზე?
- რაც შეეხება პირველ უფასო სესხს, ეს ძალიან წააგავს პირის ნარკომანიაში ჩათრევის მცდელობას და პირველი დოზის უფასოდ მიცემას, ან კაზინოში პირველი ფსონის უკან დაბრუნებას. როდესაც რაღაცას უფასოდ გთავაზობენ, უკვე უნდა დაფიქრდე იმაზე, რაში გითრევენ. სამწუხაროდ, ამ ონლაინსესხებზე უამრავი ადამიანია დამოკიდებული, ისინი ვერც კი გრძნობენ, რომ ხელფასიდან ხელფასამდე ბევრად მეტს იხდიან. ფაქტობრივად, ონლაინსესხი ისე აკოტრებს ადამიანს, რომ ადამიანი ამას ვერ გრძნობს პირველი გამოცდილებით, შემდგომ კი ეს უკვე საგრძნობი ხდება.
თუკი რეალურია, რომ ერთ წელიწადში მიკროსაფინანსოებმა 80 მილიონის წმინდა მოგება მიიღეს, მაშინ ონლაინგამსესხებლების მოგება, სავარაუდოდ, როგორ განისაზღვრება?
- ძალიან რთულია ამ ბაზრის აღრიცხვა, აღრიცხვიანობა არ არსებობს, შეუძლებელია, ფანტომური ფირმის საბუთების შემოწმება, არც ის ვიცით, ბუღალტერიას ქაღალდზე აწარმოებენ თუ არა. ანუ ეს ელექტრონული გარიგებები სად მიდის, როგორ აღირიცხება, კაცმა არ იცის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვალ რომ ყველა ონლაინგამსესხებელი აორთქლდეს და უკან არ ამოიღოს უკვე გაცემული სესხები, ისინი მაინც ძალიან დიდ მოგებაში დარჩებიან და ვერც იგრძნობენ, თუ რამე ჰქონიათ გასესხებული, ისე სწრაფად და მსუყედ იღებენ მოგებას.
სესხის სანაცვლოდ, ონლაინგამსესხებლები არ ითხოვენ ქონებით უზრუნველყოფას. ამის მიუხედავად, ქონების დაყადაღება მაინც ხდება?
- არა, თუ არ არსებობს ოფიციალური ხელშეკრულება გამსესხებელსა და მსესხებელს შორის და, თუ სესხის მიცემა განხორციელდა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებით, არავითარი იურიდიული ძალა ასეთ შეთანხმებას არ გააჩნია. ქონების დაყადაღება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს წესით. მე არ ვიცი შემთხვევა, რომელიმე ონლაინგამსესხებელს მიემართოს სასამართლოსთვის. თუ მიმართა სასამართლოს, მისთვის უარესი, რადგან მსესხებელს შეუძლია, მთლიანად ამოუტრიალოს მას თავისი საქმიანობის ფინანსური მხარე და იქით დააკისროს პასუხისმგებლობა კანონის წინაშე.
თუკი ქონებით უზრუნველყოფა არ არსებობს, მაშინ მსესხებელი არც დაუბრუნებს ონლაინგამსესხებელს სესხს. ასეთ შემთხვევაში, რა მოგებას ნახავს ონლაინგამსესხებელი?
- ადამიანი თავისი ბუნებით არ არის გარყვნილი. ადამიანების მეტი წილი პატიოსანია. კრიმინალები, უსინდისო ადამიანები საზოგადოებაში არაუმეტეს 5-10%-ია. ამიტომ, აპრიორი, როდესაც იღებს კაცი სესხს, ყოველთვის ფიქრობს, რომ მას დააბრუნებს. ეტყობა, ამ ფსიქოლოგიაში ონლაინგამსესხებლები კარგად ერკვევიან, კრიმინალისტიკას მათ ასწავლიან.
ბევრი მსესხებელი ჩვეულებრივი ავტორიტეტული ბანკების მიმართაც უკმაყოფილებას გამოთქვამს. მაგალითად, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებაში კრედიტის წლიურ საპროცენტო განაკვეთად ფიქსირდება 36%. რამდენად მაღალია ეს საპროცენტო მაჩვენებელი ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანაში? ამასთან, რას ნიშნავს ეფექტურ საპროცენტო განაკვეთად მითითებული 69%?
- საქართველოს ეროვნული ბანკი ითვლის საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთს და კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთს. შარშან საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 19-20%-ის ფარგლებში იყო. ამიტომ მასზე უფრო მეტის მოთხოვნა (36%, 69% და 210%) ეს უკვე მევახშეობაა. სამევახშეო საქმიანობა, პირველ რიგში, არ ეკადრებათ კომერციულ ბანკებს, რომელთაც თავი მოაქვთ საფინანსო ინსტიტუტის და მთელი ქვეყნის ეკონომიკის ღერძად. სამევახშეო საქმიანობა დაბალგანვითარებული, არაცივილიზებული საფინანსო სისტემების დაავადებაა, რომელიც აუცილებლად უნდა განიკურნოს.
ანუ ადამიანმა მაშინვე, მცირე ვადაში უნდა დაფაროს ე.წ. 0 %-იანი სესხი, სანამ ის წლიურ 36%-იან სესხად არ გადაიქცევა?
- ყველას ვურჩევ, საკრედიტო ბარათის ნაცვლად, პირდაპირი სესხი გამოიტანოს, რომელზეც იციან, რას გადაიხდიან და როდის დაფარავენ. საკრედიტო ბარათი ისეთივე სატყუარაა, როგორც ონლაინსესხები და მისი მართვა დაბალი შემოსავლის პირობებში ძალიან რთულია. რაც შეეხება ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ეს ნიშნავს სესხის საპროცენტო განაკვეთზე დამატებულ ყველა თანმდევ ხარჯს. ანუ თანმდევი ხარჯია სიცოცხლის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ქონების შეფასება, სესხის დამტკიცების, სესხის გაცემის საკომისიო, ათასგვარი სხვა სახის საკომისიოები და სხვა სახის ხარჯები, რომელსაც ითხოვს კომერციული ბანკი სესხის გასაცემად. ეს ყველა ხარჯი ერთად შეკრებილი და გამოთვლილია სპეციალური ფორმულით, რომელიც ეროვნულ ბანკს უდევს საიტზე. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ სამომხმარებლო სესხისთვის რეალურ საპროცენტო განაკვეთსა და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობა მინიმალურია (ანუ საუბარია პროცენტის მეათედებზე), ბიზნესსესხების და იპოთეკური სესხების შემთხვევაში, სხვაობა უკვე მნიშვნელოვანია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, სასესხო ხელშეკრულებაში აუცილებლად მიუთითონ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ეს მათი მოვალეობაა. თუ ამის გარეშე დაიდო ხელშეკრულება, მისი ბათილად ცნობა შეიძლება.
ზოგადად, საკრედიტო ბარათის სახელშეკრულებო პირობები იმდენად ჩახლართული და უცნაურია, რომ მას სჭირდება ფინანსური განათლების მქონე იურისტის აყვანა. როდესაც ადამიანი კარგად არ არის ჩახედული ხელშეკრულების პირობებში, ყოველთვის არსებობს ალბათობა, დაარღვიოს პირობები, დავუშვათ, დროზე არ გადარიცხოს თანხა, ან ვერ გაიგოს სრულად, რამდენი უნდა ჩარიცხოს თანხა და ეს თანხა დააკლოს. ასეთ შემთხვევაში, ბანკის მიერ ყოველთვის გათვალისწინებულია უზარმაზარი ჯარიმები, რომლებიც საკრედიტო ბარათით მომსახურების ღირებულებას შემდგომში უკვე ბერავენ. ბუნებრივია, იზრდება საპროცენტო განაკვეთი. ამიტომ ჩემი რჩევაა, თუ ადამიანი დაბალშემოსავლიანია ან შემოსავლის წყარო არ აქვს მუდმივი, საკრედიტო ბარათის ქონა საკმაოდ დიდი ფინანსური რისკის შემცველია.